წმიდა მოწამენი ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები ტიმოთე და აღაპი III საუკუნეში ცხოვრობდნენ, რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეეპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მთას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეოდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე. მოსაგრეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიპყრო და სასტიკად აწამა. მათ ახოვნად დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ. ქრისტეს ტარიგთა ცხედრები კოცონში ჩაყარეს, მაგრამ სიწმიდეს ალი არ გაეკარა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.