რაქილ სტიროდა შვილთა თვისთა და არა
უნდა ნუგეშინისცემის, რამეთუ არა არიან
ქვემო გალილეაში დაბრუნების შემდეგ ყოვლადწმინდა მარიამმა და მართალმა იოსებ დამწინდველმა მალევე იგრძნეს, რომ ყრმა უფლის სიცოცხლეს დიდი საფრთხე ელოდა: ეს იყო პირველი ტკივილი, რომელმაც იოსებ დამწინდველის უწყებით, მოწყლა ღვთისმშობლის გული.
მოგვებმა არ შეასრულეს ჰეროდე მეფის დავალება და იერუსალიმში აღარ დაბრუნებულან, რომ მისთვის ყრმა მეუფის ადგილსამყოფელი ეუწყებინათ. ჰეროდემ ეს შეურაცხყოფად და დაცინვად მიიღო და საშინლად განრისხდა. ამის გარდა, მოაღწია ხმებმა სვიმეონის და ანნას წინასწარმეტყველების შესახებ. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა მისი ეჭვი და შიში, რომ ახალშობილი ყრმა, როგორც კანონიერი მეფე, მას სკიპტრას წაართმევდა. ჰეროდე მთელი ძალით ეძებდა ყრმის შობის ადგილს, მაგრამ მისი მცდელობა ამაო იყო. შიშისა და ბოროტებისაგან გონებადაკარგულმა ბრძანა, ბეთლემსა და მის შემოგარენში დაეხოცათ მამრობითი სქესის ყველა ბავშვი, ახალშობილებიდან მოყოლებული, ვიდრე ორ წლამდე და დარწმუნებული იყო, რომ მათ შორის ახალშობილ მეუფესაც მოკლავდნენ. ათასი მახვილი გაშიშვლდა ყრმა იესოს მოსაკლავად და პატივმოყვარე ბოროტმოქმედმა 14 ათასი ბავშვი იმსხვერპლა. ჰეროდე ისე დააბრმავა საკუთარმა უგუნურებამ, რომ იმედოვნებდა, ყოვლისშემძლე შემოქმედს სძლევდა და აღთქმულ მესიას გაანადგურებდა, მაგრამ ჰეროდე ღვთიური განზრახვის აღსრულების მხოლოდ ბრმა იარაღი იყო. ბეთლემის სისხლისღვრის გამოხმაურებამ კიდევ უფრო ფართოდ გაავრცელა ამბავი იმ მოვლენის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ. ხოლო თვით ყრმები, რომელთაც სისხლში იღეს ნათელი, გახდნენ მომასწავებლები მაცხოვრის ვნებისა, რომელმაც თავისი სისხლით განწმინდა და განბანა მიწა - უსჯულოებით რომ იყო წაბილწული.
რა სიტყვები აღწერს ბეთლემის უბედურებას? ყრმებისა და დედების ჭრილობებიდან გადმომსკდარი სისხლი ერთ დიდ ნაკადად მოდიოდა. კვნესა და მოთქმა ავსებდა ქევყანას, ბავშვის ტირილი და დედების კივილი ჰაერს ერთვოდა და ცას სწვდებოდა: დედები ტიროდნენ შვილებს და არაფერი ამშვიდებდათ, რადგან ისინი აღარ იყვნენ!
ჰეროდე არ დააკმაყოფილა შეუბრალებელმა სისხლისღვრამ. სიცოფისაგან დაბნელებულმა, მან გასცა ბრძანება, რომ დაეხოცათ მისი მრჩევლები, მოხუცებულნი, ფარისეველნი, მწიგნობრები, მოეკლათ მისი ღვიძლი შვილი, და და დის ქმარი, ცოლი მისი - მარიამნა, ვაჟთან ანტიპატრესთან ერთად და ბევრი სხვა ვინმე. - მოწმობენ ძველი ისტორიკოსები.
დიდი იყო ამ მტარვალის ძალაუფლება და რისხვა, მაგრამ მისი სიძულვილის საგანი, რომელსაც ძალი მაღლისა ჰფარავდა, მის ხელთ არ იყო. ამისთვის ღვთაებრივმა განგებულებამ უბრალო გზა ირჩია: უფლის ანგელოსი ძილში გამოეცხადა იოსებს და უთხრა: „აღსდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ევიპტედ და იყავნ მუნ ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე“.
იოსები დაუყოვნებლივ დამორჩილდა, წმინდა მარიამმაც არ დააყოვნა, თავისი დამწინდველის გამოცხადებას მინდობოდა. იმავე ღამეს იოსებმა და ყოვლადწმინდა მარიამმა ხელში აიყვანეს მარადიული ყრმა და ეგვიპტეში გაემგზავრნენ. მათ იაკობი, იოსების უფროსი ვაჟი აცილებდა. ისინი გაუდგნენ გზას და მისი სიძნელე და მოსალოდნელი საშიშროებანი არ აშფოთებდათ, საკუთარ ბედზე ზრუნვა უფალს მიანდეს, მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, რომ ღვთის ნებას უდრტვინველად დამორჩილებოდნენ.
არც წმინდა წერილში და არც გადმოცემაში არ არის ცნობები იმის შესახებ, თუ ეგვიპტისაკენ მიმავალი რომელი გზა აირჩია წმინდა იოსებმა. მაგრამ ზოგიერთი მინიშნებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის დაადგა უფრო უსაფრთხო გზას, რომელიც იუდეის მთებზე გადის და გაზისკენ, აქედან კი, ვაკე უდაბნოს სანაპირო გზით, ეგვიპტისაკენ მიდის. დიდი შრომისა და განსაცდელის გადატანა მოუხდა წმინდა ოჯახს, მაგრამ სიცივისა და უამინდობის თავშესაფარს ყოველთვის პოულობდნენ.
ძველი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ამ მოგზაურობის დროს ყრმა იესოს მრავალი სასწაული უნდა მოეხდინა, რაც ხალხს მის ღვთაებრიობაში არწმუნებდა. წმინდა ოჯახს, ეგვიპტეში შესვლამდე გარს ყაჩაღები შემოერტყნენ და მათი გაძარცვა და დახოცვა მოინდომეს. მეთაური გაშიშვლებული მახვილით წარსდგა წინ, რომ მოგზაურები ახლოდან ენახა: მის წინაშე იდგნენ იოსები და მარიამი ყრმით ხელში. ყაჩაღმა გაოცებით შეხედა ჭაღარა თმით გადათეთრებულ ამ მოხუცს, უიარაღოს, ხელში კვერთხით, რომელიც ძველ პატრიარქს ჰგავდა, შეხედა ახალგაზრდა დედას, ყრმას მთელი ძალით რომ იკრავდა გულში, თითქოს სურდა, იგი თვითონ დაეცვა, შეხედა და მისი სული მოლბა, მახვილი დაუშვა და თქვა: „ღმერთს რომ ადამიანური ხორცი შეესხა, იგი ამ ყრმაზე მშვენიერი ვერ იქნებოდა“. მან ნება არ მისცა თავის ამხანაგებს, ღარიბ მოგზაურთათვის რაიმე ევნოთ და ერთი მათგანი, რომელიც გაძარცვას უპირებდა, მკაცრად შეაჩერა. ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა კეთილ ავაზაკს მიმართა: „ეს ყრმა შენ სამაგიეროს მოგიზღავს“. ამ სიტყვებს წინასწარმეტყველური მნიშნველობა ჰქონდა. ეს ის კეთილგონიერი ავაზაკი იყო, რომელზედაც ჯვარზე დამოკიდებულმა მაცხოვარმა თქვა: „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“. გადმოცემა ამატებს, რომ კეთილი ავაზაკის სახელი იყო ტიტე, ხოლო მეორეს - ბოროტ ავაზაკს - ერქვა დუმაქი.
წმინდა ოჯახის ეგვიპტეში ყოფნის შესახებ გარკვეული ცნობები არ არსებობს, მაგრამ არაბთა შორის შემორჩენილია გადმოცემები, რომლებიც მორწმუნე ქრისტიანთათვის განსაკუთრებით საინტერესოა.
ცნობილია, რომ ეგვიპტეში შესვლისას წმინდა ოჯახის პირველი განსასვენებელი ადგილი იყო დასახლებაში, რომელსაც მატარიე ერქვა. მკვლევართა წყაროების მიხედვით, ამ დროისათვის მათ ასი მილი ჰქონდათ გავლილი. მატარიე ქალაქ ქაიროს მარცხნივ მდებარეობს და აყვავებული ბაღებითა გარშემორტყმული. მისკენ მიმავალი გზა დიდებული სიმწვანითაა დაფარული. იოსები იაკობთან ერთად თავშესაფრის საძებრად წავიდა დასახლებაში, ხოლო ღვთისმშობელი ყრმითურთ შესასვლელთან დატოვა - უზარმაზარი ხის ძირას, რომელმაც კენწერო მიწამდე მოდრიკა და ამგვარად სცა თაყვანი თავის შემოქმედს, მის ყოვლადწმინდა დედას და კეთილფურცლოვანი ჩრდილით მზის სხივებისაგან დაიფარა ისინი. ქვემოთ, ხის ფესვებთან გაჩნდა ნაპრალი, რომელშიც ღვთისმშობელი დაიმალა. მას შემდეგ ხე, რომელმაც თავისი შემოქმედი შეიცნო, ასევე მოდრეკილი დარჩა და მაკურნებელი ძალა მიიღო. მისი ფოთლებით ყოველგვარი სნეულება განიკურნება. ნაპრალში კი დღემდე ანთია კანდელი, რათა პატივი მიაგონ ყოვლადწმინდა ქალწულს და ყრმა იესოს.
ხის (ხეს ადგილობრივი მცხოვრებლები ლეღვსულელს უწოდებდნენ და ჩვენ დრომდე დგას ბაღში, რომელიც ეკუთვნის ერთ ინგლისელს. ის ხალისით უნაწილებს ხის ფოთლებს მლოცველებს, მისი უზარმაზარი ტოტებიდან ექვსი უკვე გახმა, მაგრამ ოთხი სიცოცხლითაა სავსე. ერთნახევარი საჟენი სიმაღლე აქვს და ამდენივე - სიგანე, ხოლო ვარჯის შემოწერილობა სამ საჟენზე მეტია.) ამ სასწაულის გარდა, მის მახლობლად მდებარეობს წმინდა ნაკადულის სათავე, რომელიც გაჩნდა მიწაზე იქ, სადაც ყრმა უფალმა ფეხი დაადგა. ამ წყლით წმინდა მგზავრებმა წყურვილი მოიკლეს.
ამ მშვენიერი, მტკნარი წყლის სათავე დღემდე არსებობს და თავისი თვისებებით განსაცვიფრებლად განსხვავებულია ამ მიდამოების სხვა წყლებისაგან, რომელთაც ისევე, როგორც ეგვიპტის უდიდეს ნაწილში, მარილის გემო აქვთ. ამ ხისა და წყაროს შესახებ შემონახული სასწაულები ორი ათასწლეულია განგვაცვიფრებენ და გვახსენებენ წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებს: „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება“.
ეს მით უფრო განსაცვიფრებელია, როცა ვხედავთ, რომ მემფისის და ელიოპოლისის სიმაგრეები უკვე დიდი ხანია შეიმუსრა და მხოლოდ ნანგრევების მიხედვით ვგებულობთ დიდებულებითა და ბრწყინვალებით განთქმული ქალაქები ოდესღაც რომ არსებობდა.
ამ ადგილიდან არც ისე შორს არაბები გვიჩვენებენ ნანგრევებს იმ სახლისა, რომელშიც ცხოვრობდნენ წმინდა მგზავრები გარკვეული დროის მანძილზე, სანამ გზას გააგრძელებდნენ. მათი სავალი თებაიდის ანუ ზემო ეგვიპტის საზღვრებში ჰერმოპოლისამდე მიდიოდა. ეგვიპტელებში შემორჩენილია გადმოცემა, რომ ამ ქალაქში იყო მაღალი ხე, სახელად ჰერცისი, რომელიც ფოთლის ან ფესვის მტკივან ადგილზე დადებით სხვადასხვაგვარი ავადმყოფობები განიკურნებოდა. ეს სასწაულებრივი ძალა ხემ მას შემდეგ მიიღო, როდესაც წმინდა ოჯახი მიუახლოვდა და მან ყრმა იესოს თაყვანისცემის ნიშნად წვერო მიწამდე დადრიკა. გადმოცემით ეს ხე არაჩვეულებრივი სიმაღლის იყო და შემოქმედის წინაშე კადნიერად დგომა არ ისურვა. იესო ქრისტეს ეგვიპტეში ყოფნისას სხვა სასწაულებრივი ნიშებიც მოხდა. თვით ქალაქ ერმოლაოსში, ისევე, როგორც მთელ ეგვიპტეში, ეთაყვანებოდნენ კერპებს და მსხვერპლს სწირავდნენ მათ. მსხვერპლშეწირვის შესახებ ჯერ კიდევ ისაია წინასწარმეტყველი ამბობდა: „აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში, შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები“.
ძველი კოპტური გადმოცემის მიხედვით, წმინდა ოჯახი ქაიროს ახლოს ცხოვრობდა - გამოქვაბულში, რომელიც უძველესი დროიდანვე გადააკეთეს ეკლესიად.
საოცარია განგება ღვთისა: კერპებით სავსე ქვეყანამ მაცხოვარს თავშესაფარი მისცა, შემდეგ იესო ქრისტეს მიმდევართა სავანედ იქცა და თავის უდაბნოში საწრმუნოების ის მანათობელი ლამპრები აღზარდა, რომლებმაც ქადაგებით და ცხოვრების განსაცვიფრებელი სიწმინდით კერპთაყვანისცემის ბნელი განდევნეს: ცნობილია, რომ ეგვიპტის უდაბნოებმა უდიდესი მამებით, წმინდანებით და ანგელოსთასწორი ადამიანების დასებით გაითქვეს სახელი.
ზუსტად განსაზღვრა, თუ წმინდა მგზავრებმა რამდენ ხანს დაჰყვეს ეგვიპტეში, შეუძლებელია. ზოგი გადმოცემა ორ-სამს, ხოლო სხვები ხუთ და შვიდ წელს ასახელებენ. ერთი ცხადია, რომ იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ და რომ განსაზღვრულ დროს ზეციერმა მამამ ესაიას წანასწარმეტყველებისამებრ ეგვიპტიდან გამოიხმო თავისი ძე: „ეგვიპტით უწოდი ძესა ჩემსა“.
ყრმათა მოწყვეტიდან მცირე ხნის შემდეგ, აღესრულა ჰეროდე და მასთან ერთად სამეფოც, რომლისთვისაც ამდენი ბოროტება მოიმოქმედა. მის საშინელ სიკვდილში თანამედროვეებმა ზეციური მართლმსაჯულება შეიცნეს: გაურკვეველი სნეულება აუტანელი შინაგანი მხურვალებით სტანჯავდა, მთელი სხეული წყლულებით დაეფარა, სახსრები სამარის მატლებმა დაუღრღნეს, გაჭირვებით სუნთქავდა და ამონასუნთქის სიმყრალის გამო ახლოს ვერავინ ეკარებოდა. ამასთან სტანჯავდა საშინელი შიმშილი, რომელსაც ვერანაირად ვერ იკმაყოფილებდა. მატლისაგან შეჭმულმა ამოანთხია მას სტომაქიდან თავისი უბედური სული.
მკვლელი ჰეროდე მოკვდა და პატრიარქ იაკობის წინასწარმეტყველებაც აშკარად აღსრულდა: იუდეველ მეფეთა ბატონობა დასრულდა და იუდეა რომის იმპერიამ ოთხ ნაწილად გაყო. თითოეულ მათგანს მმართველი დაუნიშნეს.
ანგელოსი კვლავ გამოეცხადა იოსებს და უთხრა: „აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქვეყანად ისრაილისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა“.
იოსებმა წამოიყვანა ყრმა და მისი დედა და კვლავ ისრაელის მიწას დაუბრუნდა. მაგრამ თავისი ქვეყნის საზღვარს რომ მოაღწია, იორდანიდან მელექისაკენ მიმავალ გზაზე წყლის სათავესთან შეჩერდა, ამ დროს იოსებს ახალი ზეშთაგონება მოევლინა: მან გაიგო, რომ ჰეროდეს შემდეგ მისი ძე არქელაოსი მეფობდა და იუდეაში დარჩენისა შეეშინდა. რომ თავისი იქ ყოფნით ჰეროდეს ძისთვის იესოზე ახალი დევნის წამოწყების საბაბი არ მიეცა. მაგრამ მოვლინებულმა ანგელოსმა დაამშვიდა იგი და უთხრა, რომ გალილეის შემოგარენს განშორებოდა და ნაზარეთში დასახლებულიყო. ამგვარად აღსრულდა წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც კაცობრიობის მომავალი მხსნელი საკუთარ სამკვიდრებელშიც კი ყველასაგან დამცირებული და შეურაცხყოფილი იქნებოდა.