ღირსმა სისო დიდმა ადრეულ სიჭაბუკეში დატოვა ეს სოფელი და ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულთქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭიც მიემადლა.
საკუთარი თავისადმი მეტად მკაცრი და მომთხოვნი ღირსი სისო მოყვასის სიყვარულით იყო აღსავსე. ყველა მომსვლელს იგი უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა. როცა ერთმა მეუდაბნოემ წმიდანს ჰკითხა, როგორ შეძელით, ღვთის მარადიული ხსოვნისთვის მიგეღწიათო, მან უპასუხა: „ეს ჯერ კიდევ არაფერია, შვილო ჩემო, უმთავრესია - საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა“. ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისთვის, ღირსმა სისომ მიუგო: „მე მწამს კაცთმოყვარე ღვთის გულმოწყალებისა. თუ ადამიანი მთელი სულით შეინანებს, უფალი მისგან სამი დღის სინანულსაც შეიწირავს“.
როცა ღირსი სისო სასიკვდილო სარეცელზე იწვა, სახე უეცრად გაუბრწყინდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, თუ რას ხედავდა. - წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანანო ჩემს წინაშე. შემდეგ შენიშნეს, რომ მომაკვდავი ვიღაცას ესაუბრებოდა: მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს დროს სთხოვდა სინანულისთვის. ამით გაკვირვებულ ძმებს თავმდაბალმა მოსაგრემ მიუგო: „ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?!“ ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ნეტარის პირისახიდან ისეთი ელვარება გამოკრთა, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისთვის თვალის გასწორება. წმიდა სისომ მოასწრო ეთქვა, თავად მაცხოვარი წარმოდგაო და სული უფალს შეჰვედრა (+429).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.