ღირსი მართა, საკვირველ მთაზე მოღვაწე წმიდა სვიმეონ მესვეტის (ხს. 24 მაისს) დედა, დაიბადა ანტიოქიაში, VI საუკუნეში. იგი სიყმაწვილიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, მაგრამ მშობლებმა გათხოვებაზე დაითანხმეს. წმიდანის მეუღლე, იოანე მალე გარდაიცვალა და დაქვრივებულმა მართამ მთელი ძალები ერთადერთი ძის აღზრდას შეალია. იგი შვილს ღვთისმოშიშებისა და კეთილმსახურების მაგალითს აძლევდა: ხშირად დადიოდა ტაძრებში, ყურადღებით, კრძალვით ისმენდა საეკლესიო მსახურებას, ხშირად ეზიარებოდა წმიდა საიდუმლოს; ყოველ ღამით ლოცვად დგებოდა და გულმხურვალედ, ცრემლებით ევედრებოდა უფალს. მართა განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც მისი ზეციური მფარველი იყო და ხშირად ეცხადებოდა სასწაულებრივ ხილვებში. ღირსი დედა საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა: აპურებდა და მოსავდა გლახაკებს.
წმიდა მართას უქმი სიტყვა არასოდეს დასცდენია ბაგეთაგან, არავის უნახავს იგი განრისხებული, ვინმესთან მოკამათე ან დაღვრემილი. ნეტარი დედის მთელი ცხოვრება ქადაგება იყო. თავისი მაგალითით მას ბევრი დაუყენებია ცხონების გზაზე. როცა წმიდანის შვილმა, სვიმეონმა საკვირველი ღვაწლითა და სასწაულებით შორს გაითქვა სახელი, დედა მივიდა მასთან და მხურვალედ ევედრა, არ გაამაყებულიყო, საკუთარი უძლურება არ დაევიწყებინა და ყველაფრისთვის უფალი ედიდებინა. ღირს მართას წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოება: მას ანგელოზები წარმოუდგნენ სანთლებით ხელში და აუწყეს, რომ ერთი წლის შემდეგ მივიდოდნენ მის წასაყვანად. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე წმიდანი ღირსი შეიქნა ზეგარდმო ჩვენებით ეხილა მისთვის გამზადებული ზეციური ადგილსამყოფელი. ღვთისმშობელმა მას მართალთა სულებისთვის გამზადებული ბრწყინვალე ადგილები მოახილვინა.
ნეტარი დედა მშვიდობით მიიცვალა 551 წელს. მისი ცხედარი საკვირველ მთაზე, ღირსი სვიმეონ მესვეტის მოსაგრეობის ადგილზე დაკრძალეს. წმიდა ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.