საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერთად იხსენებს წმიდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სავანის დამაარსებელ მამებს - ღირს იოანესა და გაბრიელს.
ნეტარი მამა იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი) დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წმიდანის მამა, საქართველოს მეფის დავით კურაპალატის კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: „სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა“.
წმიდა იოანე მამის მაგივრად საერო სამსახურში ჩადგა. ყველა ამქვეყნიური პატივი და ბედნიერება უხვად მომადლა ღმერთმა ნეტარს: ჰყავდა ცოლ-შვილი, ჰქონდა სიმდიდრე და გარშემორტყმული იყო მოსიყვარულე და ერთგული მეგობრებითა და მეფის სიყვარულით, მაგრამ მან ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა.
მამა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. როდესაც მეფის კარზე გაიგეს იოანეს მონაზვნად აღკვეცის ამბავი, ის მამების კურთხევით საბერძნეთში გაემგზავრა და ულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას.
ამასობაში საბერძნეთის იმპერატორმა ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მამა იოანეს ნათესავებმა სხვებთან ერთად იოანეს ძე - ექვთიმეც მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ ეს რომ გაიგო, კონსტანტინოპოლს წავიდა და იმპერატორს გამოსთხოვა თავისი შვილი, სიმამრსაც უსაყვედურა: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილი არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ხცად არს, რომელი მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!“
მამა იოანემ თავისი ძე, ყრმა ექვთიმე (ხს. 13 მაისს) წაიყვანა და რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა (დაახ. 965 წელს); აქ წმიდა ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა და ორი წელი მორჩილებაში გაატარა.
ამ დროს წმიდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი (ხს. 12 ივნისს), ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით და წმიდა ათანასეს კურთხევით ლავრაში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.
ათანასეს ლავრას იმდენმა ქართველმა მიაშურა, რომ იოანე იძულებული გახდა, ლავრისგან მოშორებით საკუთრად ქართველებისათვის აეშენებინა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ივერიელებმა სენაკებიც ააგეს საცხოვრებლად.
ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, როცა საბერძნეთის მეფეებს, ბასილისა და კონსტანტინეს ბარდა სკლიაროსი განუდგა და ძლიერ შეავიწროვა. იმპერატორების დედამ, თეოფანიამ, წერილი გაუგზავნა ათონელ მამებს და სთხოვა, თორნიკე სასახლეში მისულიყო. თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ, იოანესა და ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლის თხოვნით დავით კურაპალატს ეახლა საქართველოში.
დავით კურაპალატმა გაიხარა საყვარელი სპასალარის ხილვით, დედოფლის თხოვნაც შეასრულა და დამხმარე ლაშქარს თორნიკე დაუნიშნა სარდლად. ცხოვრებისაგან გადგომილ ბერს შეეშინდა ურჩობით უფალი არ გაენაწყენებინა და კვლავ სპასალარის უფლებით სათავეში ჩაუდგა ქართველთა მხედრიონს.
ღვთის შეწევნით, აჯანყებული ბარდა სკლიაროსი დამარცხდა. გამარჯვებაში ლომის წილი ქართველთა ლაშქარმა შეიტანა. ბრძოლის ველიდან წამოღებული ნადავლი, დავით კურაპალატის სურვილით, იოანე-თორნიკემ ათონის წმიდა მთაზე წაიღო. „მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი ჰყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით“.
ორი ღირსეული მამის მოღვაწეობამ ისე მოამრავლა მთაწმინდაზე ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ თავს იდვეს ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება. სულ მალე ათონზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი - ღვთისმშობლისა, მეორე კი - იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ღირსმა მამებმა მთაწმინდის სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი.
ბრძოლის ველზე დაუმარცხებელმა სარდალმა და უხილავ მტერზე გამარჯვებულმა იოანე-თორნიკყოფილმა მშვიდად ჩააბარა სინანულით განწმენდილი სული უფალს.
თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ მამა იოანეს წმიდა მთაზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო იქ ცხოვრება გაუძნელდა და გადაწყვიტა, რამდენიმე მოწაფესთან ერთად სხვაგან წასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ბერძენთა მეფის თხოვნით ისევ ათონზე დარჩა.
მამა იოანე ნეკრესის ქარებით დაავადდა და „მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა“. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი შვილი წმიდა ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა. შემდეგ, როგორც უკვე წინამძღვარს, სთხოვა, შეენდო მისთვის ადამიანური სისუსტეები და დაუბარა, თავის შემდგომ გიორგისთვის (სხ. 18 ივლისს) გადაეცა წინამძღვრობა, დალოცა მამები და ძმები, ნეტარი ექვთიმეც „აკურთხა... ზეგარდამოჲთა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა და მშჳდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა“.
ღირსმა ექვთიმემ ჯეროვანი პატივით შემოსა მამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი მის საფლავზე წმიდა მთავარანგელოზთა ეკელსია ააშენა.
წმიდა გაბრიელ ქართველი ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა, იყო ჭეშმარიტად კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა.
როგორც ვარაუდობდნენ წმიდა გაბრიელ ქართველი, ერისკაცობიდანვე იცნობდა წმიდა იოანე და იოანე-თორნიკეს, ისიც დიდებულთა გვარიდან იყო, წმიდა გაბრიელმა იმდენად განაგდო მისგან ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენც მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მსოფლიოსთვის ცნობილი სასწაულების შესახებ ვიცით მხოლოდ.
ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა ღვთიᐠუთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.
მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმიდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმნთებარე ხატიც მიუახლოვდა წმიდა გაბრიელს. მან წმიდა ხატი გულზე მიიქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებს და მლოცველებს.
ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
დღეს ათონის ივერთა მონასტერში ბრძანდება ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება, მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივერონის დამაარსებელი ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც, როგორც ქტიტორებს, ყოველთვის იხსენიებს მთელი ათონის მთა. იქ ყველას უყვებიან საოცარი ქართველი ბერის - გაბრიელის შესახებ, იქვეა ქართველთა საძვალეც, იოანე-თორნიკყოფილის ჯაჭვის პერანგი და უამრავი ქართული ხელნაწერი.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.