წმიდა მამათა კვირიაკე აღინიშნება ქრისტეშობის წინა კვირადღეს. ამ დღეს იხსენიება ძველი აღთქმის მამამთავრები ადამიდან იოსებ დამწინდველამდე; მათთან ერთად - წინასწარმეტყველები: სამოელიდან ზაქარიასა და იოანე ნათლისმცემლამდე და მომავალი მესიის სარწმუნოებით გაბრწყინებული ყველა მართალი. ამით წმიდა ეკლესია შეგვაგონებს, რომ ვიფიქროთ წმიდა მამამთავართა სარწმუნოებასა და ცხოვრებაზე, მივბაძოთ მათ მაგალითს და სარწმუნოებითა და კეთილი საქმეებით ღირსეულად შევეგებოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ამ დღის საკითხავში ნათქვამია: „მამათა და მამათ-მთავართა, განწყობილსა, მოვედით დღეს, ერნო, დღესასწაულისმოყუარენო, შევასხმიდეთ პირველსა მამასა ჩვენსა ადამს, ენუქს და ნოეს, და მელქისედეკს და აბრაამს, ისააკს და იაკობს, სჯულსა შინა, მოსეს და აჰრონს და ისუს, სამოელს, დავითს, ისაიას, იერემიას, ეზეკიელს და დანიილს, და კვალაც მათ თანა ათორმეტთა მათ, და ილიას და ელისეს, ზაქარიას და ნათლის-მცემელსა იოანეს, და მათ თანა რომელთა იგი ჰქადაგეს ცხოვრება და აღდგომა და წყალობა ნათესავისა ჩვენისა, ქრისტე ღმერთი“.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.