წმიდანები თეოპემპტი და თეონა ნიკომიდიაში ეწამნენ. წმიდა თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო დიოკლეტიანეს დროს. ის გაბედულად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. უსჯულო იმპერატორმა თავის კარზე იხმო მართლმადიდებლობის ქადაგი და მოსთხოვა, აპოლონის კერპისათვის ეცა თაყვანი. პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ თეოპემპტი გახურებულ ქურაში ჩააგდეს, მაგრამ ღმერთმა დაიცვა თავისი მსასოებელი. დიოკლეტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, 22 დღე შიმშილითა და წყურვილით ეტანჯათ იგი. ამგვარმა სისასტიკემაც ვერაფერი დააკლო უფლის რჩეულს. მაშინ მეფემ ცნობილ ჯადოქარ თეონას სთხოვა შემწეობა. მოგვმა შხამიანი კვერი აჭამა პყრობილს, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. თეონას შემზადებული უფრო ძლიერი შხამიც უძლური აღმოჩნდა მღვდელმთავრის სიწმიდის წინაშე. მაშინ ჯადოქარმა სცნო თავისი ბილწი მფარველის უძლურება და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მოგვყოფილი წმიდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს. მან მონათლა თეონა და სინესიუსი უწოდა, რაც „გაბრძნობილს” ნიშნავს.
დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ მოუწოდა თეოპემპტს და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისგან ქრისტეს უარყოფა. წმიდანი კვლავ ურყევად იდგა. მაშინ გამხეცებული მტარვალის ბრძანებით, ენითაუწერელი სატანჯველით აწამეს მხნე აღმსარებელი და თავი მოჰკვეთეს. წმიდა თეონაც მოწამეობრივად აღესრულა: მან უარი განაცხადა კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც ცოცხლად დამარხეს. ეს მოხდა 303 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.