ღირსი ქსენოფონტე და მეუღლე მისი მარიამი კონსტანტინეპოლში ცხოვრობდნენ V საუკუნეში. დიდგვაროვანი და მდიდარი ცოლ-ქმარი თავმდაბლობითა და სიკეთით გამოირჩეოდნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ - იოანე და არკადი. როცა ძეები წამოიზარდნენ, კეთილმსახურმა დედ-მამამ ისინი სწავლის გასაგრძელებლად ფინიკიის ქალაქ ბეირუთში გაგზავნეს. ღვთის განგებით, ხომალდი გზაში დაიღუპა და ძმები სხვადასხვა ადგილას გაირიყნენ ნაპირზე. განშორებით დამწუხრებული იოანე და არკადი ბერებად შედგნენ. ხომალდის დაღუპვის ცნობით შეძრწუნებულ მშობლებს ღმერთმა ზეციური ჩვენებით განუცხადა, რომ მათი ძეები გადარჩნენ, რის შემდეგაც სულიწმიდით შთაგონებული ქსენოფონტე და მარიამი იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრნენ. აქ ისინი შეხვდნენ განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულ არკადის მოძღვარს, რომელმაც ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარში თავისი სულიერი შვილის მშობლები შეიცნო, უსიტყვოდ მიუხვდა სატკივარს და მთელი ოჯახი ერთად შეჰყარა. დიდი იყო მათი სიხარული. ამის შემდეგ ქსენოფონტემ და მარიამმაც მონაზვნობა შეიმოსეს, მდუმარებითა და მკაცრი მარხვით სათნოეყვნენ უფალს და სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს, არკადიმ და იოანემ კი უდაბნოს მიაშურეს და აქ გაბრწყინდნენ ახოვანი მოსაგრეობით.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.