ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი ჩვიდმეტი წლის იყო, როცა მშობლიური ოჯახი დატოვა, მონაზვნობა შეიმოსა და მაკედონიის საუკეთესო მოძღვრის ბერი მარკოზის მორჩილი გახდა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ წმიდა მაქსიმე ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული რამდენიმე მეუდაბნოე მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა მოღვაწეობას. კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდანი გამუდმებით ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში იმყოფებოდა და თითქმის დაყუდებულის ცხოვრებით ცხოვრობდა. ადამიანთაგან განდიდების საფრთხეს რომ განრიდებოდა და თავისი ღვაწლი დაეფარა, მაქსიმემ სალოსობა დაიწყო. ათონზე ღირსი მამის ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა მორჩილად. იგი აქ, წმინდა მთის მწვერვალზე, ღმერთმა ღვთისმშობლის გამოცხადების ღირსი გახადა. როცა წმიდანმა თავისი ხილვის შესახებ ერთ ბერს მოუთხრო, ამ უკანასკნელმა იგი მოხიბლულად ჩათვალა. ეს უნდობლობა ღვთის რჩეულმა სასიკეთოდ გამოიყენა: ხიბლისა და ამპარტავნების საფარქვეშ დამალა საოცარი ღვაწლი. რომ განემტკიცებინა აზრი თავის შეშლილობის შესახებ, ღირსი მაქსიმე ხშირად იცვლიდა საცხოვრისს. მიტოვებულ ბალახის ტალავრებს წვავდა, ამიტომაც შეარქვეს კავსოკალივიტი - ტალავართმმუსვრელი (ის, ვინც ტალავრებს წვავს). წმიდა მთის მამებმა იცოდნენ, როგორი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა წმიდანი, რამდენ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა, მაგრამ ვერ იცვლიდნენ წინასწარ აკვიატებულ აზრს მის შესახებ. ათონზე ჩამოსულმა ღირსმა გრიგოლ სინელმა (+დაახლ. 1310; ხს. 8 აგვისტოს), მოხიბლულად მიჩნეულ ბერთან საუბრის შემდეგ თავისი გაოცება ვერ დამალა და თქვა: ეს ხომ მიწიერი ანგელოზია! ღირსმა გრიგოლმა დაჟინებით სთხოვა მაქსიმეს, შეეწყვიტა სალოსობა და ერთ ადგილზე დამკვიდრებულიყო, რომ სხვებსაც შესძლებოდა მისი სულიერი გამოცდილების გაზიარება. წმიდანიც დამორჩილდა გრიგოლისა და სხვა ბერების ვედრებას და ერთ გამოქვაბულში დასახლდა, ცნობილი ბერის ისაიას მეზობლად. მაქსიმე წინასწარმცნობელობის მადლით იყო დაჯილდოვებული. მისთვის მიუმართავთ, შემდეგ კი წინასწართქმულის სიზუსტით გაოცებაში მოსულან თვით ბიზანტიის იმპერატორებიც – იოანე პალეოლოგი (1341-1374) და იოანე კანტაკუზენი (1341-1355). წმიდანი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთ წმიდა მამას იგი ჰაერში მოსიარულეც უნახავს.
ღირსმა მაქსიმემ მხოლოდ სიკვდილის წინ აიღო ხელი განდეგილობაზე და ათანასეს ლავრის მახლობლად დაემკვიდრა, სადაც მიიცვალა 1354 წელს, 95 წლის ასაკში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.