წმიდა დიდმოწამე ბარბარე

უსჯულო კეისარ მაქსიმიანე გალერუსის (რომის კეისარი 295 წლიდან, იმპერატორი 305-311 წლებში, იმპერატორ დიოკლეტიანეს სიძე.) დროს იმპერიაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა. ღმრთისმოძულე ხელისუფალმა ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები.

ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში (სირიის ტერიტორია) ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იგი წარმართი იყო და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი (გოდოლი) ააგო, გოგონა შიგ ჩაკეტა და ერთგული მსახურები და მოახლეები მიუჩინა.

კოშკში დამწყვდეული ბარბარე შვებას მხოლოდ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. იგი გრძნობდა, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებოდა სიბრძნით, სიკეთით, და სათნოებით. ღმრთის წყალობით ქალწულს სურვილი გაუჩნდა ჭეშმარიტების პოვნისა და სურდა შეეცნო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა, და თუმცა გვერდით არ ჰყავდა ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა ყოფილიყო ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ, რადგან თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17,27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ერთხელ, როცა მისი არსება შემოქმედის ხილვის სურვილმა მოიცვა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.

ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - უფლის სიყვარული, და არ ფიქრობდა მიწიერ კეთილდღეობაზე, მაგრამ დიოსკორეს ძალიან უნდოდა ქალიშვილის გათხოვება; ამასობაში, წმინდა ბარბარეს მშვენიერების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა და უამრავი ჭაბუკი გამოჩნდა მისი ხელისა და გულის მაძიებელი. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი, რაზეც წმინდანმა მკაცრად მიუგო, რომ ის გათხოვებას არ აპირებდა და მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი. ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. წმინდანმა აბანოს მარმარილოთი მოპირკეთებულ შესასვლელში თითით ჯვარი გამოსახა, ქვის საფეხურზე კი მისის ტერფის ანაბეჭდი ამოიკვეთა, საიდანაც წყარომ ამოხეთქა და შემდგომში უკვე მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა. დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა - მზისა და მთვარის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამებისა, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან დიოსკორესი ეშინოდათ. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“. რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მესამე სარკმლის გაჭრის მიზეზი. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს. დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. წმინდა ბარბარემ აღიარა მამასთან ჭეშმარიტი სარწმუნოება და შეეცადა დიოსკორეც მოექცია.: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა. გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად. ...მე მნებავს მოქცევა? შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა, ესე სამნი არიან მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ“. დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილს მოსაკლავად გამოეკიდა. ბარბარემ გაქცევა მოასწრო და ქალაქის უახლოეს მთებს შეაფარა თავი. გაქცეულ ბარბარეს, მამაც ფეხდაფეხ მიყვებოდა. ქალწული დიდ მთას მიადგა და რადგან გასაქცევიც არსად ჰქონდა, ილოცა და ღმერთს თავშესაფარი სთხოვა. მოულოდნელად მთა გაიპო და წმინდა ბარბარემაც გამოქვაბულს შეაფარა თავი. დიოსკორე ვერც კი მიხვდა სად გაუჩინარდა მისი ქალიშვილი და დახმარება იქვე მყოფ ორ მწყემსს სთხოვა. ერთი მწყემსი ძალიან კეთილი იყო და არ გასცა ყმაწვილი ქალი, ხოლო მეორემ მდუმარედ უჩვენა გამოქვაბული, რის გამოც უფალმა მყის დასაჯა ბოროტი მწყემსი და ქვის სვეტად აქცია.

დიოსკორე გამოქვაბულში შევარდა და დაუნდობლად ცემა ბარბარე, შემდეგ თმით დაითრია და ქვიან გზაზე თრევით წამოიყვანა, დასისხლიანებული ქალწული ბნელ ოთახში ჩაკეტა და აშიმშილებდა. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და სიკვდილს იმსახურებდა.

მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, შეწევნა ღმერთს შესთხოვა. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა. ბარბარემ კი მიუგო მას: „არა გიცნობიესა, უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“, რადგან თქვენს ღმერთებს ვერცხლისა და ოქროსაგან თვით ადამიანები აკეთებენ. მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, და ბრძანა მისი სასტიკად წამება. ტყავის შოლტებით გვემულ ყრმა მოწამეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი, მაგრამ ყველანაირ წამებას ქრისტესთვის სიცარულით ითმენდა. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს ბნელ საპყრობილეში და მცველები დაუყენეს. დაუძლურებული ბარბარე მხურვალედ ლოცულობდა „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დანიტევებ მე“. შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასქ დღესასწაული შენი, ხოლო შენ ნუ შეძრწუნდები უსჯულოჲსა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“.

ჯანმრთელი და უვნებელი ბარბარე სიხარულით აღივსო, ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწულის საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მსახურები მის წამოსაყვანად მივიდნენ და ნახეს, რომ იგი ფეხზე დგას და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა სასამართლოზე თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე, ხოლო ხალხი განცვიფრდა მისი მზესავით გაბრწყინვებული სახის ხილვისას. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს. ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმაჲ და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“.

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რადგან არ არის სხუა ღმერთი მის გარდა“. მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური საუკუნო ცხოვრება.

მაშინ გამძვინვარებულმა მარკიანემ კვლავ ბრძანა მისი წამება, მაგრამ ხალხის უზარმაზარი ბრბო მშვიდად ადევნებდა თვალს ამ უმსგავსობას და არ ეწინააღმდეგებოდა. მხოლოდ ერთი, კეთილმსახური დედაკაცი, სახელად იულიანა, რომელიც ხედავდა წმინდა ბარბარეს სასტიკ წამებას, წუხდა და მწარედ ტიროდა. იგი მივიდა მმართველთან და უსამართლობასა და სისასტიკეში დასდო ბრალი. განრისხებულმა მარკიანემ ჰკითხა, თუ რომელ სარწმუნოებას აღიუარებდა. მე ქრისტიანი ვარ - უშიშრად უპასუხა წმინდა იულიანამ. მაშინ მარკიანემ ბრძანა მისი წმინდა ბარბარესთან ერთად წამება.

გულმოწყალე უფალმა განამტკიცა თავის წმინდა მოწამენი და მათაც სიხარულით დაითმინეს სასტიკი სატანჯველნი,

იხილა რა მათი ვაჟკაცური მჴნეობა და მოთმინება, მარკიანე მეტად განრისხდა და ბრძანა წმინდა იულიანას ბნელ დილეგში ჩაგდება, ხოლო წმინდა ბარბარეს გაშიშვლება და ქალაქში ასე ჩამოტარება. მაგრამ უფალმა არ დაუშვა თავის წმიდა სასძლოს შერცხვენა და წარმოგზავნა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა დიდმოწამის სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა. მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო წმინდა მოწამეებს, და შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე. მან წმინდა იულიანას თავის მოკვეთა ერთ-ერთ მეომარს დაავალა, ხოლო წმინდა ბარბარეს დასასჯელად კი მამამისი დიოსკორე გამოიძახა და უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და მისთვის თავი მოეკვეთა.

წაიყვანა დიოსკორემ თავისი მხოლოდშობილი ასული და როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და ღირს მყავ წამებისა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. უფალო, მოხედე სიმდაბლესა ჩემსა და მადლი მიეცი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა, ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და მე გამიხსენოს ან მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი, და იხსენ ბოროტისა სნეულებისა და უეცარი, უზიარებელი სიკვდილისაგან. როგორც კი ლოცვა დაასრულა, ზეციდან ხმა გაისმა, რომელიც წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ჰპირდებოდა თხოვნის შესრულებას - „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიანას თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“. ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰოჲ, უღმერთოო“. დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. დიოსკორემ და მარკიანემ კი მალევე მიიღეს მართლმსაჯული უფლისაგან კუთვნილი სასჯელი - მეხის დარტყმით დაიწვნენ.

305 - 311 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანეს დროს წამებულ ბარბარეს წმინდა ნეშტი თავდაპირველად ღმრთისმოსავმა ვალენტიანემ დაკრძალა ქალაქ ილიოპოლისში შესაფერისი პატივით და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო. VI ს-ში წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის (1081-1118) ქალიშვილმა - ბარბარემ კიევის დიდ მთავართან სვიატოპოლკ II იზიასლავოვიჩთან (წმინდა ნათლისღებით მიხეილი - მიქაელ სვიატოპოლი) ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. 1108 წელს კნიაზი სვიატოსლავ იზიასლავოვიჩის მიერ ყოფილი დმიტრიევსკის მონასტრის ადგილას წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი დაფუძნდა, ხოლო 1108-13 წლებში აშენდა ოქროს გუმბათიანი ტაძარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიევის, როგორც მთავარანგენგელოზი მიქაელის მფარველობაში აყვანილი ქალაქისთვის და დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილებიც მთავარანგელოზის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. ბათო ყაენის შემოსევების დროს წმინდა ნაწილები გადამალეს და მშვიდობიანობის დროს ისევ უკან დააბრუნეს.

1644 წელს კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ დიდმოწამის თითის ნაწილი მიართვა პოლონეთის სამეფოს კანცლერს გიორგი ოსოლინსკს, ამავე დროს წმინდანის მარცხენა ხელი, დიდიხნის განმავლობაში იმყოფებოდა რა საბერძნეთში, გადაიტანეს პოლონეთის ქალაქ ლუცკში და დააბრძანეს მონასტრის „ჯვართამაღლების ტაძარში“. 1650 წელს კიევი აიღო ლიტველმა გეტმანმა იანუშ რადზივილმა და წმინდა ბარბარეს თითისა და ნეკნის ნაწილი მიიტაცა. აქედან ერთ-ერთი წილად ხვდა მის ცოლს და მერე კიევის მიტროპოლიტს იოსებ ტუკალკს, მისი სიკვდილის შემდეგ წმინდა ნაწილი მოხვდა ქალაქ ბატურინის წმინდა ნიკოლოზის მონასტერში, სადაც მრავალ სასწაულსა და კურნებას აღასრულებდა. 1656 წელს კიევის მიტეროპოლიტმა სილვესტერმა წმინდა ბარბარეს ნაწილი გადასცა ანტიოქიის პატრიარქს მაკარის.

XVIII ს-ის დასაწყისში კიევის მიტროპოლიტმა იოასაფმა (კროკოვსკი) წმინდა დიდ-მოწამე ბარბარეს შეუდგინა დაუჯდომელი საგალობელი, რომელიც დღემდე იგალობება მის წმინდა ნაწილებთან.

1934-36 წლებში წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი განადგურდა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ნაწილები მუზეუმში გადაიტანეს. 1960 წლიდან კი დაბრძანებულია ქ. კიევის წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. ქალწულ-მოწამის წმიდა ნაწილებთან მრავალი კურნება და სასწაულია დაკავშირებული.

1983 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით, უკრაინაში ჩასულ ქართველი სამღვდელოების დელეგაციას კიევის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა საჩუქრად გადასცა წმინდა ბარბარეს ნეკა თითის ნაწილი. აღნიშნული სიწმინდე ამჟამად დასვენებულია თბილისის ქვემო ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. თუმცა, როგორც წყაროებით დასტურდება, ქართული ეკლესია უძველესი დროიდან ფლობდა ამ წმინდანის ნაწილის, რომელიც სვეტიცხოველის ტაძრის კანკელის მარცხენა მხარეზე არსებულ სანაწილეში ყოფილა დასვენებული.

რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ბარბარეს ხატი, რომელშიც წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შეწირეს და იქ არის დაცული.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

საქართველოში წმინდა ბარბარეს უძველესი დროიდან სცემენ თაყვანს. მარტო თბილისში მისი სახელობის ოთხი ტაძარია, მათგან პირველი მე-8 საუკუნეშია აგებული. წმ. ბარბარეს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 4 (17) დეკემბერს.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

 

ოხითა, ჴმაჲ 8

წმიდასა მოწამესა ბარბარეს პატივს ვსცემთ, რამეთუ მტერისა საფრჴენი შემუსრა და ვითარცა სირი განერა მათგან შეწევნითა და საჭურველითა ჯუარისათა, ყოვლად ქებული.

ოხითა, ჴმაჲ 4

ტარიგი შენი, იესუ, ბარბარე ჴმობდა ჴმითა მაღლითა: შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს-ვეცმი და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთჳს, რაჲთა ვსუფევდე შენთანა, და მოვკუდები სახელისა შენისათჳს, რაჲთა ვიდიდოცა შენთანა. მისითა მეოხებითა, მაცხოვარ, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

წარდგომაჲ, ჴმაჲ 3

ღუაწლსა შინა შენსა ყოველნი განაკჳრვენ, რამეთუ დაითმინენ მძლავრთა წყლულებანი, ტანჯვანი, საკრველნი და დილეგნი, ბარბარე ყოვლად ქებულო, ვინაჲცა გჳრგჳნი ზეცისაჲ მოგანიჭა შენ, რომლისათჳს-იგი ჰრბიოდე და წადიერ იყავ სულითა და მანვე თავადმან კურნებათა მადლი მოგმადლა შენ, მოწამეო, რაჲთა ჰკურნებდე უძლურებასა კაცთასა.

იბაკო ანუ კონდაკი I, ჴმაჲ 4

სამებასა წმიდასა სარწმუნოებითა თაყუანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისაებრ მისისა, პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველნი დაამხუენ, და შორის მათსა იღუაწე, წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ და ჴმა-მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ და ერთ-ღმრთეებით ვადიდებ.

იბაკო ანუ კონდაკი II, ჴმაჲ 6

მადლი კურნებათაჲ მიიღე და მისცემ კურნებასა ჭირვეულთა და იჴსნი ყოველთა კაცთა ყოვლადვე განმჴრწნელისა მისგან სენისა ბუგრისა, ვინაჲცა ტაძარსა შენსა მოვიწიენით, ვაქებთ ჴსენებასა შენსა და ვღაღადებთ: იჴსენ მონანი შენნი ყოვლისაგან სენისა და სალმობისა, ქალწულო მოწამეო ბარბარე, უფლისა მიმართ მეოხებითა შენითა. დიდებაჲ...

იკოსი I

რომელთა გუაქუს ტაძარი მოღუაწისაჲ, ამას შინა შემოვკრბეთ მოსწრაფედ, მოწამეთა მოყუარენო, რაჲთა მოვიღოთ მადლი კურნებათაჲ და განვთავისუფლდეთ ყოვლისაგანვე განმხრწნელისა სენისა, ბუგრისა და ჭირისა, და განკურნებულნი დავადგრეთ და ვიხილოთ ქალწულისა შობაჲ, მამული და აღორძინებაჲ, რამეთუ უშჯულოებისაგან მამისა შჳლი წმიდაჲ გამობრწყინდა, ყოვლად შუენიერი სძალი ღმრთისაჲ, რომელსა ქალწულებაჲ დაუმარხა უბიწოდ და ვითარცა სახედ ზითევი მიუპყრა სიძესა და ვჴმობდეთ: იჴსნენ მონანი შენნი სენისა მისგან ბუგრისა, ქალწულმოწამეო ბარბარე, უფლისა მიმართ მეოხებითა შენითა. აწდა...

იკოსი II

სრულქმნილსა ქრისტჱსსა წამებითა, ბარბარეს შემოკრებულნი პატივს ვსცემდეთ ღირსებით, რაჲთა მისითა მეოხებითა წაწყმედისაგან სულთა განმხრწნელისა და სრვისაგან და ძრვისა და დაცემისა ვიჴსნნეთ და ცხორებაჲ სოფელსა შინა წარვვლოთ და ღირს-ვიქმნნეთ ვიდრე სიკუდიდმდე ზიარებად ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა ქრისტჱსთა, რაჲთა მადლითა საღმრთოჲთა განძლიერებული მივიწივნეთ ზეცისა სასუფეველსა და ყოველთა თანა წმიდათა საუკუნითგან ღმრთისა სათნო ყოფილთა და სულად ნათელსა შინა და გალობად მათ თანა, საკჳრველ ჰყავ, მაცხოვარ, მოწყალებაჲ შენი, ყოველთა კაცთა შორის სარწმუნოებით აღმსაარებელთა, რომელნი სამებასა წმიდასა ვესავთ და ერთ-ღმრთეებით ვადიდებთ.