უფალო, დიდება შენდა!
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა“. ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.
ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან. ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა გვაუწყა, რომ ქრისტეს მეუფება დადგება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სამეფო მყარი, როგორც რკინა, რომელიც ყველაფერს დააქცევს და დაარღვევს და რომ ქვეყნიერების მხსნელი იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ მოევლინება.
და აი, ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც სკიპტრა წაერთვა იუდას შთამომავლობას და ჰეროდე იდუმიელის ხელში გადავიდა; გაჩნდა რომის რკინის სახელმწიფო - ყოვლის დამაქცეველი და დანიელის უწყებული თარიღიც მოვიდა. ქვეყნიერებაზე მშვიდობა დამკვიდრდა, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით წინ უნდა გაძღოლოდა ქრისტეს, როგორც ცისა და მიწის შემაერთებლის მოსვლას.
რჩეულთა მცირე ნაწილი ელოდა ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელ მესიას, იუდეველთა უმრავლესობა უცდიდა მეფე-მძლეველი მხსნელის მოსვლას, რომელიც მათ უცხოტომელთა ბატონობისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე გააბატონებდა.
რომმა თავისი რკინის სკიპტრა იმ დროისათვის არსებულ თითქმის ყველა ქვეყანას გადააწვდინა და ერთ იმპერიად გააერთიანა; პალესტინა რომის პროვინცია გახდა. სარწმუნოების საკითხებს დიდი სინედრიონი განაგებდა, რომელშიც მღვდელმთავრები, ღვთისმსახურები და მოხუცებულები შედიოდნენ. ადამიანთა მოდგმის მოლოდინი მაშინ ახდა, როცა რომის იმპერიას ავგუსტუსი, ხოლო იუდეას ჰეროდე მართავდა.
ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში - დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეული ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო. დიდება უფალო, სიმდაბლესა შენსა, დაე, განქარდეს ყოველი ამპარტავნება გულთაგან ჩვენთა!
წლის მკაცრ სეზონზე და სრულიად უსახსროდ, არასასურველ ვითარებაში უნდა დასდგომოდნენ იოსები და მარიამი ძნელ გზას. ამ გზის გასავლელად საუკეთესო შემთხვევაში სამ დღე-ღამეზე მეტი იყო საჭირო. ბეთლემი, პატარა ქალაქი, რომელსაც ადრე ევფრათა ეწოდებოდა, იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ქებრონის გზაზე და ნაზარეთიდან სამი დღის სავალი აშორებდა. დავითი ბეთლემში დაიბადა და მისი მეფედ ცხებაც აქ აღსრულდა. ბეთლემში იყო დავითის მთელი მოდგმა და ამიტომ ის დავით მეფის საგვარეულო ქალაქად სამართლიანად იწოდებოდა.
ბოლოს მათ მიაღწიეს ბეთლემს, მაგრამ აქ მოსასვენებელი ვერსად იპოვეს. პატარა ქალაქი მომსვლელებით იყო სავსე. წმინდა მწირები ამაოდ ეძებდნენ თავშესაფარს. არავინ მიიღო ისინი, „რამეთუ არა იყო მათა ადგილი სავანესა“. მთელ ქალაქში თავისუფალი კუთხეც კი არსად მოიძებნა. ისინი ადამიანთა საცხოვრებელს უდრტვინველად გაშორდნენ და სადგომს ქალაქის შემოგარენში, ჭიშკართან ახლოს ეძებდნენ. ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებას და ქაოსს მოშორებულნი - მარტონი, უხილავ შემოქმედთან ერთად. საიდუმლოების ფარდა ჩამოეფარა ძე ღვთისას აკვანს და ამგვარად აღესრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „აი, ვინ დაივანებს მაღალში, კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი“.
ამ მყარ კლდეებში შუაღამისას ქალწულმა მარიამმა წინასაუკუნეთაგან მამისაგან შობილი უხრწნელი შვა და „მიაწვინა იგი ბაგასა“. სასწაულებრივი, ადამიანური ბუნებისათვის მიუწვდომელი იყო მისი მუცლადღება, ასევე სასწაულებრივად, ასევე ზებუნებრივად მოხდა მისი მოვლინება ყმაწვილი დედის წინაშე. ასე სხივმფენი მნათობი გაარღვევს მეყდეყლად ღრუბელს, რათა თავისი სინათლითა და სითბოთი ქვეყნიერებას სიცოცხლე მოჰფინოს.
მხსნელის შობას ტკივილები არ სდევდა თან, ქალწულმა იმგვარად შვა, რომ მთელი თავისი მხიარულება და ძალა შეინარჩუნა. როდესაც ყოვლადწმინდამ ძე თვისი და ღმერთი ჩვენი შვა, დაუყოვნებლად მის სამსახურს შეუდგა. სხვათა დახმარება არ სჭირდებოდა, არც ტკივილსა და არც იმ უძლურებას არ გრძნობდა, რომელსაც ჩვეულებრივ განიცდიან ქალები. დედა ღვთისამ ყოვლადწმინდა ხელებით თვითონვე შეახვია იგი, ბაგაში მიაწვინა და პირველმა სცა თაყვანი. თავის ძუძუს აწოვებდა მას, მის მკლავებში განვლო უფლის სიყრმემ, დედასთან განუშორებლად გაატარა მან თავისი სიყმაწვილე 30 წლის ასაკამდე, სანამ ადამიანთა მოდგმას განუცხადებდა, რომ საკაცობრიო ცოდვებს საკუთარ თავზე იღებდა, რათა ჯვარზე სიკვდილით ქვეყნიერებისათვის ხსნა მოენიჭებინა.
თრთოლვითა და მოკრძალებული მდუმარებით სცა თაყვანი იოსებმა ყოვლადწმიდა დედასა და მის ძეს - ჩვენს ღმერთს. განცვიფრების სიხარულით შეპყრობილმა ზებუნებრივი სასწაული განჭვრიტა და დაუყოვნებლივ შეიგრძნო, რომ მისი ძე ჭეშმარიტად სულიწმინდისაგან არის, მიხვდა, რომ იმ დრომდე, სანამ არ შვა ძე თვისი პირმშო, პირმშო ახალი ცხოვრებისა, პირმშო ახალი აღთქმისა, ღვთისმშობელს არ იცნობდა იოსები, არ იცოდა, ვინ იყო იგი და რისი ღირსი გახდა თვითონ, არ იცნობდა მას - დედას ღვთისას, იმიტომ, რომ იოსებისთვის დაფარული იყო, თუ რაგვარი ღვთაებრივი საიდუმლო იმალებოდა მასში. მხოლოდ აქ, ძის ბუნებითი შობის დროს მან მთლიანად გაიაზრა, რომ ამაზედ იყო ნათქვამი: „ქალწულმან მუცლად იღოს“.
კაცობრიობის მეუფის და მხსნელის შობით ღმერთმა ქვეყანას დიდი და ახალი სასწაული მოუვლინა: - სასახლის მაგიერ - უდაბნოს ქვაბული, ლოგინის ნაცვლად - ჩალის ნაგლეჯი, უფალმა, რომელიც ცაში ჩიტსაც კი არ ტოვებს მზრუნველობის გარეშე, თავისი ბრძნული ყოვლისშემძლეობით მხოლოდშობილი ძისთვის მიწიერი სავანე არ განამზადა. ძე ღვთისამ, რომელიც ზეცის მფლობელია, ბაგაში განისვენა; სამყაროს უფლისა და მეუფისათვის, როდესაც მან კაცთა სახსნელად ხორცი შეისხა, - ცოდვითა და უკანონობით დაფარულ მიწაზე ადგილი არ აღმოჩნდა. თვითონვე მოწმობს ამას, როდესაც ამბობს: „მელთა ხურელი უჩნს და ფრინველთა ცისა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“. უცნობ ქალს ჩაესახა ქრისტე, ხოლო დიდებულ იერუსალიმში ჯვარზედ აცვეს, მცირე ბეთლემში იშვა იგი, ხოლო დიდ იერუსალიმში სიკვდილად მიეცა. საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო!
ძე ღვთისასა შობის წუთებში გაიხსნა ცა, ღვთის დიდებამ განანათლა მიწა, რომელიც ღრმა წყვდიადით იყო დაფარული, ანგელოსთა დასნი გარდამოვიდნენ მაღლიდან და სიხარულით გალობდნენ, რომ ქვეყანაზე დაემკვიდრა მშვიდობა და ადამიანებს ღვთის წყალობა დაუბრუნდათ.
რას შვრებოდა ამ დროს მიწა, - ღვთის დიდებით გაბრწყინებული? ყოველივე ღრმა ძილში იყო ჩაძირული: იუდეველები აღთქმული მესიის მოლოდინში, - რომლისგანაც ქვეყნიურ დიდებას ელოდნენ, - სჯულს იცავდნენ, ხოლო წარმართები თავიანთი კერპების წინაშე იღრჩობოდნენ ცოდვაში.
ბეთლემშიც ასე ეძინათ, მაგრამ არა ყველას. ბეთლემის ველზე, რომელიც მთებით იყო გარშემორტყმული და ქვაბულიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდა, იდგა სვეტი, რომელიც ედერის სახელით იყო ცნობილი და რომლის სიახლოვესაც დიდი დავით მეფე მამის ფარას მწყემსავდა. ღამით, ამ დროს მწყემსები ცხვარს ედგნენ დარაჯად. მოულოდნელმა სხივმა გაანათა ისინი, უფლის ანგელოსი წინ წარმოუდგათ და უთხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა, ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი ქალაქსა დავითისასა, და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხვეული და მწოლარე ბაგასა“.
როდესაც ზეციურმა მაცნემ ხარება დაასრულა, მოულოდნელად, როგორც მისი სიტყვის დადასტურება, გამოჩნდა ანგელოსთა უთვალავი მხედრობა, რომელიც აქებდა და ადიდებდა უფალს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
არც ბრძენთ, არც დიდებულთ, არც ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ არ გამოუცხადა უფალმა თავისი საიდუმლო, არამედ - ყველაზე ღატაკ, ყველაზე უკანასკნელ მაშვრალებს ამქვეყნად. დაფარა - ყოვლადბრძენთა და გონიერთა წინაშე - და განუცხდა ყრმებს: ჰოი, უპოვარების ნეტარებავ, მორჩილებისა და უსიტყვო თვინიერების მომნიჭებელო, სიამაყისა და ამპარტავნების დამთრგულველო! თვით უფალი მისი ღატაკებთან და სიყვარულისა და გულმოწყალების წყაროს გარდმოუვლენს მათ. ანგელოსები წავიდნენ ცისკენ, დამთავრდა დიადი ხილვა, მწყემსები გონს მოეგნენ და ყველამ, როგორც ერთმა, გადაწყვიტა, წასულიყო ბეთლემში და ენახა, რაც იქ მოხდა. მათ კარგად იცოდნენ ის ადგილები ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე, სადაც საქონლის ბაგები იყო და სადაც ღარიბი მგზავრები თავშესაფარს პოულობდნენ. წავიდნენ და ჰპოვეს ყოვლადწმინდა ქალწული და ბაგაში მწოლარე ყრმა და თაყვანი სცეს მას.
ანგელოსთა სხივბრწყინვალე გამოცხადებისა და ხარების შემდეგ ღვთაებრივი ყრმა უბრალოებით და სიღატაკით გარშემორტყმული კიდევ უფრო ზეციური და ნათელი ეჩვენათ. თაყვანისსაცემად მისულებმა ყველაფერი მიიტანეს, რაც კი ებადათ: წმინდა სიყვარული, მყარი რწმენა და მხსნელის და მეუფის მხურვალე დიდება. და რადგან სურდათ, საკუთარი ღვთისმოსაური გრძნობა გამოეხატათ, მის ყოვლადწმინდა დედას უამბეს ყველაფერი, რაც ნახეს და ანგელოსთაგან ესმათ. ქალწული მარიამი თვალს ადევნებდა ყველაფერს, რაც მისგან შობილ ღმერთკაცს შეეხებოდა და როდესაც მწყემსების ნაამბობს ისმენდა, მეხსიერებაში იბეჭდავდა და ხარობდა, რომ მოვლენები ღმერთის აღთქმას ადასტურებდა. წმინდა იოსებ დამწინდველი გაოცებული, კრძალვით იდგა ჭეშმარიტი ნათლის წინაშე, ბედნიერმა მწყემსებმა კიდევ ერთხელ სცეს თაყვანი ყრმა ღმერთს და მის ყოვლადწმინდა დედას და თავიანთი მორჩილების აღსასრულებლად წავიდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ ღმერთს და მთელ მხარეში ავრცელებდნენ სასიხარულო ამბავს - იმ წმინდა ღამეს მომხდარი სასწაულის შესახებ.