წმიდანი ორნი ბევრნი მოწამენი. IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-311) ბრძანა, ქრისტიანული ტაძრები დაერღვიათ, საღვთისმსახურო წიგნები დაეწვათ და ყველა ქრისტიანისთვის სამოქალაქო უფლებები და თანამდებობები ჩამოერთვათ. ამ დროს ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო ნეტარი კირილე, რომელიც თავისი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით დიდად უწყობდა ხელს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას: მისი გავლენით იმპერატორის ბევრი წარჩინებული კარისკაცი ფარულად შეუდგა ქრისტეს.
საიმპერატორო სასახლეში ცხოვრობდა წარმართი ქურუმი ქალი დომნა. მაქსიმიანეს არყოფნაში მან წაიკითხა „საქმე მოციქულთა“, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ქრისტიანული სწავლების ღრმად გაცნობის სურვილი აღეძრა. ერთი ქრისტიანი ქალწულის დახმარებით დომნა ფარულად მივიდა ეპისკოპოს კირილესთან. თან ერთგული მსახური, საჭურისი ინდისე ახლდა. კირილემ ორივენი კათაკმევლებად დაადგინა, შემდეგ კი მონათლა. დომნამ გლახაკთა მოვლა-პატრონობას მიჰყო ხელი: ინდისეს მეშვეობით თავისი ძვირფასეულობები მოწყალებად გასცა და სამეფო ტრაპეზიდან საჭმელსაც არიგებდა. დომნასა და ინდისეს უჩვეულო ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, სამეფო ტრაპეზის გამგებელმა - საჭურისთა თავმა საპყრობილეში გამოამწყვდია ისინი. წარმართებს შორის რომ არ ეცხოვრა, წმიდა დომნამ თავი მოიგიჟიანა. მაშინ იგი ინდისესთან ერთად სამეფო სასახლიდან გააძევეს. ნეტარი დომნა დედათა მონასტერში დამკვიდრდა, იღუმენია აღათიასთან, მაგრამ მალე იღუმენიას კურთხევით, მამაკაცურად ჩაცმულმა დატოვა სავანე.
ამასობაში იმპერატორი დაბრუნდა და მეომრები დაგზავნა ყოფილი ქურუმის საძებნელად. მხედრებმა აღათიას სავანესაც მიაღწიეს და დაარბიეს იგი. დები საპყრობილეში გამოამწყვდიეს საწამებლად და ნამუსის ასახდელად, მაგრამ ზეციურმა მხედრობამ უვნებლად გამოიყვანა ისინი. ერთხელ იმპერატორმა ქალაქის მოედანზე წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო. როცა ხალხისთვის ნაკერპავი სისხლის სხურება დაიწყეს, ქრისტიანები ბრბოს განერიდნენ და მოედანი დატოვეს. ამის დანახვაზე იმპერატორი განრისხდა, მაგრამ, უეცრად დაწყებული მიწისძვრით დამფრთხალმა, გრძნობები მოთოკა. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანე ტაძარში შევიდა და იქ მყოფებს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. ურჩობის შემთხვევაში იგი ტაძრის დანგრევითა და ქრისტიანთა ამოჟლეტით იმუქრებოდა. ხუცესმა გლიკერიოსმა უღმრთო ხელისუფალს უპასუხა, რომ ქრისტიანებს ვერანაირი სატანჯველის შიშით ვერ აიძულებდა თავიანთი სარწმუნოებისგან განდგომას. განრისხებული მეფე მდუმარედ გავიდა ტაძრიდან, მაგრამ რამდენიმე ხანში ხუცესი გლიკერიოსის სამსჯავროზე მოყვანა ბრძანა. ჯალათებმა საშინლად აწამეს წმიდანი. როცა მაქსიმიანე დარწმუნდა, რომ გლიკერიოსის მოდრეკაზე ფიქრიც კი ამაო იყო, მისი დაწვა ბრძანა.
302 წელს ქრისტეშობის დღესასწაულზე ნიკომიდიის საკათედრო ტაძართან ოცი ათასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. იმპერატორმა მათთან გაგზავნა მაცნე, რომელიც შეკრებილებს დაემუქრა: თუ ტაძარს არ დატოვებთ და კერპებს მსხვერპლს არ შესწირავთ, ტაძარშივე გამოიწვებითო. ამის მიუხედავად ყველა მორწმუნემ უარი განაცხადა ცრუღვთაებების თაყვანისცემაზე. სანამ ჯალათები საყდრის დასაწვავად ემზადებოდნენ, ეპისკოპოსმა ანთიმოზმა (ხს. 3 სექტემბერს), რომელიც ღვთისმსახურებას აღასრულებდა, ყველა კათაკმეველი მონათლა და აზიარა. ოცი ათასივე მლოცველი ცეცხლში აღესრულა. მათ შორის იყვნენ იღუმენია აღათია და წმიდა თეოფილაც. ეპისკოპოსმა ანთიმოზმა მოახერხა, გადამალულიყო.
მაქსიმიანე თვლიდა, რომ ნიკომიდიელი ქრისტიანები სრულიად ამოჟლიტა, მაგრამ მალე შეიტყო, რომ ისინი კიდევ ბევრნი იყვნენ, უწინდებურად აღიარებდნენ სარწმუნოებას და თავი ქრისტესთვის სასიკვდილოდ ჰქონდათ გადადებული. იმპერატორმა მათთან ანგარიშის გასწორება განიზრახა. მისი ბრძანებით შეიპყრეს მხედართმთავარი ზენონი, რომელმაც საჯაროდ ამხილა მეფის უსჯულოება და სისასტიკე, დაუნდობლად გვემეს იგი და, ბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის საჭურისი ინდისეც საპყრობილეში ჩააგდეს.
ამასობაში წმიდა დომნა გამოქვაბულში იმყოფებოდა მკაცრი მარხვითა და დაუდუმებელი ლოცვით. ქრისტიანთა დევნა გრძელდებოდა. დააპატიმრეს იტალიის გამგებელი დოროთე, მარდონი, დიაკონი მიგდონი და რამდენიმე დიდებული. ეპისკოპოსი ანთიმოზი წერილებით განამტკიცებდა პყრობილებს. დიაკონი თეოფილე მისი ერთ-ერთი ეპისტოლითურთ შეიპყრეს და იმ იმედით, რომ ეპისკოპოსის ადგილსამყოფელს დააცდევინებდნენ, საშინლად აწამეს. თეოფილემ დაითმინა სატანჯველები და არაფერი გაამხილა. მაშინ იგი სიკვდილით დასაჯეს. თეოფილესთან ერთად წამებით ამოხადეს სული იმათაც, ვისადმიც იყო მიმართული ეპისკოპოსის ეპისტოლე.
როცა წმიდა დომნა ქალაქში დაბრუნდა, ნახანძრალზე დიდხანს ტიროდა - წუხდა, რომ თავის დებთან ერთად სიკვდილის ღირსი ვერ შეიქნა. შემდეგ მან ზღვის ნაპირს მიაშურა. ამ დროს მეთევზეებმა ნაპირზე ბადეებით გამოათრიეს წმიდა მოწამეების: ინდისეს, გორგონისა და პეტრეს ცხედრები. მათ მამაკაცურად ჩაცმული დომნაც ეხმარებოდა. მეთევზეებმა წმიდა ცხედრები ნეტარ დედას დაუტოვეს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით თავისი სულიერი მეგობრის - მოწამე ინდისეს ნეშტის ხილვამ გაახარა. იგი დაკრძალვის შემდეგაც არ შორდებოდა ძვირფას საფლავებს და ყოველდღე უკმევდა. როცა იმპერატორს მოუთხრეს უცნობი ყმაწვილის შესახებ, რომელიც სიკვდილით დასჯილ ქრისტიანთა სამარეებს პატივს მიაგებდა, უღმრთო ხელისუფალმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. დომნასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს წმიდა მოწამე ექვთიმეც.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.