წმიდა გოლინდუხა, ნათლისღებით - მარიამი, სპარსეთში ცხოვრობდა ხოსრო I უფროსის მეფობისას. იგი სამეფოს მთავარი ქურუმის მეუღლე იყო. ნათელი ჭკუა-გონებით შემკული გოლინდუხა გრძნობდა წარმართული ცრუსიბრძნის ამაოებას და ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რომელი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. როცა ქრისტიანული მოძღვრების არსებობა შეიტყო, მას მთელი არსებით მოუნდა გაეგო, რას ასწავლიდა იგი. მალე, ღვთის ნებით, შეუსრულდა კიდეც გულწრფელი სურვილი: ძილში ანგელოზმა ჯოჯოხეთის სატანჯველებიც მოახილვინა და სამოთხეც აჩვენა. ყოვლადსახიერმა უფალმა კვლავ ანგელოზის მეშვეობით მიუთითა მართლმორწმუნე ხუცესზე, რომელმაც მომავალ წმიდანს ნათელსცა და მარიამი უწოდა.
ნათლობის შემდეგ მარიამმა დატოვა ქურუმი ქმარი, ამ უკანასკნელმა კი მეფესთან დაასმინა გაქრისტიანებული მეუღლე. გოლინდუხას თავად ხოსრო, მისი დიდებული კარისკაცები და დიდგვაროვანი ქალბატონები დიდხანს შეაგონებდნენ, დაბრუნებოდა ოჯახს, მაგრამ წმიდანის გადაწყვეტილება ურყევი რჩებოდა. მაშინ მეფემ ნეტარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და მარიამმაც თვრამეტი წელი დაჰყო სატუსაღოში.
ხოსროს მემკვიდრის, ორმისდასის ზეობისას სპარსეთში ჩავიდა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ელჩი - არისტობულე. როცა მან შეიტყო, რომ საპყრობილეში მრავალი წლის მანძილზე იტანჯებოდა ქრისტიანი ქალი - მარიამი, მეფის ნებართვით რამდენჯერმე მოინახულა ნეტარი და ფსალმუნთა გალობა ასწავლა. როცა არისტობულე სამშობლოში გაემგზავრა, ორმისდასმა წმიდანი დილეგიდან ამოაყვანინა და სასტიკად აწამა. შემდეგ მარიამი გარყვნილებს მიუგდეს შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ღმერთმა ბილწთა და უსჯულოთა თვალთაგან დაფარა იგი. ბოლოს მეფემ ბრძანება გასცა, თავი მოეკვეთათ ნეტარი დედისთვის, მაგრამ უფლის განგებულებით წმიდანი ჯალათთათვისაც უჩინარი შეიქნა და ქრისტიანთა თავშესაფარში აღმოჩნდა.
როცა ბიზანტიის იმპერატორის, მავრიკიუსის დახმარებით ხოსრო II ავიდა ტახტზე და სპარსეთში ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა მარიამ-გოლინდუხამ დაუფარავად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. სიცოცხლის მიწურულს მან მოილოცა იერუსალიმი, თაყვანი სცა მაცხოვრის საფლავს და სხვა წმიდა ადგილებს, უკან გამობრუნებულმა კი ნიზიბიაში, წმიდა მოწამე სერგის სახელობის ტაძარში შეჰვედრა სული უფალს (+591).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.