ღირსი ანტონი პეჩორელი (ერობაში - ანტიპა) 983 წელს დაიბადა ჩერნიგოვის მახლობლად, დაბა ლიუბეჩში. ღვთისმოშიშებით აღზრდილი ანტიპა, სიყმაწვილიდანვე ბერული ცხოვრების სიყვარულით იყო განმსჭვალული. მან მღვიმეც კი გამოკვეთა, სადაც დაყუდებით აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ამგვარი ღვაწლისთვის გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობა იყო აუცილებელი და ათონის მთას მიაშურა. აქ წმიდანი ანტონის სახელით აღიკვეცა ბერად. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმიდა მთის მამებსაც კი აოცებდა. მხცოვანმა იღუმენმა განჭვრიტა სულიერებაში სწრაფად წარმატებული ბერის მომავალი, სამშობლოში დაბრუნება ურჩია მას და უთხრა: „ანტონი! უფალი გწინამძღვრობდა შენს ღვაწლში; ახლა დროა, სხვებსაც უწინამძღვრო წმიდა ცხოვრებაში; დაუბრუნდი რუსეთის მიწას და ათონის მთის კურთხევა გაიყოლე: შენგან მრავალი მონაზონი აღმოცენდება!“
ანტონი განმარტოებით დამკვიდრდა კიევის მახლობლად, ბერესტოვოს მთაზე, უღრან ტყეში, ხუცესი ილარიონის (შემდგომ - კიევის მიტროპოლიტის) მიერ გამოკვეთილ მღვიმეში.
საკვირველმა მოსაგრემ მალე გაითქვა სახელი და ყოველი მხრიდან მოეშურებოდნენ მასთან კურთხევისა თუ რჩევა-დარიგების მიღების მსურველები. ზოგი სამუდამოდ იქვე რჩებოდა. წმიდანის პირველი მოწაფეები იყვნენ ღირსი ნიკონი და ღირსი თეოდოსი. ძმები მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდნენ: მხოლოდ პურით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას და დღესასწაულებში კი მოხარშულ ბარდას ღებულობდნენ. თავად ანტონი უხორცოსავით ცხოვრობდა და მაგალითს აძლევდა მოწაფეებს. როცა ბერების რიცხვმა თორმეტს მიაღწია, მათ მიწის ქვეშ გრძელი გვირაბი გათხარეს, მის ორივე მხარეს კი თავიანთთვის მცირე სენაკები გამოკვეთეს, მოაწყვეს ტაძარი და სატრაპეზო. მიწისქვეშეთის ბნელ მღვიმეებში დავანებული მამები გულმხურვალედ ლოცულობდნენ. ამის შემდეგ თავმდაბალმა და მარტოობის მოყვარე ანტონიმ იღუმენობა ნეტარ ბარლაამს გადააბარა, თვითონ კი დატოვა სავანე და წინანდელი სამკვიდრებლიდან ასი საჟენის მოშორებით, ახალ გამოქვაბულში დაეყუდა. გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით მოღვაწეობის სურვილმა მალე აქაც მოამრავლა ბერები. ასევე დაფუძნდა ახლო და შორეულ მღვიმეთა მონასტრები. ბარლაამი წმიდა დიმიტრის მონასტერში გადავიდა, მის ნაცვლად ღირსი ანტონის კურთხევითა და მამების ერთსულოვანი თანხმობით ნეტარი თეოდოსი იქნა დადგენილი. ამ დროისთვის ძმობა უკვე ას ბერს ითვლიდა.
წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა ნეტარ მამას განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა, რაც განსაკუთრებული სიცხადით გამოჩნდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი ქვითკირის ტაძრის მშენებლობისას. პეჩორის ლავრისგან განუშორებლად კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღმოჩენილ წმიდა მამებს - ანტონისა და თეოდოსის თავად ყოვლადწმიდა ქალწული წარმოუდგა და ოქრო უბოძა. ძვირფასი მონეტებით ნეტარმა მამებმა კირითხუროები დაიქირავეს, რომლებიც ზეციური დედოფლის მითითებით ჩავიდნენ რუსეთში პეჩორის სავანის ტაძრის ასაშენებლად. ამ გამოცხადების დროს ღვთისმშობელმა აუწყა წმიდანს მოახლოებული აღსასრულის შესახებ.
ღირსი მამა 1073 წლის 27 მაისს გარდაიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.