ბორკილდადებული აბო დღე და ღამე ლოცულობდა და მარხულობდა. მან მთელი თავისი ავლადიდება გაყიდა და საპყრობილეში მყოფ, მშიერ და ავადმყოფ პატიმრებს ჰკვებავდა. ცრუ-მოძღვარნი და მისი დამბეზღებელნი კი არ ისვენებდნენ, მასთან საპყრობილეში შედიოდნენ და ალერსიანი სიტყვებით მის ცდუნებას ცდილობდნენ: შვილო, ნუ გაწირავ ნურც შენ თავსა და ნურც შენ სიჭაბუკეს, შენს ახლობლებსაც ნუ განეშორები. ნუ შეამთხვევ უბედურებას შენ თავს და ჩვენც ნუ შეგვაწუხებო. ზოგიერთი კი აშინებდა: რა სარგებელი მოგიტანა ქრისტემ, ან ვინ დაგიხსნის შენ ჩვენი ხელიდან, როდესაც ცეცხლი და სატანჯველი უკვე გამზადებულია შენთვის, თუ არ მოექცევი კვლავ ძველი სჯულისკენო.
წმიდა აბო თითქოს არც კი უსმენდა მათ და უხმოდ ფსალმუნებდა „გონებითა მისითა“, ხოლო როდესაც აღარ მოასვენეს, დავით მეფსალმუნის სიტყვებით გაეპასუხა: ნურაფერს ნუ მეტყვით, რადგან მე, „ვითარცა ყრუსა არა მესმოდა და ვითარცა უტყვმან რაი არა აღაღის პირი თვისი, ვიყავ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაი. რამეთუ მე უფალსა ვესავ, განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი!“. როდესაც ვერ შეძრეს მართალი იგი, მოშორდნენ შერცხვენილნი და გაწბილებულნი.
ტყვეობის მეცხრე დღეს აბოს „ზეგარდამო“ ეუწყა, რომ მოახლოვდა დღე შენი აღსრულებისაო და ისიც, რომ უფალი, რომლის სიყვარული ასე ცეცხლებრ აღენთო ახალგაზრდა ღუაწლმოსილის გულში, ბრწყინვალე გვირგვინს უმზადებდა მას. ამიტომ იწყო მზადება მოწამეობრივი სიკვდილის მისაღებად. აბომ განიძარცვა ზედა-ჩასაცმელი ტანსაცმელი, გააყიდვინა და მიღებული გროშებით ქალაქის ეკლესიებში თავისი სულის მოსახსენებლად კელაპტრებისა და საკმევლის ანთება ითხოვა. სამღვდელოებას კი სთხოვა ელოცათ მისთვის. თენდებოდა ნათლისღების დღესასწაული. წმინდა აბომ ორი დიდი სანთელი ხელთ იპყრა და განთიადამდე ფეხზე მდგომი ფსალმუნებდა, სანამ რკინის ჯაჭვებით შეკრულ მის ხელებში სანთლები არ ჩაიწვა. „წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა... - იტყოდა გაუნძრევლად მდგარი წმინდანი.
გათენდა აბოს პატიმრობის მეათე დღე, პარასკევი - 786 წლის 6 იანვარი, მაცხოვრის ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული. მაშინ თქვა ნეტარმა: ეს დღე ორმაგად ძვირფასია ჩემთვის, რადგან ვხედავ უფალ იესო ქრისტეს ორმაგ გამარჯვებას: ამ დღეს „შთახდა მდინარესა მას იორდანესა განშიშვლებული ნათლისღებად. და სიღრმეთა მათ შინა წყალთაისა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალითა ღმრთეებისაითა შემუსრა“, ამიტომ ვალდებული ვარ მეც განვიძარცვო შიში „ხორცთა ამათ ჩემთა, რომელნი სამოსელ არიან სულსა ჩემსა, და შთავხდე, ვითარცა სიღრმესა ზღვისასა შორის ქალაქსა ამას და ნათელ ვიღო სისხლითა ჩემითა, და ცეცხლითა, და სულითა“. დღეს გარდამოსვლაა სულისა წმიდისა „ყოველთა ზედა წყალთა, რომლითა ნათელ იღებენ ქრისტეის მორწმუნენი სახედ იორდანისათა მათ მდინარეთა, და განშიშვლებითა ხორცთა ჩემთაითა მტერისა მის მანქანაისა მზაკუვარებანი, რომელ იზრახა ჩემთვის - განვბასრნე და დავტკებნო ფერხითა ჩემითა შორის ქალაქსა ამას“. ამავე პარასკევ დღეს კი იესო ქრისტემ თავისი ვნებითა და „ხელთა თვისთა ჯუარსა ზედა განპყრობით განაქიქა და თითით საჩვენებელყო ყოველთა კიდეთა ქუეყანისაითა მტერი იგი ყოვლისა სოფლისაი“, ამიტომ, მეც ვალდებული ვარ, რომ განვუდგე ქრისტიანეთა მტერს და ქრისტესთვის სისხლის დათხევით სასაცილოდ ვაქციო, რადგან მას ეგონა, რომ სიკვდილის შიშით განმაშორებდა ჩემი უფლის სიყვარულს. ხოლო მე მის განზრახვას გავაუქმებ და ქრისტესმიერი შეწევნითა ვძლევ, და ამით ჩემი უფლის ორივე ვალს გადავიხდიო.
შემდეგ მოითხოვა წყალი, პირი დაიბანა, ნელსაცხებელი იცხო და თქვა: მე თვითონ ვიყავ ნელსაცხებელთა შემზავებელი, ხოლო ეს საცხებელი „დღედ დაფლვისა ჩემისა არს“, ამიერიდან აღარ ვიცხო მალე განქარვებადი ზეთი, არამედ როგორც ქებათა ქებაში მასწავლის ბრძენი სოლომონი: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი“, ქრისტე, რომელმან აღმავსე განუქარვებელითა სარწმუნოებითა სიყუარულისა შენისაითა! იცი შენ, უფალო, რამეთუ შეგიყუარე უფროის თავისა ჩემისა - წარმოსთქვა ნეტარმა და მოითხოვა წმინდა საიდუმლო - ხორცი და სისხლი ქრისტესი. და როდესაც მოიღო „ჭეშმარიტი იგი განმაცხოველებელი საიდუმლოი“, უფალს მადლობა შესწირა და თქვა: აწ დაღათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკუდილისაითა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ უფალი ჩემთანა ხარ“. მალევე მოვიდნენ მის წასაყვანად ამირას მსახურნი. დამშვიდობებისას ასე მიმართა ნეტარმა ქრისტიან პატიმრებს: „ლოცვასა მომიხსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთოსა ამას სოფელსა!“. მაშინ გამოიყვანეს ხელფეხდაბორკილი აბო და მთელი ქალაქი გადაატარეს. ხედავდნენ მას ქრისტიანები და ცხარე ცრემლით დასტიროდნენ. წმინდანი კი ასე ამხნევებდა მათ: „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ; ლოცვით წარმგზავნეთ და მშვიდობამან უფლისამან დაგიცვევინ თქუენ!“. ელოდებოდა რა სიკვდილს, აბო სულით წინასწარ ხედავდა „თვისსა მას გუამსა და თვით იტყოდა ფსალმუნსა ამას ას მეთვრამეტესა (17 კანონს), - ნეტარ არიან უბიწონი გზასა...“ და ჩაურთავდა საგალობელსა მუხლსა, ნეტარისა ავაზაკისა თქმულსა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.
ამირას სამყოფელში მისულმა აბომ ჯვარი ჯერ კარებს გადასახა და მერე თვითონაც გადაიწერა. „რა არის, ჭაბუკო, ეს რაი განიზრახე თავისა შენისაი?“ - ამ სიტყვებით შეეგება განრისხებული ამირა. „მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!“ - გზნებით მიუგო ნეტარმა. მაშინ განცვიფრებულმა ამირამ ჰკითხა: ჯერ კიდევ არ მიგიტოვებია ეგ სიგიჟე და უგუნურებაო?, ხოლო აბომ უპასუხა: უმეცრებასა და უგუნურებასა შინა მყოფი ვერ გავხდებოდი ღირსი ქრისტეს თანა მყოფობისაო. ვერ ხვდები, რომ ეს სიტყვები შენი სიკვდილის მომასწავებელია - მრისხანედ უთხრა უსამართლო მსაჯულმა. თუ მოვკვდები - მრწამს მე, რომ ქრისტეს თანა ვცხონდები; ხოლო შენ ნუღა აგრძელებ ამაო ლაპარაკს, არამედ რაც გსურს, გააკეთე, რადგან როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობილი ხარ, მეც არ მესმის შენი სიტყვები, „რამეთუ გონებაი ჩემი ქრისტეის თანა არს ზეცას“ - უშფოთველად მიუგო ჭაბუკმა. კვლავ ჰკითხა ამირამ: „რაი ეგოდენი სიტკბოებაი გაქუს ქრისტეის შენისაგან, რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალის თავი შენი?“, ხოლო წმინდა აბომ ურჩია: შენც განეშორე ამ ცდომილებას და ნათლისღების შემწეობით იგემე ქრისტეს სარწმუნოების სიტკბოებაო. მაშინ კი რისხვით აღივსო სარკინოზის ულმობელი გული და მსახურებს უბრძანა: სასწრაფოდ წაიყვანეთ და თავი გააგდებინეთო. მსახურებმა ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესიის გალავანში (ეს ტაძარი დააქცია შაჰ-აბას I-მა. იგი იყო მეტოქი ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისა. ღმრთის წყალობით ტაძარი ხელახლა შენდება - არქიტექტორი: რეზო ჯანაშია) შეიყვანეს წმინდანი და ხელ-ფეხზე ბორკილები ახსნეს. მან კი ზედა სამოსი შემოიხია, ჯვარი გამოისახა და თქვა: „გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხვევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა!“. შემდეგ ხელები ზურგზე გადააჯვარედინა და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს. სანამ თავს მოკვეთდნენ, მტარვალებმა სამჯერ ზედიზედ მოუქნიეს მახვილი - იქნებ შეშინდეს და შეინანოს თავისი საქციელიო, მაგრამ „წმიდაი იგი მარტვილი დუმილით მხნედ მიითვალვიდა მახვილსა“, ხოლო მეოთხე დაკვრაზე მოჰკვეთეს თავი. თავმოკვეთილი დაეცა წმინდა აბო, ოდესღაც სარკინოზი, შემდგომ ქრისტიანი, ხოლო სულითა და გულით ქართველი.
წმინდა აბოს დამბეზღებელმა არაბებმა ამირას უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანები ქრისტესთვის თავდადებული მოწამეების გვამებს იპარავენ, სამოსელს, თმასა, ძვლებსა და ყველაფერ მისეულს ერთმანეთში იყოფენ, ხოლო შემდეგ ამით ვითომ სნეულებს კურნავენ და სასწაულებსაც ახდენენ. ხალხს ატყუებენ და ქრისტეს სჯულზე აყენებენ. ნება მოგვეცი ცეცხლზე დავწვათ აბოს გვამი, ფერფლი გავაბნიოთ და მოვსპოთ „საცთური ქრისტიანეთა, რაითა იხილონ ყოველთა და შეეშინოს... და არღარა შეუდგენ სწავლათა ქრისტიანეთასა“. წაიღეთ და როგორც გსურთ ისე მოიქეცითო - უპასუხა ამირამ. მაშინ მათ აიღეს წმინდა მოწამის პატიოსანი გვამი, თავისი სამოსელითურთ „გულაგსა მას აღსაკიდებელსა“ ჩადეს და წმიდათა ორმოცთა სებასტიანელთა მსგავსად“ ურემზე დადეს, შემდეგ მიწაზე დათხეული სისხლიც ამოთხარეს და ისიც ჭურჭელში მოათავსეს. ურემი ხიდის მეორე მხარეს გადაიყვანეს „გარეშე ქალაქსა მას“ (ქრისტეც ქალაქ გარეთ აცვეს ჯვარს) და იმ ადგილს მიუახლოვდნენ, რომელსაც საგოდებელს უწოდებდნენ, რადგან ძველის-ძველთაგანვე იქ იყო ქალაქის მკვიდრთა საფლავები (ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესია სულ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული ამ ადგილს, მაგრამ ხიდის მეორე მხარე უკვე ქალაქგარეთ ითვლებოდა). წმ. აბოს ნეშტი გადმოიღეს და მეტეხის ციხის აღმოსავლეთით ( სადილეგოდ წოდებულ), კლდის პირზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე დაასვენეს. შემდეგ მოიტანეს შეშა, თივა, ნავთი და დაწვეს, ხოლო ნაცარი და ძვლები ცხვრის ტყავში გამოახვიეს, მტკიცედ შეკრეს და მეტეხის ხიდის ქვეშ, ქართველთა იორდანეში - მდინარე მტკვარში მოისროლეს. „იქმნა წყალი იგი მდინარისაი მის წმიდათა მათ ძვალთა სამოსელ... და სიღრმეი იგი წყალთაი საფლავ წმიდისა მის მარტვილისა, რაითა არავინ უდებად შეეხოს მათ“, - წერს იოანე საბანისძე. თბილისელმა ქრისტიანებმა კი შიში დასძლიეს და გავიდნენ იმ ადგილზე, სადაც დაწვეს წმინდა აბოს პატიოსანი გვამი: მოხუცებულები მოდიოდნენ ჯოხზე დაყრდნობით, კოჭლები - ხტომით, ჭაბუკნი - სირბილით, ყრმანი ერთმანეთს ასწრებდნენ, დედაკაცნი - სანთელ-საკმეველით ხელში, მენელსაცხებლე დედათა მსგავსად ცრემლმორეულნი მორბოდნენ, და სიხარულით ქრისტეს ადიდებდენ. მრავალი დასნეულებული და ეშმაკეული სრულიად განიკურნა.
„მრჩობლ იქმნაო დღესასწაული ესე ღმრთის გამოცხადებისა“, - ამბობს იოანე საბანიძე. იმავე ღამეს ღმერთმა განაბრწყინა თავისი მოწამე: „იყო ჟამი პირველი“, იმ ადგილზე, სადაც დაწვეს ყოვლად პატიოსანი გვამი წმიდისა აბოსი, უფალმა გარდამოავლინა ძლიერ მანათობელი ვარსკვლავი, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაი... და დგა იგი ზე ჰაერთა, ვიდრე სამ ჟამადმდე...“. ამ საკვირველ გამოცხადებას ხედავდნენ თბილისის მცხოვრებნი. შერცხვენილმა ამირამ მსახურები მიავლინა მტკვრის ნაპირზე, ქრისტიანებმა ხომ არ დაანთეს სანთლებიო, მაგრამ, ხიდთან მისულებმა იხილეს, თუ როგორ „აღმაღლდებოდა ვარსკულავი იგი ზე ჰაერთა“
ყოვლად ძლიერმა ღმერთმა მეორე ღამესაც გამოაჩინა თავისი ძალა, „პატივსცა თვისსა მარტვილსა და აჩუენა სასწაული საკვირველი - სადაც ჩაყარეს წმინდანის სანატრელი ძვლები, ხიდის ქვეშ აღმობრწყინდა ნათელი სვეტის მსგავსი, ვითარცა ელვა, რომელიც მთელი ღამე იდგა და აშუქებდა მიდამოს: მდინარის ნაპირს, კბოდესა და ხიდს. ამ სასწაულსაც ყველა ხედავდა, რათა ყველას ერწმუნა, „რამეთუ ჭეშმარიტად იესო ქრისტეის, ძისა ღმრთისა მარტვილი არს“. და გულისხმა ყონ მორწმუნეთა და ურწმუნოთა, რამეთუ „ჭეშმარიტ არს სიტყუაი იგი, რომელ თქუა, ვითარმედ - მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივსცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა“.
ხმა დავარდა, ზეციური ვარსკვლავი ჩამოდის წამებულის ნაფერფლარზეო. ქრისტიანები აღტაცებული შესცქეროდნენ მეტეხის ბორცვზე მოკიაფე „ზეციურ ვარსკვლავს“, და ფიქრობდნენ, თუ განხრწნად ხორცს ასეთი პატივი დასდო, რამდენად დიდ პატივს მიაგებს წმ. მოწამეს მართალთა აღდგომისასო. მუსლიმ-სარკინოზ-აგარიანნი კი „რომელთა ქრისტე უარყვეს და წმინდანთა მისთა გვემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს“, - ძრწოლამოსილნი უცქერდნენ და „რცხვენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათვის“. ქრისტიანებმა მალევე აღმართეს ჯვარი წმინდა აბოს წამების ადგილას, ხოლო შემდეგ ნიშიც ააგეს.
აბოს კანონიზაცია, როგორც ცნობილია, მოხდა VIII ს-ის ოთხმოციანი წლების ბოლოს. საქართველოს ეკლესიამ წმ. აბოს დღესასწაული დააწესა 7 იანვარს - მაცხოვრის ნათლისღებისა და წმინდანის წამების მეორე დღეს. სწორედ ამ რიცხვშია აღნიშნული ხსენება წმინდა აბოსი ჟამნში, რომელიც დაბეჭდილია მეფე ვახტანგ VI-ის დროს (1710 წ.)
VIII საუკუნის 80-90 წლებში ქართლის კათალიკოსი სამოელი სთხოვს იოანე საბანისძეს, აღწეროს ღვაწლი აბო თბილელისა, „რაითა დაიდვას იგიცა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსახსენებლად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა“. („წმინდა ჰაბოს წამება“). კათალიკოსის მიზანია, ხსოვნა აბოს მოწამეობრივი ღვაწლისა შემოუნახოს მომავალ თაობებს, რათა მათაც იცოდნენ, რომ აბო თითოეული ჩვენგანისა და „ყოვლისა ამის სოფლისა ჩუენისა ქართლისა“ მეოხია ქრისტეს წინაშე. იოანე საბანისძის მიერ კათალიკოსისადმი მიწერილ პასუხში კარგად ჩანს, თუ რა შინაგანი ბრძოლის გადალახვა მოუხდა ავტორს, სანამ აბოს მარტვილობას აღწერდა. ეს ნაწარმოები ოთხ ნაწილად არის გაყოფილი: პირველში მოთხრობილია ამბავი ქრისტესმოყვარეთა წამებისა და ამბავი წმინდანთა მოღვაწეობისა; მეორეში - ისტორია აბოს მოსვლისა ქართლს; მესამეში - წამება წმინდა აბოსი და მეოთხეში - ქება აბოსი.
იოანე საბანისძე ყურადღებას ამახვილებდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აბოს თავგანწირულ სიკვდილს იმდროინდელი ქართველობისათვის. არაბის მიერ მაჰმადიანობის ქრისტიანობაზე ნებაყოფლობით გაცვლა ქრისტიანობის ზნეობრივი ძლიერების საუცხოო დამამტკიცებელი საბუთი იყო. თუკი აბომ, უცხო ტომის შვილმა, მაჰმადიანობის აღმსარებელმა იწამა ქრისტე და მისთვის სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, რა გვმართებს ჩუენ, ქრისტიანებს, რომელთაც ხუთასი წლის წინ მიგვიღია ქრისტიანობა.
„აბო თბილელის თავგანწირულ მსხვერპლს უნდა გაემხნევებინა დევნილი ქრისტიანენი, სულის სიმტკიცე მიეცა და იოანე საბანისძის სიტყვით, მართლაც „სიყუარული იგი ქრისტეისი ჩუენდამო და სარწმუნოებაი ჩუენი მის მიმართ კუალად განახლდა“- ო. ეს განახლება აბო თბილელის ღუაწლმა წარმოშვა. ამ გარემოებამ „სწავლულნი უფროის გულისხმიერ“ ჰყო და ჩააფიქრა, შერყეულნი უფროის განამტკიცა“ და გაამხნევა, ხოლო „განმტკიცებულნი“ გაახარა.
იოანე საბანისძისათვის ეს საკმარისი არ იყო: განახლებულ სარწმუნოებრივ გრძნობას ქართველებისათვის უნდა ჩაენერგა ეროვნული თავმოყუარეობა და სიამაყე, რომ მარტო ბერძნებს კი არა, არამედ „ქართლისაცა მკვიდრთა აქუს სარწმუნოებაი და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თვით აქა მკვიდრთა და რომელთამე უცხოთა, სხვით მოსრულთა ჩუენ შორის, ჟამად-ჟამად ჩუენ შორის გამოჩინებულთა“; ანუ ქართლი „დედააო წმინდანთა“, წმინდანთა მშობელიაო. წმ. ნინო, რაჟდენ პირველმოწამე, წმ. შუშანიკი, ევსტათი მცხეთელი, დავით და კონსტანტინე, კოლაელი ყრმები, არჩილ მეფე, ათცამეტნი ასურელნი მამანი, ასეთი სიმრავლე წმინდანებისა მართლაც აძლევდა საფუძველს იოანე საბანის-ძის ზემორე სიტყვებს.
საჭირო იყო მხოლოდ, ადგილობრივი ქართველ მოწამეებისთვის ქართველებს სათანადო პატივი ეცათ. როგორც ჩანს ეროვნულ წმინდანებს საქართველოში ჯეროვანი პატივი არა ჰქონია, არამედ საბერძნეთისა და მსოფლიო წმინდანთა თაყვანისცემა ყოფილა გავრცელებული; ეს-ეს იყო დროებით მიძინებული ეროვნული თავმოყვარეობა და მიმართულება იღვიძებდა და იოანე საბანის-ძე კი ქართული ეროვნული მიმართულების პირველი და ნიჭით აღსავსე მქადაგებელი ყოფილა.
ქართველების ეროვნული ღირსების წარმომაჩინებელი ერთ-ერთი მოტივი ასეთია: „არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაი ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკვიდრთა“ - აქ იგულისხმება, რომ საბერძნეთი საქრისტიანოს ცენტრია, ქართლი მისი დასასრული, და მაინც იგი არ ჩამოუვარდება საბერძნეთს. აქ იოანე საბანის-ძეს მოჰყავს ავტორიტეტული სიტყვები: „მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინახ-იდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისათა, ისაკისთა და იაკობისთა“. საქმე ისაა, რომ ამ დროს საბერძნეთში ხატთმბრძოლობა იყო გავრცელებული, რაც ორთოდოქსალური აღმსარებლობიდან განდგომას მოასწავებდა. ყურადსაღებია ისიც, რომ ხატთმბრძოლობა აღმოსავლურ ტენდენციებს გამოხატავდა და შორეულად არაბულ სამყაროსაც კი უკავშირდებოდა. (კერძოდ იმით, რომ უარყოფდა მხატვრობას, ამას ითხოვდა „ყურანი“, მაჰმადიანთა მთავარი წიგნი).
სწორედ ამ პერიოდს ეხება არსენ ბერისეული „ნინოს ცხოვრების“ დანართი: „ყოველნი ეკლესიანი საბერძნეთისანი დაიპყრნა ბოროტმან ამან წვალებამან (ხატთმბრძოლობამ), რამეთუ ესოდენ არღარა იპოვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი სამეფოსა ქუეშე ბერძენთასა, რომელ წმინდა ეპისკოპოსი გუთისა (გუთეთი სამხრეთ რუსეთში იყო), თვისისა სამწყსოისა მიერ ქართლისა კათალიკოზისა წარმოივლინა და ამიერ მიიღო ხელთდასხმა და ეგრეთ წავიდა ქუეყანად თვისად“. ამასვე ეუბნებოდა წმ. გიორგი ათონელი ანტიოქიის პატრიარქს (გ. მცირე - „გიორგი ათონელის ცხოვრება“).
საქართველოში ხატთმბრძოლობას არასოდეს არ გაუმარჯვია. „აბოს წამებაშიც“ ანტიხატთმბრძოლური ტენდენციები ჩანს. წმინდანის სხეულის ნაშთების თაყუანისცემა, რომელიც მაშინ ჩვენში ყოფილა გავრცელებული ანტიხატთმბრძოლურია. ამას კრძალავდნენ ხატთმბრძოლი ქრისტიანები“ (რ. სირაძე, ქართული აგიოგრაფია - ი. საბანისძის „აბო თბილელის წამება“).
VIII ს-ის დასასრულს აბოს ხსენება უკვე შეტანილი იყო მოკლე იადგარში არქაული რედაქციისა. ამავე დროს აბოს ხსენება შეაქვთ ქართულ „კანონში“ (იერუსალიმური განწესება და განჩინება), ხოლო მისი მარტვილობა შეაქვთ სპეციალურ კრებულში „მრავალთავი“, რომელიც მთავარ (ძირითად) ხსენებებთან დაკავშირებულ საკითხავების წიგნს წარმოადგენდა.
ჩვენამდე მოაღწია წმ. აბოს ძველმა სტიქარონებმა და კანონებმა, დაცულმა მიქაელ მოდრეკილის დიდი ეტრატის ხელნაწერში, რომელიც გრიგოლ ხანძთელის „საწელიწადო იადგარის“ განვრცობილ რედაქციას წარმოადგენს. 978-988 წლებში შედგენილ ამ კრებულში მ. მოდრეკილს შეუგროვებია ყველა საგალობელი, რომლებიც მის დროს ქართულ ენაზე არსებულა და თვითონაც შეუვსია საგალობელთა ცალკეული ჯგუფები სხვადასხვა სახის დამატებებით. მასში 7 იანვრის თარიღისათვის მოთავსებულია სამი „გალობანი“ ანუ („კანონი“): I ეკუთვნის X ს-ის მწერალს იოანე ქონქოზის-ძეს; II ეკუთვნის X ს-ის მწერალს სტეფანე სანანოის-ძე ჭყონდიდელს, ხოლო III ეკუთვნის VIII-IX სს-ის დიდ საეკლესიო მოღვაწეს - გრიგოლ ხანძთელს. ეს უძველესი „კანონნი და სტიქარონნი“ დავიწყებას მიეცა (ჩუენ აღვადგინეთ ეს უძველესი განგება, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენ), რადგანაც 1750 წ. კათალიკოსმა ანტონ I-მა 8 იანვარს გადაიტანა ეს დღესასწაული და განგებაც თვითონ შეადგინა.
აბოს წამების შემდგომ „სადილეგო“ ქართველთათვის წმინდა ადგილად იქცა. საუკუნეების მანძილზე აქ წმინდანისადმი სავედრებელი ლოცვა აღევლინებოდა. „ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტეისითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა განიკურნებოდეს“. ძალი კურნებისა ამ წმინდა ადგილზე შემდგომ საუკუნეებშიც მრავალჯერ გამოვლინდა.
გადმოცემის მიხედვით, როგორც შიო მღვიმელის შიშველი ძვლები აღმოიწეოდა მღვიმიდან მისი ხსენების დღეს, ასევე წმ. აბო თბილელის წმინდა ნაწილებიც ყოველ წელს, მისი ხსენების დღეს აღმოიწეოდა მტკვრის სიღრმიდან და ამ სასწაულის მომლოდინე მორწმუნეთ მიანიჭებდა „სულთა და ხორცთა კურნებას“. 1929 წელს ქალაქ ბონში მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე წერდა: „სადაა ნეტავ ჩემი სამშობლო და ქვეყნის სული დღეს სად ბინადრობს?/რომლის შეპყრობა ვერავის ძალუძს, რომელიც იფლობს უთვალავ ჟამ-დროს!/გგონია იყოს მეტეხის ციხე, რომლის სალ კლდეზეც ჯვარს ეცვა დედა,/სისხლი ედინა იქ მას ურიცხვი და მოეშორა შარავანდედი./და მაინც დარჩა, მაინც უნათებს დღეს ყოველ ქართველს სისხლიან კვლებით/და წელში ერთხელ ყველას ანახვებს მტკვარში სასწაულს არაბის ძვლების/მეტეხი არის ჩვენი სამშობლოს გოლგოთის თხემი ქრისტე რომ აღწევს/სადაა ნეტავ ჩვენი ბეთლემი, გამოქვაბული მწყემსების და მზე!... (გამოქვეყნდა 1934 წ-ს პარიზში. გ. შარაძე - „უცხოეთის მზის ქვეშ“, წ. II გვ. 391-392, 1993წ.).
თბილისის ისტორია მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა და წმინდა ჯვრის სახელზე აგებული ეკლესიებით იწყება. პ. იოსელიანის ცნობით, I ს-ში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა მომავალი დედაქალაქის სულიერ საძირკველად, იერუსალიმის მსგავსად, ოთხი ეკლესიის ადგილი მონიშნა: გეთსემანია - მეტეხის კლდე, გოლგოთა - წმინდა ჯვრის ეკლესიის ადგილი (ჯვრის მამა), ბეთლემი - ნარიყალას კლდოვანი ფერდი და სიონი - მდინარე მტკვრის მარჯვენა კბოდე. ამ დროიდან მაცხოვრის, წმ. ჯვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრები საქართველოს დედაქალაქის სულიერ ზღუდედ აღიმართნენ.
მეტეხი თბილისის უწმინდესი ადგილია. მასზე, როგორც „კლდოვან სასანთლეზე“ სხვადასხვა დროს „ლამპრებად“ გაბრწყინდნენ წმინდა ადგილები: საფლავი წმ. დედოფალ შუშანიკისა - V ს; ქვაბი-სენაკი წმ. მამა დავით გარეჯელისა - VI ს - მეტეხის ტაძრის ქვემოთ კლდის პირზე (აქვე უმოღვაწია მის მოწაფეს დოდო გარეჯელს); „სადილეგო“ - ქვაბი მეტეხის კლდის კბოდეზე. ამ ქვაბში დაწვეს არაბებმა წმ. აბოს გვამი.
„მოწამეთა ხიდი“ - მეტეხის ხიდი. ეს არის ადგილი, რომელიც არა მარტო სტრატეგიულად, არამედ მძლავრ სულიერ ფარად ექცა თბილისს. VIII ს-ში ეს ხიდი, მის ქვეშ ჩაყრილმა წმინდა აბოს ძვლებისაგან ამოსულმა ნათელმა გააბრწყინა. უფალმა თითქოს ხუთი საუკუნით ადრე გაამზადაო ხიდი, XIII ს-ში ჯალალედინის შემოსევისას ამ ხიდზე ასიათასი ქართველი ეწამა, ამიტომაც მას მოწამეთა ხიდი ეწოდა. ქრისტიანთა საზოგადო წესისაებრ ხიდის თავთან ოდითგანვე აღმართული იყო „პატიოსანი ჯვარი ხიდისაი“.
ქართულ ისტორიულ წყაროებში მეტეხის კლდე XI-XIII ს.ს.-ში მძლავრ გამაგრებულ ციხედ იხსენიება, სადაც ბაგრატოვან მეფეთა პალატები იყო, ბუნებრივია, შესაბამისი ნაგებობებითურთ (ეკლესია, სასახლე და სხვა..). ამ სახით მოაღწია მან XIX ს-მდე. ამგვარად მეტეხის კლდე და მისი მიდამოები ისტორიულად ხუროთმოძღვრული ნაგებობებით დატვირთულ ბირთვს წარმოადგენდა. ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე პლატოს ეს კლდოვანი „გვირგვინი“, შემკული ტაძარ-სალოცავებით, მეფეთა პალატებითა და გალავან-კოშკებით მფარველი ძალისხმევით შეჰყურებდა და ნათელს ჰფენდა საუკუნეების მანძილზე ქალაქ თბილისს.
რუსეთის ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეტეხის კლდეზე ღმრთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია განაგრძობს მოქმედებას. სიმაგრე კი, რომელიც ჯერ კიდევ ერეკლე II-ს დროს შელახული იყო, 1819 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაანგრია და მის ნაცვლად საპყრობილეს კორპუსები აღმართა. მეტეხის ძველი ანსაბლის სახე შეიცვალა: ეკლესიის გარშემო მრავალკოშკებიანი გალავნის ნაცვლად ყაზარმული ტიპის ახალი შენობები გაჩნდა. „ეხლა მეტეხის ციხეში გამართულია საპყრობილე და მეტეხის ღმრთისმშობლის ეკლესია არის სამლოცველო ტაძარი პყრობილთა და უძლურთა სულთა“ - წერს ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი (ჟურნალი „მწყემსი“, 1884, #18. გვ.6-9). 1825 წელს გენერალმა პ. ერმოლოვმა ბრძანა წმ. აბოს წამების ადგილზე განახლება ნიშისა და წამებულის ხატის დასვენება იმ ნიშში. გრაფმა პასკევიჩ-ერევნელმა ორნამინტებით განამშვენიერებინა ეს ნიში, ხოლო კლდეში გამოქვაბულს კარები შეაბა და შიგ წმინდა ხატი დააბრძანა.
1843 წელს საქართველოს ეგზარქოსს, მთავარეპისკოპოს ევგენის კავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსი, გენერალი გურკო წერდა, რომ ხიდის მშენებლობისას გზის გაყვანასთან დაკავშირებით, კლდის ბურღვის დროს გაჩნდა საშიშროება, რომ მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდეში აგებული „პორტიკი“ ორ სვეტზე, რომლის უკანაც მოთავსებული იყო წმ. აბოს ორი ხატი, ჩამოინგრეოდა. ამიტომ იგი ითხოვდა მის უსამღვდელოესობას გაეცა განკარგულება, რომ ახალი კარიბჭის მოწყობამდე, ეს ხატები ტაძარში გადაესვენებინათ. იგივე გენერალი თხოვდა პოდპოლკოვნიკ გრაუერტს, რომ „პორტიკის“ დანგრევისას სამლოცველო, სადაც „წმინდა მოწამე აბოს წმინდა ნაწილებია“, უვნებლად დატოვონ. 1848 წ. მეტეხის ტაძრის მღვდელი ზაქარია მჭედლოვი ქართლ-კახეთის ეგზარქოსს, არქიეპისკოპოს ევგენის წერდა: „თათრის მეჩეთის ხიდის მშენებლობა მდინარე მტკვარზე უკვე დიდი ხანია რაც დამთავრდა, მაგრამ წმინდა მოწამის განსასვენებელი დღემდე ყველაზე გულსაკლავ, მიტოვებულ მდგომარეობაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოვალეობის გამო, ბატონ პოდპოლკოვნიკ გრაუერტს ხშირად ვახსენებდი წმინდა აბოს წამების ადგილას ახალი კარიბჭის მოწყობას, და თავად იგი იმედიანად მპირდებოდა, შემდეგ უარი მითხრა იმის გამო, რომ სახელმწიფო ხაზინიდან თანხები საკმაოდ არ გამოუყვეს“. 1844 წ. 31 ოქტომბერს არქიეპისკოპოსმა ევგენიმ მთავრობას თხოვა კარიბჭის ხელახლა აშენება. 1845 წლის ზაფხულში ახალი კარიბჭის მშენებლობა სახელმწიფო ხარჯით განსრულდა და საჟამნე მიეწერა ფერისცვალების (დარიის) მონასტერს, რათა მას მოეხმარა წმ აბოს თაყვანისმცემლებისაგან გაღებული შემოწირულობანი (საარქივო დეპარტ. ფ. 488. საქ. საეგზარქოსოს კანცელარია, საქმე #9069).
1848-1850 წწ. საიდუმლო მრჩეველი, სენატორი ს. ვ. საფონოვი იღვწის წმინდა აბოს ნიშის განახლება-გამშვენიერებისათვის. მან აქ წმინდანის ხატი დაასვენა და მინის კარი გააკეთებინა კლდეში, მეტეხის კლდის ძირში, საიდანაც გადაჰყარეს მტკვარში აბოს ნეშტი. ეს იმიტომ მოიმოქმედა საფონოვმა, რომ განიკურნა წმინდანის მეოხებით. 1850წ. 29 ივნისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე წმინდა აბოს ნიში საზეიმოდ იკურთხა. სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტუგიის შემდეგ ნიკიფორე გორის ეპისკოპოსი შეკრებილი სამღვდელოების თანხლებით გაემართა „ძველ ნანგრევებზე ახლად აშენებულ პატარა სამლოცველოსაკენ“. ლოცვის შემდგომ აკურთხეს საფონოვის მიერ შემოწირული, კ. გ. გაგარინის მიერ დაწერილი ხატი. ეს ხატი დასვენებული იქნა იმგვარად, რომ ყველა გამვლელს ხიდზე თაყვანი ეცა მისთვის... ამას იუწყებოდა 1850წ. 15 ივლისს ჟურю. „ზაკავკაზსკი ვესტნიკი“.
1870 წ. მეტეხის ძირში პირველი ლითონის ხიდი აიგო. ხიდის სამუშაოებმა ჩანს კვლავ თავისი კვალი დაამჩნია წმ. აბოს ნიშს. ამ ახალი ხიდის მარჯვენა მხარეს მოწყობილი პატარა მოედანი, ყასაბ ზაქარია ტორგ-ზახაროვის საქონლის საყასბოს ჰქონდა დაკავებული, რის გამოც ხიდის შემოგარენი ძლიერ დაბინძურებული ყოფილა. ამას ხიდის მშენებელთა აღშფოთება გამოუწვევია: მოედანი დაუკეტავთ და უცხო პირთა შესვლაც აუკრძალავთ.
1874 წ. მაიორ გორსკინის ქვრივმა, ნინომ, წმ. აბოს ნიშის კარებს რკინის მოაჯირი შემოავლო. როგორც არქიმანდრიტი მაკარის 1877 წ. 28 აპრილით დათარიღებული წერილიდან ირკვევა, ნიშის კედლები და ხსენებული მოაჯირიც უკვე შეკეთებას საჭიროებდნენ. 1882 წლისთვის მიხეილ საბინინმა გაამშვენა წმ. აბოს ნიში და მანვე წმინდა მოწამის ახალი ხატი დაწერა, რომელიც „დიდის გამოჩინებითა და ლიტანიით დაასვენეს ნიშში“. მ. საბინინისა და კ. გაგარინის მიერ დაწერილი ორივე ხატი დღეს ქ. თბილისის მეტეხის ღმრთისმშობლის შობის ტაძარშია დასვენებული. დიდმა მამულიშვილმა და საქართველოს ეკლესიის საუკეთესო შვილმა - ივერიელმა გობრონ (მიხეილ) პავლეს ძე საბინინმა - დიდი დაბრკოლებების გადალახვის შემდგომ 1872 წელს ქ. პეტერბურგში გამოსცა „საქართველოს სამოთხე“ ანუ „სრული აღწერა ღუაწლთა და ვნებათა საქართველოს წმიდათა“, რომლის შეკრებასაც მან შვიდი წელი შესწირა და იოანე საბანის-ძის თხზულებაც - „წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა აბოსი..“, შეიტანა ამ ვრცელსა და მშვენიერი ხატებით მოკაზმულ წიგნში (გვ. 333-350).
XIX ს-ის დასასრულს წმინდანისადმი ყურადღება განსაკუთრებით გაძლიერდა ალავერდელი ეპისკოპოსის კირიონის ღვაწლით. 1899 წ. მისივე კურთხევით გამოიცა „გალობა სავედრებელი დიდისა მოწამისა აბოისი“. რომლის შედგენის დროსაც მას უსარგებლია მიქაელ მოდრეკილის კრებულში არსებული წმ. აბოს სადღესასწაულო განგებით, კერძოდ სტეფანე ჭყონდიდელისა „გალობანით“ ანუ “კანონით“.
1900 წ. 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ წმინდა აბოს ხსენების დღეს „8 იანვარს ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მწირველი ბრძანდებოდა ალავერდის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი კირიონი... წირვის დამთავრების შემდეგ, სამღვდელოება ყოვლადუსამღვდელოესის კირიონის მეთაურობით ლიტანიით გაემგზავრა ეკლესიისგან ვორონცოვის ქუჩით წმ. აბოს სამარტვილისკენ...“ ამ დღეს წმ. აბოს სამარტვილესთან სამრევლო სკოლა იკურთხა მის სახელზე. წმ. კირიონისა და მისი თანამოაზრეების სურვილი აბოს სამარტვილე-სადილეგოს ადგილზე ტაძრის აგება იყო, რაც განუხორციელებელი დარჩა. საქართველოს მტრებმა მის მოღვაწეობას ქართველთა შორის ბოლო მოუღეს. მას უკან მისი ჩინებული ჰაზრი დავიწყებას მიეცა...“ (ი. ფერაძე, გაზეთი „საქართველო“ #7, 1916 წლის 10 იანვარი). მეუფე კირიონი როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება, რუსეთში, კამინეც-პოდოლსკის ეპარქიაში გადაიყვანეს, ხოლო 1903 წელს ორიოლის ეპარქია ჩააბარეს.
1899 წ. ცნობის ფურცელი წერდა: „დღეს კი წმინდა მოწამის სახსოვრად ისეთი ღარიბულად მორთული ნიშია, რომლის არსებობაც ძალიან მცირე რიცხვმა ქართველებისამ იცის. ნუთუ ღირსი არაა წმინდა აბო, რომელიც ქალაქ თბილისის მფარველ ანგელოზად და მხურვალე მეოხად ითვლება, რომ ერთი მშვენიერი შესაფერისი ტაძარი აღშენებულ იქმნეს ამ ქალაქში მის სახელზედ...“-ო.
XX ს-ის მიწურულს ქალაქ თბილისის მფარველი წმინდანის წმ. აბოს სავანე კვლავ იქნა გახსენებული. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ, წმინდა აბო თბილელის ეკლესიის მშენებლობა. 1994 წლიდან ეკლესიის პროექტზე მუშაობას აწარმოებდა საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრი (პროექტის ავტორი: რეზო ჯანაშია; კონსულტანტები: დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და ქეთევან აბაშიძე). პროექტზე მუშაობისას და წმინდა ნიშის მხატვრული იერსახისა და მისი მდებარეობის დადგენის შესახებ ძველი მასალების მოძიებისას (საარქივო მასალები მოიძია საქ. საპატრიარქოს სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თანამშრომელმა ია გორგიშელმა), სამი მეტრის სიღრმეზე, კლდის კბოდეზე, წყლის პირას, სასწაულებრივ გადარჩენილი წმინდა საჟამნის ნაშთი წარმოჩნდა. იგი იმდენად სისხლხორცეულ „შეუღლებული“ იყო კლდესთან, რომ მათი ურთიერთგანშორება ვერანაირმა აფეთქებამ ვერ შეძლო.
1951 წ. ახალი დროის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულმა რეკონსტრუქციებმა არსებითად იმსხვერპლა მეტეხის კლდის, დედაქალაქის „კლდოვანი გვირგვინის“ იერსახე და მასთან ერთად მისი სიწმინდეები, როგორც ფიზიკურად, ასევე მხატვრულადაც. წმ. აბოს „სადილეგო-სამლოცველო“, და „მოწამეთა ხიდი“ ახალი ხიდის მშენებლობამ იმსხვერპლა - სამლოცველო ააფეთქეს, ხოლო ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, „მოწამეთა ხიდის“ ბურჯი წყლით დაიფარა.
მაღალ ნიშნულზე აგებული ხიდი და მის მიმდებარედ გაშლილი დიდი სივრცეები - მოედანი და „გაუდაბურებული“ რიყე - მხატვრული აქტიურობით დაუპირისპირდა მეტეხის კლდეს და კლდის თავზე აგებულ დიდებულ მეტეხის ტაძარს. ახალ ხიდსა და კლდეს შორის წარმოქმნილი სიცარიელე (2-3 მ.სიმაღლის), მიწაყრილით შეივსო და მის ძირში, კლდესთან ერთად აფეთქებული, წმ. აბოს ნიშის ნაშთიც დაეფლო. ხიდის ზედა ნიშნულთან გასწორებულმა ტერიტორიამ კლდის ძირას მხატვრული „მოწესრიგების“ აუცილებლობა შექმნა. ავლაბრისკენ გზის აყოლებით, კლდის გასწვრივ, ტროტუარსა და კლდეს შორის მცირე „კამერული“ მაშტაბის „სკვერი“ შექმნეს, რამაც საბოლოოდ „დათრგუნა“ კლდის „უტეხი“ გარეგნული სახე. ამგვარმა ცვლილებებმა შედეგად მეტეხის კლდეს დაუკარგა თავისი არა მარტო ისტორიულად ჩამოყალიბებული მხატვრული სახე, არამედ ბუნებრივი მაშტაბიც; ის მძლავრი და შეუპოვარი იერი, რომლითაც იგი საუკუნეების მანძილზე განიჭვრიტებოდა ქალაქის მხრიდან. ამიტომაც გაიმიზნა მეტეხის „კლდოვანი გვირგვინი“-სთვის, როგორც ხიდის, ასევე სანაპიროს მხრიდან, მიწაყრილის მოშორება. ამით კლდის ბუნებრივი სიმაღლე ხელახლა გამოვლინდა.
1994 წელს, 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს დაიწყო მომავალი ტაძრის მშენებლობისათვის ადგილის გაწმენდის სამუშაოები. ტერიტორია გასუფთავდა 3-4 მეტრის სიმაღლის ნაყარი მიწისაგან. შემდგომმა სამუშაოებმა მთლიანად წარმოაჩინა ნიში-პორტიკი, რომელსაც ზედა ნაწილი მონგრეული ჰქონდა. კერძოდ ორი სვეტის ნანგრევი ბაზისებითურთ და სვეტებს შორის ჩადგმული წითელი, მართკუთხა ზომის ტუფის ქვა. მოგვიანებით, სისხლისფერი ქვის ქვედა დონეზე აღმოჩნდა იმავე ზომის სწორკუთხა ქვა და მის გვერდით მცირე ზომის ქვები. როგორც ნაშთი და ძველი ფოტოსურათები (ქ. თბილისის ეთნოგრაფულ მუზეუმში მიკვლეულ იქმნა მეტეხის პლატოზე მეფის რუსეთის მიერ აშენებული ციხის ადრეული მაკეტი, რომელზეც საგანგებოდ არის აღნიშნული აბო თბილელის ნიში (პორტიკი) და ერმაკოვის ფოტო - „მეტეხის ხიდი“) გვიჩვენებენ, ეს იყო „პორტიკად“ წოდებული მცირე ზომის ნაგებობა, რომელიც გაფორმებული იყო რუსული კლასიცისტური ტიპის კარიბჭის სახით. მის ცენტრში სწორკუთხა შეღრმავება (90N90). როგორც ჩანს, იმ სადილეგო-სამარტვილეს აღნიშნავდა, ისტორიული უკუღმართობის შედეგად რომ დანგრეულა. წმ აბოს ახლადგამოვლენილი ნიში გასაღები გახდა მთლიანად მეტეხის კლდის მხატვრული იერსახის გააზრებისა და მისი სულიერი მნიშვნელობის აღდგენა-წარმოჩენისთვის. იქვე ახლოს წარმოჩნდა მოწამეთა ხიდის ბურჯი. აქვე მოხდა ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა, წმ. აბოს ნიშის მიწაყრილით დაფარულ ტერიტორიაზე მოჭრეს მომცრო ზომის ფიჭვის ხე. თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში ფიჭვის მორი გადახერხეს და გადანაჭერზე ჯვრის გამოსახულება აღმოჩნდა - ჩვენს დროში და ჩვენთვის ღმრთის ნების გამოვლენილი სასწაული. ქართულმა ეკლესიამ იგი ჭეშმარიტ ხელთუქმნელ ჯვრად, ღმრთის ნებით მოხდენილ სასწაულად აღიარა (წლების განმავლობაში ჯვარი დაცული იყო კრწანისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, ახლა კი დაბრძანებულია წმ. აბოს სახელობის ტაძარში). ეს ჯვარი შეიძლება ვიგულვოთ შეხსენებად - სახედ იმ ჯვარისა, რომელიც აქ საუკუნეების წინ იდგა. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, რომ ერეკლე II-ემ აღა-მაჰმად-ხანთან მარცხის შემდეგ სწორედ ამ ადგილას აღმართულ ჯვართან ილოცა და წმ. აბოს შეავედრა სამშობლო. 1823 წ. გენერალმა ერმოლოვმა წმ. აბოს წამების ადგილას, სადაც თავიდან ჯვარი იყო აღმართული, საჟამნე აღადგენინა. XVII ს-შიც ამ ადგილას ჯვარი იდგა და კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I მის აღმართვას მეფეებს მიაწერდა (მარტირიკა).
1995 წ. 21 იანვარს, წმ აბო თბილელის ხსენების დღეს, სამარტვილესთან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ პარაკლისი გადაიხადა. 1996 წ. 21 იანვარს, წირვის შემდეგ, სიონის ტაძრიდან კათალიკოს-პატრიარქი თბილისის სამღვდელოებასთან ერთად წმინდა აბოს ნიშისკენ გაემართა, ამავე დროს კრწანისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სამღვდელოებამ და მრევლმა გაიარა 1900 წელს წმ. კირიონის მიერ განვლილი გზა აბოს ნიშამდე. მსვლელობას წინ უძღოდა წმ. აბო თბილელის ხატი (ხატმწერი ლაშა კინწურაშვილი). ნიშთან კათალიკოს-პატრიარქმა წმინდანის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. 1996 წლის 17 მარტს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულის დღეს იკურთხა წმ. აბო თბილელის ტაძრის საძირკველი. კურთხევა აღასრულა კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.
ახალი ტაძრის მშენებლობა ნიშის უკან გაწმენდილ ტერიტორიაზე დაიწყო. არქიტექტორთა მთავარი მიზანი წმ. აბოს ნიშის განახლება-აღდგენასთან ერთად, მისი ახალ ტაძართან გაერთმთლიანება და ამ კომპლექსის, მეტეხის კლდის ისტორიულ განაშენიანებაში ორგანულად ჩართვა იყო. ნაშთი „სამარტვილესა-დილეგოსი“ იმ სახით, როგორითაც ის გადარჩა, რისი დანგრევაც უფალმა არ ინება, ხელუხლებლად დარჩა (ცხადია შესაბამისი გამაგრებით) და იგი პროექტის ხასიათის განმსზღვრელ ბირთვად იქცა. ახლადაშენებული ტაძარი მხატვრულ-კომპოზიციურად ისე გაერთმთლიანდა ორივესთან - კლდესთან და წმ. სადილეგო-სამარტვილესთან, რომ მათი დამოუკიდებელი არსებობა ე.ი. სამნაწევრიანი ერთმთელობა არ შთაინთქა. ეს არქიტექტურულად, ორ სივრცით-მოცულობად განყოფილი ერთი მთელია - კლდეს მიბჯენილი სადილეგო-სამლოცველო და ტაძარი. ტაძრის ინტერიერში კლდის მონაკვეთი სამხრეთ კედლად გვევლინება და თავისი ბუნებრივი სახითაა დატოვებული, ხოლო ეკლესიის დასავლეთი კედლის საძირკველი და ქვედა ნაწილის დიდი მონაკვეთი, წმინდა ნიშის დღეისათვის შემორჩენილი ნაშთია, ხელუხლებლად ჩაყოლებული. ფაქტობრივად, დასავლეთი კედელი მასზე ეყრდნობა და მის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. დასავლეთ კედელში ჩაყოლებული წმ. აბოს ნიშის ფასადი ძველებურად კვლავ თბილისისკენ არის მომართული. გათვალისწინებულია ისიც, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი თვისება იყო წიაღი - ისტორიულად აქ იყო ქვაბი (გამოქვაბული), გამოყენებული დილეგად. უწინ „პორტიკად“ წოდებული ნაშთის წინ, მისივე ზომის სივრცობრივ-მოცულობითი კარიბჭე-სამლოცველო შეიქმნა, რომელიც ქალაქის მხარეს, დასავლეთით - უშუალოდ წმინდა ნიშის პირდაპირ ნალისებური მოყვანილობის დიდი, ფართო თაღით არის გახსნილი, რაც შორიდან მაყურებელს წმ. ნიშის ადგილს ცხადლივ წარმოუჩენს. ნიშის წინ აღმოჩენილმა სისხლისფერმა ქვამ მნიშვნელოვანი ფერადოვანი აქცენტი შექმნა. აქვე ახლოს ძველი „მოწამეთა ხიდის“ ნაშთია, რომლის დიდი ნაწილი ორთაჭალჰესის გამო მომატებულმა წყლის დონემ დაფარა; ხიდის თავს, სადაც „პატიოსანი ჯვარი“ იყო აღმართული, კვლავ აღიმართება ჯვარი.
წმინდა აბოს სახელობის ტაძარი 2007 წლის 13 იანვარს აკურთხა გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღდელოესმა ექვთიმემ (ლეჟავა), კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად. ტაძარი წარმოადგენს ორნავიანი ტიპის, შვერილ-აფსიდიან მცირე ზომის ბაზილიკას, უშუალოდ კლდეს უერთდება და ორგანულად ერწყმის მას. სამშენებლო მასალა შერჩეულია მდინარე მტკვრის ხეობიდან, იგი ფერითაც კარგად შეეხამება მეტეხის კლდეს. ტაძრის სახურავადაც ქვაა გამოყენებული. სამრეკლოც მარტივი ტიპისაა: ეს არის კლდეში ჩამაგრებულ ლითონის საკიდზე შებმული ზარი.
ეკლესიის ტერიტორიას „ბუნებრივი“ ზღუდეები გააჩნია - ჩრდილოეთიდან ხიდის კედელი, სამხრეთიდან მეტეხის კლდე, ხოლო აღმოსავლეთიდან, სატაძრო სივრცე ტროტუარისკენ ყველაზე მეტად გამოწეულ კლდოვან ადგილას ჩაიკეტა „კარიბჭით“. ამგვარად ტაძრის საკრალური არე შემოიზღუდა, ირგვლივ ყოველივეს გაემიჯნა და დიდი ხიდი, მთელი მისი ხმაურით ზემოთ დარჩა. ტროტუარიდან მლოცველი გაივლის რა კარიბჭეს, კიბით ქვემოთ დაეშვება დასავლეთით მტკვრისაკენ, მის თვალწინ ტაძართან ერთად აღიბეჭდება წყლის ზედაპირიც - სატაძრო კომპლექსის დასავლეთი მხარის პირობითი ზღვარი“. ამგვარი მხატვრულ-კომპოზიციური ერთობა ტაძრისა და მდინარე მტკვრისა არაა შემთხვევითი. თვით განგებამ, VIII ს. თბილისში გაბატონებულ მაჰმადიან არაბთა ხელთაგან, უფლის ნათლისღების დღეს აღსრულებულ წმინდანს წყალი საფლავად განუმზადა. აქედან მლოცველს შეუძლია უშუალოდ წმ. აბოს დაწვის ადგილს და ძველ ნიშში წმ. აბოს მოზაიკურ ხატს მიეახლოს. შემდეგ კიბით დაეშვას ათთა ბევრთა მოწამეთა ხიდის ნაშთისკენ, სადაც აშენდა კიდეც ათთა ბევრთა სახელობის მცირე სამლოცველო. იმედია ახლა მაინც გადაარქმევენ ამ მოედანს სახელს და „ევროპის მოედნის“ ნაცვლად „ასიათასი მოწამის“ სახელს დაარქმევენ.
როგორც ცნობილია, ყოველ ერს, ქალაქსა და სახელმწიფოს თავისი მფარველი ანგელოზი და წმინდანი ჰყავს. წმინდა მოწამე აბო თბილელი, საეკლესიო გადმოცემის თანახმად, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის - მფარველი წმინდანია, რომლის შეწევნასაც იოანე საბანისძის სიტყვებით გამოვითხოვთ: „აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტეისმოყუარებასა, მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთაისა ჩუენ ყოველთათვის, რომელნი შენ მიერ ითხოვენ წყალობასა ქრისტეის ღმრთისაგან, რომლისაი არს დიდებაი და პატივი და ძლიერებაი თანა მამით და ყოვლად წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“
გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა