ღირსმოწამეები: პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს აღესრულნენ ქრისტესთვის. პათერმუთე და მისი მოწაფე კოპრე ეგვიპტის უდაბნოში მოსაგრეობდნენ. როცა იმპერატორმა შეიტყო განდეგილი მამების შესახებ, თავისთან მოიხმო ისინი და შეეცადა, ცბიერებით გადაებირებინა წარმართობაზე. იგი ამბობდა: „ადრე მეც ქრისტიანი ვიყავი, მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ ხსნის მონიჭება მხოლოდ წარმართულ ღვთაებებს შეუძლიათ“. კოპრე მოხიბლა მეფის დაპირებებმა და უარყო მაცხოვარი, მაგრამ შემდეგ მოძღვრის ლოცვებით და ცრემლიანი შეგონებებით შეიგნო თავისი დაცემის სიღრმე, სინანულში ჩავარდა და კვლავ აშკარად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. იმპერატორი განარისხა კოპრეს კადნიერებამ და მისი წამება ბრძანა. წმიდა პათერმუთე მოთმინებისკენ მოუწოდებდა და განამტკიცებდა უფლის რჩეულს. ერთ-ერთმა მეომარმა, ალექსანდრემ, მარტვილის ტანჯვა რომ იხილა, ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, პათერმუთესა და კოპრეს კი თავები მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.