ღირსი პათერმუთე და კოპრე. პათერმუთე თავდაპირველად წარმართი იყო, ავაზაკი, საფლავების ძარცვასაც არ ერიდებოდა, მაგრამ შემდეგ ცოდვით შესვრილი სული ნათლისღებით განიბანა და უდაბნოში განმარტოვდა. ღირსმა მამამ სნეულთა მსახურება და მიცვალებულთა დაფლვა იტვირთა, დაუცხრომელი მოშურნეობით სათნოეყო უფალს და მისგან სასწაულთქმედების მადლიც მიენიჭა.
პათერმუთეს ცხოვრება და სასწაულები აღგვიწერა ხუცესმა კოპრემ - მისი ღვაწლის თვითმხილველმა. თავად კოპრეს შესახებ კი ჰელენოპოლელმა ეპისკოპოსმა, პალადიუსმა მოგვითხრო წიგნში „ლავსაიკონი“. წმიდა მამა ერთხელ მანიქეველ მწვალებელთან ჩაება კამათში, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სიტყვით შეუძლებელი იყო შეცდომილის სულიერი სნეულებისგან განკურნება და ერეტიკოსს შესთავაზა, ცეცხლი დაეგზნოთ, შიგ ერთად შესულიყვნენ და უფლისთვის მიენდოთ იმის გადაწყვეტა, თუ ვისი სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი. კოცონში პირველად შესვლაზე მანიქეველმა უარი განაცხადა, ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალე უფლის მსასოებელი ნეტარი კოპრე კი არ შეშინდა ცეცხლში შევიდა და სრულიად უვნებელი დარჩა. მომხდარის თვითმხილველებმა ადიდეს ღმერთი, ერეტიკოსი კი ცეცხლში შეაგდეს. დაფუფქული მწვალებელი გამოვარდა კოცონიდან და გაქცევა სცადა, მაგრამ ხალხმა შეიპყრო და უკანვე შეაბრუნა. წმიდა მამამ შეძლო დაემშვიდებინა აღელვებული ბრბო და მანიქეველი გაათავისუფლა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.