წმინდა თეოდოსი ანტიოქელმა სიყმაწვილეშივე დატოვა მდიდრული ოჯახი და მცირე კელიაში დასახლდა ისის ყურის სანაპიროზე, ქალაქ როსის მახლობლად. წმიდანს შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსელი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. მას თმები ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის დაუსრულებელი ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები, მრისხანება დააცხრო და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განიწმინდა. თავის სამშობლოში მან დააარსა მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა, ღირსი მამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მწირებისა და მიუსაფრების მიმართ. წმიდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ „თეოდოსის ღმერთს“ უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. წმიდანის ეშინოდათ, პატივს სცემდნენ ყაჩაღებიც და ლოცვას ითხოვდნენ მისგან. თეოდოსიმ გადაწყვიტა, განრიდებოდა ადამიანურ დიდებას. სოფელ მარათონის მახლობლად დაიწყო განდეგილი ცხოვრება და მიიცვალა კიდეც მშვიდობით (+დაახლ. 412).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.