ღირსი იოანე გლახაკი (მეტალავრე) კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა V საუკუნეში. მდიდარმა და დიდებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ყმაწვილი ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით საღვთო წიგნები იზიდავდა. მან სცნო ამ სოფლის ამაოება და გადაწყვიტა, უფლის მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდანმა მშობლებს სთხოვა, სახარება მაჩუქეთო, შემდეგ კი ფარულად დატოვა სახლი, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და აქ მღვიძარეთა მონასტერში ბერად აღიკვეცა. ახალგაზრდა მოწესე გულმოდგინედ შეუდგა მსახურებას, ის აოცებდა საძმოს მუდმივი ლოცვით, უდრტვინველი მორჩილებით, მკაცრი თავშეკავებითა და მოთმინებით.
ექვსი წლის შემდეგ იოანეს განსაცდელი დაატყდა თავს: მას განუწყვეტლივ აგონდებოდა მშობლები, მათი სიყვარული და ალერსი, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ დაამწუხრებდა მათ შვილის მოულოდნელი დაკარგვა. ეშმაკისგან მოვლენილი აზრებითა და წარმოდგენებით შეშფოთებული ბერი იმდენად მოუძლურდა, რომ უკვე სიკვდილის საფრთხის წინაშე იდგა. წმიდანმა თავისი სულიერი მდგომარეობა წინამძღვარს გაუმხილა და სავანის დატოვების ნებართვა სთხოვა. მანაც, სულიწმიდით შთაგონებულმა, მისცა კურთხევა. წასვლის წინ იოანე მხურვალედ ევედრა საძმოს, ელოცათ მისთვის, რადგან იმედოვნებდა, რომ მათი ლოცვით ღმერთი წყალობის თვალით მოხედავდა: მშობლებსაც ნახავდა და ეშმაკის მზაკვრობასაც გადაურჩებოდა.
კონსტანტინეპოლში გლახაკის სამოსლით დაბრუნებული იოანე საკუთარი სახლის ჭიშკართან დამკვიდრდა. წმიდანი ისე იყო შეცვლილი, რომ მშობლებმაც ვერ იცნეს. ისინი, ღვთის გულისთვის და საკუთარი გულმოწყალებით, ყოველ დღე უგზავნიდნენ საზრდელს „უცნობ გლახაკს “.
სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმიდანი ტალავარში და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გასაჭირს. ერთ დღეს იოანეს გამოცხადებით ეუწყა, რომ მისი ტანჯვის დასასრული მოახლოებული იყო და სამ დღეში წარსდგებოდა უფლის წინაშე. მხოლოდ მაშინ აჩვენა წმიდანმა დედ-მამას მათი ნაჩუქარი სახარება. წმიდა იოანეს უკანასკნელი სათხოვარი იყო, იქ დაეკრძალათ, სადაც მისი ტალავარი იდგა და კუბოში თავისივე ძონძებით ჩაესვენებინათ.
25 წელს მიახლოებული ღირსი მამა V საუკუნის შუა წლებში აღესრულა. მის საფლავზე მშობლებმა ააგეს ტაძარი, რომელთანაც დავრდომილთა თავშესაფარიც დაარსეს. XII საუკუნეში წმიდანის უხრწნელი თავი ჯვაროსნებმა ბეზანსონში (საფრანგეთი) წაიღეს, მისი წმიდა ცხედარი კი რომში განისვენებს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.