წმიდა მოწამე პოტიტე წარმართთა ოჯახში დაიბადა, ცამეტი წლისა ქრისტიანთა სწავლებას გაეცნო, ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნა და მოინათლა. როცა ამის შესახებ შეიტყო, მამამისი ძალიან დამწუხრდა. ის ჯერ ალერსითა და შეგონებებით, შემდეგ კი მუქარით შეეცადა შვილის გადაბირებას, მაგრამ ვერაფერს გახდა; მაშინ, ყმაწვილის სიმტკიცით ძლეული, თავადაც ქრისტეს შეუდგა. წმიდა პოტიტემ მრავალი ქვეყანა შემოიარა სახარების ქადაგებით. ღვთის მადლით მის ქადაგებებს სასწაულები და კურნებები განამტკიცებდა.
ეპირის ოლქში ცხოვრობდა დიდებული ქალბატონი კვირიაკია, სენატორის მეუღლე, რომელიც კეთრით დასნეულდა. როცა წმიდა პოტიტეს შესახებ შეიტყო, მან თავისთან მოიწვია წმინდანი და წამლობა სთხოვა. წმინდანმა უპასუხა, თუ ქრისტეს ირწმუნებ, განიკურნებიო. კვირიაკია მოინათლა და სასწაულებრივად განიკურნა. საკვირველების მხილველმა მთელმა სახლეულმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო.
ამის შემდეგ პოტიტე გარგარის მთაზე დამკვიდრდა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. აქ მას შეხვდნენ იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) მსახურები და სთხოვეს, სასახლეში გაჰყოლოდა მათ იმპერატორის ეშმაკეული ასულის განსაკურნებლად. წმიდა პოტიტემ განკურნა სნეული, ანტონინუსმა კი სიკეთე არაადამიანური სისასტიკით გადაუხადა ნეტარს. მან თავისი ქალიშვილის განკურნება წარმართულ ღვთაებებს მიაწერა და პოტიტეს მათთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმინდანმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ქრისტე. ამით განრისხებულმა თვითმპყრობელმა მას ენა ამოგლიჯა და თვალები დასთხარა. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს (+138-161).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.