ღირსი დიონისეს (XVI) ღვთივრჩეულობა ბავშვობაშივე გაცხადდა ზეციური სასწაულით: მისი აკვნის თავზე ჯვარი გაბრწყინდა. მომავალმა წმიდანმა სიყრმიდანვე შეიყვარა საღმრთო წიგნების კითხვა და ლოცვა, მშობლების სიკვდილის შემდეგ კი ათონის მთას მიაშურა და ბერად აღიკვეცა. მკაცრი მოღვაწეობით გამორჩეული მოღვაწე მალე დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი. ღირს მამასთან მრავალი მონაზონი მოდიოდა რჩევა-დარიგების მოსასმენად და ისიც დაუზარებლად მოძღვრავდა ყველას. როცა ფილოთეოსის სავანის იღუმენი გარდაიცვალა, ძმების თხოვნით, წინამძღვრობა დიონისემ იტვირთა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოეწონათ ეს არჩევანი და ბერებს შორის შუღლი და მტრობა ჩამოვარდა. წმიდა მამა ყველაფერზე მაღლა მშვიდობასა და ურთიერთსიყვარულს აყენებდა, ამიტომ ნებით გადადგა იღუმენობიდან და ჯერ ბერიას მიაშურა, შემდეგ კი ოლიმპოს მთას. აქ მან ელია წინასწარმეტყველის სახელობის სავანე დააარსა, რომლის წესდებაც თვითონ შეადგინა. ღვთივსათნო მოღვაწეობისთვის ღირს დიონისეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში და ოლიმპოზე თავისსავე სავანეში დაკრძალეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.