წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე,
მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული (+1125)

26 (08.02) იანვარი

XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, ააოხრა სომხეთი, და მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. შეშინებულმა ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა.

ერთ დროს ქრისტესმოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა. „ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქციეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა“. აღდგომის დღეს „მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ“. საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.

ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს „იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელთა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით, ღმრთისა მამისაგან და თჳთ სამეოცდამეცხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“. საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძენადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელისამპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.

1089 წელს გიორგი II უარი თქვა მეფობის პატივისა და სიმძიმეზე და თავის 16 წლის „მარტოშობილ ძეს. დაადგა გჳრგჳნი მეფობისა“. „თჳთ მამამან პოვა დავით, მონა თჳსი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას“. უფალმა წყალობითა და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე, „უზესთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა“. წინ იყო ბრძოლის, შრომის, აღმშენებლობის, მოღვაწეობის 36 წლიანი გზა.

უპირველეს ყოვლისა, დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარზე, აზნაურებს მოუყარა თავი და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.

გავიდა ოთხი წელი. მოკვდა სულთანი მელიქ-შაჰი. ლიპარიტ ბაღვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, „იწყო მამურ-პაპურთა კუალად სვლა. დაღათუ ქრისტეანე იყო სახითა, გარნა ორგულება და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა. დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა“.

მეფემ მისი მობრუნება განიზრახა და რამდენიმე ხნით შეიპყრო. კლდეკარის ერისთავმა მტკიცე ფიცი და ერთგულების პირობა დადო. მეფემ შეუნდო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ „კუდი ძაღლისა არ განიმართლების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“, კვლავ შეიპყრო, ორი წელიწადი საპყრობილეში ამყოფა, შემდეგ კი პატივაყრილი საბერძნეთს გაგზავნა. ასევე წარმატებით დათრგუნა დავითმა სხვა ურჩი დიდებულებიც, რადგან იცოდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედი შინაგანი მშვიდობა და ერთობა იყო.

ამასობაში იერუსალიმი და ანტიოქია ჯვაროსნებმა აიღეს. ამით ისარგებლა დავით მეფემ და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი

ღვთივგანბრძობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება „ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობლად ორთა საეპისკოპოსოთა - რუისა და ურბნისისა“. კრებამ აღადგინა და გააძლიერა ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში. „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება“, - ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.

დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიჰმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. ღვთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, მეომრებს ლომივით შეუძახებდა, გრიგალივით დაჰქროდა. სამი ცხენი მოუკლეს ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით.

რამოდენიმე წელი ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ გაწმენდას.

თურქთა სულთანმა მუჰამედმა 100 ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, თავად მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისაკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. „შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი თურქთა“. თავზარდაცემული მომხვდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განიდევნა.

სიმდიდრით და დიდებით აივსო სამეფო. იმავე წელს დავითმა თავისი ასული კატაჲ ბერძენთა იმპერატორს ალექსი კომნენს მისცა სძლად, მეორე ასული კი შირვანს გაგზავნა დედოფლად, „რათა ვითარცა ორნი მნათობნი ერთი აღმოსავლეთს, მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდნენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი შარავანდედთანი“.

„ძლევანი საკვირველნი“ გრძელდებოდა, წმიდა მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. სწორუპოვარ მამას გვერდით ედგა ღირსეული შვილი, „სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნევითა უმჯობეს მამისა“ - დემეტრე (შემდგომ ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი (ხს. 23 მაისს). უფლისწულმა შირვანი დალაშქრა, ქალაძორი აიღო და დიდძალი ალაფითა და ტყვეებით დაბრუნდა მამასთან.

შემდგომ წელიწადს ლორე და აგარანი შემოიერთა საქართველომ.

მიუხედავად წარმატებისა, დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ ძლევამოსილ, მაგრამ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. ის კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების და მხნეობის ამბავი. მისი მეუღლე, გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება. ყივჩაღთა მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად მეფე და მისი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი ოსეთს წავიდნენ. ოსეთში გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, „აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა“. დამწუხრებულმა მეფემ 40 დღიანი გლოვა გამოაცხადა მთელ სამეფოში.

დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა 40000-იანი არმია. ამას 5000 ქართველიც მიემატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო 45000 კაცისაგან შემდგარი სპა.

დავითმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქების ნავარდობას ბოლო მოუღო. წმიდა მეფე დღითი-დღე ამტკიცებდა, ჰკრავდა და აძლიერებდა ქვეყანას. მტრები ვერ ბედავდნენ ღვთივკურთხეულ მეფესთან შებმას. „ესევითარცა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი“ სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფე დურბეიზს უხმო, მისცა თავის ძე მალიქი, 600000-იანი არმია შეკრიბა და საქართველოსაკენ დაძრა.

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. უშიშარმა მეფემ წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.

ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“ თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოთ“.

უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა“.

პირველსავე ბრძოლაში მტერმა დიდი ზარალი ნახა. ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.

დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.

მომდევნო 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და 400 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა. უფალი შეეწეოდა ღვთის მადიდებელ მეფეს. ჯერ კიდევ 1106 წელს დაიწყო დავით მეფემ თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინის - გელათის მონასტრის მშენებლობა. „მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლისა შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაათხა ტაძარი ყოვლადწმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა“. ეს ტაძარი ყველა დანარჩენებზე მშვენიერი იყო. დავითმა მას დიდძალი განძი და ომებში მოპოვებული ნადავლი შესწირა, ამასთანავე „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქვეყანისა კიდეთათ, სადაცა ესმა ვიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ხორციელთა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძია, მოიყვანნა და დამკჳდრნა მას შინა“. ასე დაუდო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს - გელათის აკადემიას. აქ მოღვაწეობდნენ: იოანე პეტრიწი, თეოფილე ხუცეს-მონაზონი, იოანე ტარიჭის ძე, არსენ იყალთოელი. მართლსარწმუნოებისა და სიბრძნის კერა იქცა „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინად“.

დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო საქართველოს საზღვრებს გარეთ წმიდა ადგილებში მრავლად არსებულ ქართულ სავანეებს.

კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად. როცა დააცარიელებდა, სიხარულით აღივსებოდა, თუ დღის ბოლომდე ყველაფერს ვერ გასცემდა, მწუხარედ იტყოდა: „დღესა ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“.

წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავი

განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას, როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა, დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინადიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოს წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ; ოცდაოთხჯერ წარეკითხა“.

საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი „გალობანი სინანულისანი“ თავისი ღრმა სულიერებით უტოლდებოდა ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ყველაზე ძლევამოსილმა და ყველაზე მართალმა შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებით და უნებლიედ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს: „ჟამი რაჲ წვლილთა და ხმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებანი უქმ იქმენნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“

1125 წელს, როცა „დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა“ წარმართვაზე ფიქრობად, ანდერძი დაწერა ღვთივგვირგვინოსანმა მეფემ, თავის ხელით დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, დაადგა გვირგვინი, მახვილი შემოარტყა წელზე და „დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძნობა დღეთა ბედნიერით“. თვითონ კი 53 წლის ასაკში აღესრულა „სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმულთა შორის; საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის“ (არსენ ბერი).

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერ აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე ესე მთნავ: აქა დავემკვიდრო მე“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ფოტოები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ

 

იხ. დავით აღმაშენებლის ცხოვრების ვრცელი ვერსია