ღირსი მარტინიან ბელოზერელი (ერისკაცობაში მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკებში. ცამეტი წლის იყო წმიდანი, როცა სახლიდან გაიპარა, მონასტერში მივიდა და ღირს კირილე ბელოზერელს (ხს. 9 ივნისს) დაემოწაფა. საღვთო შურით აღსავსე ყმაწვილი მარტინიანე ბაძავდა თავის მოძღვარს და ყველაფერში მას ემორჩილებოდა. მან მონასტერში ისწავლა წერა-კითხვა, შემდეგ კი, მოძღვრის კურთხევით, წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. გავიდა დრო და წმიდანი ჯერ-ბერდიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს (+1427) სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველი ბერები. წმიდა მამამ მათთვის უფლის ფერიცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. გავიდა ხანი და ღირს მარტინიანეს თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ჰყვაოდა ამ სავანეში. მოგვიანებით, მარტინიანე სერგი რადონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა.
1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმიდანი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. 1514 წელს მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
ღირსი გალაქტიონ ბელოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მოწაფე და მორჩილი იყო. წმინდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს და, როცა იგი ძალიან დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა. ადამიანის თვალისათვის დაფარული მოღვაწეობით ნეტარმა მამამ სულიერ სრულყოფას მიაღწია და უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.
ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 1506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოზერელის ფეხებთან დაკრძალეს, თერაპონტეს მონასტერში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.