ღირსი მამაჲ ჩვენი მღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია) (+1923)

18 (31) იანვარი

წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.

ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.

ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.

ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.

ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? “ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი! “ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”

შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.

ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.

შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.

ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.

ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და, ბოლოს, აღესრულა.

თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.

დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.

1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.

ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.

1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.

მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს .

ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.

ღვთის წყალობით და უფლისმიერი მინიშნებით ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა დამ, სოფიომ მიიღო დედისგან ლოცვა-კურთხევა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. თავად ალექსი ნააღდგომევს აპირებდა სოფლისგან განშორებას. დაიწყო კიდეც მზადება აღთქმის შესასრულებლად: დიდი მარხვა მკაცრად იმარხა-დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, დიდ ხუთშაბათს ეზიარა. დიდ პარასკევს, ღამით, მან იხილა ჩვენება: თითქოს საკვირველ ტაძარში შევიდა. ამბიონზე ბარძიმითა და საზიარებელი კოვზით იდგა თავად მაცხოვარი, რომელმაც აზიარა მომავალი წმიდანი. ეს ჩვენება ღირსმა უფლის ნებად მიიღო, დიდ შაბათს მღვდლის წინაშე გულწრფელად აღიარა თავისი ცოდვები და ეზიარა.

გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.

ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.

1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

წმ. ალექსი შუშანიას ცხოვრების ვრცელი ვერსია

ღირსი ალექსი შუშანიას პოეზია