ღირსი ანდრია რუბლიოვი - დიდი რუსი ხატმწერი, დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. ანდრია რუბლიოვის ბერად აღკვეცის ადგილი დანამდვილებით არაა ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ მისი მოღვაწეობა ორ მონასტერს - სერგის წმიდა სამების ლავრასა და მოსკოვის ანდრონიკეს მაცხოვრის სავანეს უკავშირდება. წმიდანის გასაოცარ სიბრძნეზე, ცხადად მოწმობს მისი შემოქმედება.
ნეტარი მამის ძირითადი ნამუშევრებია: მოსკოვის კრემლის ხარებისა და ზვენიგოროდის მიძინების ტაძრების კანკელი და ფრესკები, ვლადიმირის მიძინების ტაძრისა და ანდრონიკეს მაცხოვრის სავანის მოხატულობა, ვლადიმირის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი შემოქმედების გვირგვინი - ყოვლადწმიდა სამების ხატი.
წმიდანი უმეტესად სხვა ხატმწერებთან - თეოფანე ბერძენთან, სტეფანე გოროდეცთან, დანიელ ჩორნისთან ერთად მუშაობდა, მაგრამ სამების ხატი მისი დამოუკიდებელი ნამუშევარია.
ბოლო ოცი წლის მანძილზე ანდრია რუბლიოვს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დანიელ ჩორნისთან. ორივე მამა ანდრონიკეს მაცხოვრის სავანეშია დაკრძალული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.