აჰა, ესერა მე თქუენ თანა ვიყავ
იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები მარიამთან და სხვა წმინდა დედებთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდნენ. აქ ისინი სიონში, ერთ ქოხში შეიკრიბნენ და ერთსულოვანი ლოცვით იმყოფებოდნენ. ყოველდღიურად მათ ლოცვას ქრისტეს მორწმუნეები უერთდებოდნენ. ეს სწორედ იქ ქოხია, სადაც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობა აღასრულა. მთა სიონმა, როგორც ამის შესახებ წინასწარმეტყველნი იუწყებოდნენ, ახალ აღთქმაში დიდი მნიშვნელობა შეიძინა: „სჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან“. აქვე გაჩნდა პირველი ქრისტიანული ტაძარი. ამ ქოხის წინ არის იოანე ღვთისმეტყველის სახლი, რომელშიც უფლის განწესებისამებრ იმყოფებოდა მისი ყოვლადწმინდა დედა, იგი იყო ის ნათლის ღრუბელი, რომელიც ახლადდაბადებული ეკლესიის პირველ ნაბიჯებს ხელმძღვანელობდა. საუბარში გადასცემდა ყველაფერს, რასაც გულში იმარხავდა იმ სასწაულებრივ მოვლენებთან დაკაავშირებით, - ქრისტეს შობამდე და მისი შობის შემდეგ რომ აღესრულა. მისი მოსმენისას მოციქულები იღებდნენ ნუგეშს, ძალას. ვაჟკაცობასა და რწმენაში მტკიცდებოდნენ. ყველა აკურთხებდა უფროსად კურთხეული მარიამის სახელს, მისდამი სასოება ზღვარდაუდებელი იყო.
დიდი დღესასწაულის - ერგასის დღეს ღვთისმშობელი ყველა მოციქულთან ერთად სიონის ქოხში იმყოფებოდა და ნუგეშინისმცემელი სულის მისაღებად ლოცვით ემზადებოდნენ. დღის სამ საათზე ზეციდან მოულოდნელად ძლიერი ხმაური გაისმა - ისეთი, ქარიშხლის დროს რომ იცის და სახლი მთლიანად აივსო, სულიწმიდა ცეცხლის ენების სახით გამოჩნდა და თითოეულ იქ მყოფში დაემკვიდრა. ეს იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან მეათე დღეს მოხდა.
მოციქულები სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე არ მოსდებიან ქვეყნიერებას, იერუსალიმში დარჩნენ მანამ, სანამ ჰეროდე აგრიპამ (44 წ.) ქრისტიანთა დევნა არ დაიწყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოანე ღვთისმეტყველის სახლს არ სტოვებდა, მოციქულები, რომლებიც იუდეველთა გადარჩენისთვის იღვწოდნენ, დროდადრო ქალაქებსა და სოფლებში მიმოდიოდნენ, მაგრამ ყოველთვის ჩქარობდნენ დაბრუნებას, რათა ღვთისმშობელი ენახათ და მისგან ღვთივსულიერი სიტყვა ესმინათ. იოანე ღვთისმეტყველი გვერდიდან არ სცილდებოდა და თავდადებით ემსახურებოდა. ის პეტრე მოციქულთან ერთად მხოლოდ ერთხელ გაემგზავრა სამარიაში, რათა ახლადმოქცეული ქრისტიანები მოენათლა და იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწულს მის ნეტარ აღსასრულამდე აღარ მოშორებია.
ღვთისმშობლის შემდგომინდელი ცხოვრების შესახებ მრავალი გადმოცემა არსებობს, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში აღსრულდა წინასწარმეტყველური საგალობელი: „ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“. იესო ქრისტეს დიდება ყოველ ერში გავრცელდა, ყოვლადწმინდა დედის სახელი გახმაურდა და აქებდა მას ყოველი დაბადებული.
ახლადმოქცეული ქრისტიანები შორეული მხარეებიდან ჩამოდიოდნენ იერუსალიმში, რათა დედა ღვთისა ენახათ და მისთვის მოესმინათ. ღვთიმშობლის ცხოვრების შესახებ თანამედროვეთა ნაწერებში ბევრი ისტორიული მოწმობაა შემორჩენილი. წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი ანტიოქიიდან სწერდა იოანე ღვთისმეტყველს: „ჩვენთან მოვიდა მისი დიდება, რომ ეს ქალწული და დედა ღვთისა მადლითა და ყოველგვარი სიკეთითაა სავსე. ეს გაოცებას, თაყვანისცემასა და სიყვარულს იწვევს, ან როგორ არ მოგვინდება ყოვლადწმინდა ქალწულის ხილვა, რომელმაც ჭეშმარიტი ღმერთი შვა?!“
ღვთისმშობლის დიდებულებისა და სიწმინდის სიმაღლე ღრმა მორჩილების საფარველში ბრწყინავდა: მასში ადამიანურთან ანგელოსებრივი ბუნება იყო შერწყმული: პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა ცნობილმა ათენელმა სწავლულმა დიონისე არეოპაგელმა გაქრისტიანებიდან სამი წლის შემდეგ მარადის ქალწული მარიამი იერუსალიმში მოინახულა. მასთან საუბრის შთაბეჭდილებას იგი პავლე მოციქულს უზიარებდა: „ღვთის წინაშე ვაღიარებ, დაუჯერებლად მიმაჩნდა, რომ გარდა მაღალი ღმერთისა ასეთი ღვთაებრივი ძალითა და გასაოცარი მადლით აღსავსე სხვა ვინმეც იქნებოდა. ვერც ერთი ადამიანი ვერ გაიგებს იმას, რაც ვნახე და გულისხმავყავი არა მხოლოდ სულიერი - არამედ ხორციელი თვალით, მე ვიხილე ღვთივსახიერი და სიწმინდით ზეციურ სულებზე აღმატებული დედა იესო ქრისტესი - უფლისა ჩვენისა. ვიმოწმებ ღმერთს, რომელიც ქალწულის უპატიოსნეს საშოში იმყოფებოდა, რომ ხსოვნაში და ახლადგანათლებულ გონებაში შენი ღვთაებრივი სწავლანი დამარხული რომ არ მქონოდა, ქალწულს ღმერთად მივიჩნევდი და როგორც ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - თაყვანს ვცემდი მას. რადგან ადამიანური გონება ვერ შეძლებს, წარმოიდგინოს ღვთისთვის სათნო ადამიანზე გარადმოვლენილი ვერანაირი პატივი და დიდება, რომელიც იმ ნეტარებას აღემატება, რომლის გემოსხილვის ღირსიც ვიქმენ - მე უღირსი. ვმადლობ ჩემს ღმერთს, ვმადლობ ყოვლადწმინდა ქალწულს, ვმადლობ მოციქულ იოანეს და შენ, რომელთაც ასეთი დიდი მადლი მიწყალობეთ“.
მომდევნო ათი წლის განმავლობაში მოციქულთა მიერ იერუსალიმში ეფუძნებოდა, მაგრამ, როდესაც ქრისტეშობიდან 44-ე წელს ჰეროდე აგრიპამ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იაკობ მოციქულს თავი მოჰკვეთა, მოციქული პავლე დილეგში ჩააგდო და მის მოკვლასაც შეეცადა, მოციქულებმა, ღვთისმშობლის თანხმობით, არჩიეს იერუსალიმს განშორებოდნენ და გადაწყვიტეს, კენჭი ეყარათ, თუ ვინ რომელ ქვეყანას აირჩევდა სარბიელად - სახარების ქადაგებისათვის. ყოვლადწმინდა ქალწულმაც ისურვა, ამ კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო და წილად ხვდა ივერიის ქვეყანა (საქართველო). ის ივერიაში წამოსასვლელად ემზადებოდა კიდეც, მაგრამ უფლის ანგელოსმა აცნობა, რომ იერუსალიმში უნდა დარჩენილიყო, რადგან მოახლოებული იყო მისი ამქვეყნიდან გასვლის დრო.
იერუსალიმში ყოფნა ყველაზე დიდი ნუგეში იყო ღვთისმშობლისათვის, ყოველი ადგილი მისი ძისა და უფლის იქ ყოფნით, სწავლებით, ტანჯვითა და სიკვდილით ნაკურთხი, იმდენად მრავლისმეტყველი იყო მისი სულისათვის! ხშირად მიდიოდა ცხოველმყოფელ საფლავთან და მისი გული გამოუთქმელი სიხარულით ივსებოდა: აქ დაიფლა იგი, ვითარცა კაცი, აქვე აღსდგა ვითარცა ღმერთი - ყოვლადძლიერი - „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“.
გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანთა მოძულე იუდეველებმა მღველმთავარს აუწყეს, რომ მარიამი, იესოს დედა, ყოველდღიურად გოლგოთაზე დადიოდა, მისი საფლავის წინაშე მუხლს იდრეკდა, ტიროდა და საკმეველს აკმევდა. საფლავის მცველებმა მიიღეს ბრძანება, რომ მარიამისთვის ფხიზლად ედარაჯათ და დაუყოვნებლივ მოეკლათ იგი. უფლის ძალამ დაიცვა ღვთისმშობელი: ის ყოველდღიურად აგრძელებდა საფლავთან სიარულს, მაგრამ მცველები მის ნახვას ვერ ეღირსნენ და დიდი ხნის შემდეგ ხელისუფლებას ფიცით აუწყეს, რომ ამ დროის განმავლობაში არავინ უნახავთ. ყოვლადწმინდა ქალწულმა არ იცოდა მტრის წინაშე შიში და ყოველთვის ვაჟკაცურად იქცეოდა, ღვთის სადიდებლად უშიშრად, აშკარად მოქმედებდა, იგი ღვთის წინაშე აღავლენდა ლოცვას, როდესაც მოციქულები საპყრობილეში გამოკეტეს და მისი ვედრების პასუხად უფალმა პყრობილთა დასახსნელად ანგელოსი მოავლინა. იგი თან გაჰყვა პირველმოწამე სტეფანეს, როდესაც ის მოსაკლავად წაიყვანეს, გულმხურვალედ ევედრებოდა უფალს, მოწამე მოთმინებაში განემტკიცებინა და სასუფეველში მიეღო! მანუგეშებელი და ბევრის მასწავლელი იყო გულმხურვალე მეოხის მიწიერი ცხოვრება.
ქრისტიანთა ძლიერი დევნის დროს, როდესაც იაკობ მოციქული მოკლეს, ღვთისმშობელი ჩავიდა ეფესოში - იმ მხარეში, რომელიც საქადაგებლად იოანე ღვთისმეტყველს ხვდა წილად. გადმოცემაში მოთხრობილია ღვთისმშობლის კვიპროსზე მოგზაურობის დეტალები. აქ იგი უფლის მეგობრის, ლაზარეს თხოვნით გაემგზავრა, რომელსაც ბარნაბა მოციქულმა კვიპროსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ლაზარე წუხდა, რომ დიდი ხნით მოაკლდა უფლის დედის ხილვის სიხარულს. თვითონ გაბოროტებულ იუდეველთა დევნის გამო იერუსალიმში ჩასვლას ვერ ბედავდა. ღვთისმშობელმა წერილი მისწერა ლაზარეს, ანუგეშა, დაჰპირდა, რომ მოინახულებდა და გემის გამოგზავნა სთხოვა. სიხარულით აღვსილმა ლაზარემ გემი დაუყოვნებლივ გაგზავნა. ღვთისმშობელმა და იოანე ღვთისმეტყველმა მორწმუნეთა თანხლებით კვიპროსისაკენ გასცურეს. მცირე სავალიღა იყო დარჩენილი, როდესაც პირქარი გაძლიერდა, გემი საჭეს აღარ დაემორჩილა და სხვა მხარეს გაიტაცა. არქიპელაგის კუნძულებს შორის ქროლვის შემდეგ ის მოულოდნელად სრულიად უვნებელად გაჩერდა ათონის მთასთან.
ყოვლადწმინდა ქალწული ნაპირზე გადმოვიდა, მან ამ სასწულებრივ მოვლენაში ღვთის ნება განჭვრიტა, რომელიც ანგელოზის წინასწარმეტყველების აღსრულებას მოასწავებდა. ელინელები ათონის მთას განსაკუთრებულ სიწმინდედ მიიჩნევდნენ, კერპებითა და ბომონებით იყო იგი სავსე, ყოველივეს აპოლონის მთავარი ტაძარი აგვირგვინებდა. ელინელები აქ ღმერთების თაყვანისსაცემად და ბედისწერის შესატყობად მოდიოდნენ.
როგორც კი გემი ათონის მთას მიუახლოვდა, კერპებში დამალული ბოროტი სულები ამეტყველდნენ. „აპოლონის მიერ შეცდომილო ადამიანებო, იჩქარეთ კლემენტეს ნავსაყუდელისკენ, რათა მიეგებოთ და შეხვდეთ მარიამს. დიდი ღმერთის - იესოს დედას“. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ წარმართები, როდესაც ღვთივბრწყინვალე ქალწული იხილეს, თაყვანისცეს და დაუწყეს გამოკითხვა, თუ რომელი ღმერთი შვა მან, სად არის იგი და რა ჰქვია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახარებისეული სწავლების ძალა აჩვენა მათ. მისი სიტყვა იმდენად მადლმოსილი იყო, რომ წარმართებმა იქვე განადიდეს ღმერთი და დაუყოვნებლივ ნათლისღება ითხოვეს. ახლადმონათლულებს წინამძღოლად და მასწავლებლად თავისი ერთ-ერთი მხლებელთაგანი დაუდგინა. ახალი ქრისტიანების განსამტკიცებლად ათონზე მან მრავალი სასწაული მოიმოქმედა, როცა გამოთხოვებისას ახლადმოქცეულები უკანასკნელად დალოცა, უთხრა: „დაე, ჩემი წილხვედრი იყოს ეს ადგილი, რომელიც ჩემი ძისა და ღმერთისაგან მომეცა, მე ვიქნები ამ მიდამოს მცველი და ღვთის წინაშე მხურვალე შუამდგომელი“. ამის შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის მოწაფეებთან ერთად კვიპროსისაკენ გასცურა.
ქალწული მარიამისაგან არანაირი ცნობა რომ არ მიიღო, ლაზარე მეტად წუხდა, მაგრამ სულ მალე უდიდესი სიხარული ეწვია. ბოლოს და ბოლოს მან მიმადლებული სტუმარი იხილა, რომელმაც თავისი ხელით შეკერილი ომოფორი და სამაჯურები ჩამოუტანა. ყოვლადწმინდამ ლაზარე ანუგეშა, მორწმუნეები დალოცა და იერუსალიმში დაბრუნდა. ამ დროისთვის - მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს ქალწული მარიამი დიონისე არეოპაგელმა მოინახულა, რომელსაც სურდა მისგან კურთხევა და რჩევა-დარიგება ეთხოვა. იგი ყველას იღებდა, ყველას ანუგეშებდა, ცოდვილებს მოაქცევდა, სნეულებს აღადგენდა, სასოწარკვეთილთ იმედს აძლევდა, ღვთისგან მინიჭებული სიხარულით სხვებსაც სიხარულით აღავსებდა.