მეოთხე მსოფლიო კრება, რომელშიც 630 ეპისკოპოსი მონაწილეობდა, 451 წელს, მარკიანეს (450-457) ზეობისას შედგა ქალაქ ქალკედონში.
დორილეელმა ეპისკოპოსმა ევსებიმ ჯერ კიდევ იმპერატორ თეოდოსი II-ის (408-450) დროს, 448 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებას მოახსენა დედაქალაქის ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტის, ევტიქის შესახებ, რომელიც თავიდან, იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთაებრივისა და კაცობრივის ნესტორისებური ცრუ დაყოფის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ თანდათან სხვა უკიდურესობაში გადავარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მაცხოვარში მისი განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ სრულად შთანთქა კაცობრივი, ამიტომ განკაცებულ ღვთის ძეში თაყვანს უნდა ვსცემდეთ მხოლოდ ერთ - ღვთაებრივ ბუნებას. ამ სწავლებას მონოფიზიტური ეწოდა, მის მიმდევრებს კი - მონოფიზიტები.
კონსტანტინოპოლში შეკრებილმა მამებმა დაგმეს მწვალებელი, ამ უკანასკნელმა კი იმპერატორთან იჩივლა, იგი მისთვის გამოტანილი მსჯავრის უსამართლობაში დაარწმუნა და მსოფლიო კრების მოწვევა მოითხოვა თავის მოწინააღმდეგეთა განსასჯელად, რომელთაც ნესტორიანობაში სდებდა ბრალს. ეკლესიაში წარმოქმნილი შფოთის ჩასაცხრობად თეოდოსიმ გასცა IV მსოფლიო კრების მოწვევის ნებართვა. მწყემსმთავართა ეს თავყრილობა, რომელიც 449 წელს გაიმართა ეფესოში, ეკლესიის ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. ევტიქის ნათესავი - ალექსანდრიელი პატრიარქი დიოსკორე, რომელიც იმპერატორმა კრების თავმჯდომარედ დანიშნა, დიქტატორივით მბრძანებლობდა, მიმართავდა მუქარას და აშკარა ძალადობასაც კი. ევტიქი გაამართლეს, მღვდელმთავარი ფლაბიანე - დაგმეს. 450 წელს იმპერატორი თეოდოსი გარდაიცვალა. ტახტზე მარკიანე ავიდა. ეკლესიაში სიმშვიდის დამყარება გადაუდებელი საქმე იყო, ამიტომ 451 წლისთვის მსოფლიო კრება დაინიშნა. კრებას წმიდა ანატოლი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (ხს. 3 ივლისს) თავმჯდომარეობდა. დიოსკორეს პირველი სხდომიდანვე აღუკვეთეს თავყრილობაში მონაწილეობის მიღება, მესამე სხდომაზე კი იგი თავის ყველა მომხრესთან ერთად დაგმეს. სულ თექვსმეტი სხდომა ჩატარდა. წმიდა მამებმა ერთსულოვნად შეაჩვენეს ევტიქის ერესი და კირილე ალექსანდრიელისა და პაპის, ლეონ დიდის ეპისტოლეთა საფუძველზე დაადგინეს: „ღვთაებრივ მამათა მიმდევარნი, ჩვენ, ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სრულყოფილი ღვთაებრიობისა და სრულყოფილი კაცობის აღიარებას: ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცისა, იმავე სულისა და ხორცისაგან. მამის თანაარსისა ღვთაებრიობით და ჩვენი თანაარსისა კაცობით. ყველაფრით ჩვენი მსგავსისა, ცოდვის გარდა. შობილისა საუკუნეთა უწინარეს მამისაგან, როგორც ღვთისა და უკანასკნელ ჟამს კი ჩვენი ხსნისათვის მარიამ ქალწული ღვთისმშობლისაგან, როგორც კაცისა. (ვაღიარებთ) ერთსა და იმავე ქრისტეს, ღვთის ძეს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისაგან შემდგარს შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, განუყრელად შესაცნობს (ორი ბუნება არაფრით განირჩევა არსებული შეერთების გამო. ერთ სახესა და ერთ იპოსტასში გაერთიანებული, ინარჩუნებს თითოეული ბუნების თვისებას). არა ორ სახედ განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ ღმერთს სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც ძველად წინასწარმეტყველებდნენ მის შესახებ, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის და როგორც გადმოგვცემს ჩვენი მამების სიმბოლო“.
ორ უკანასკნელ სხდომაზე კრებამ დაადგინა ოცდაათი კანონი საეკლესიო იერარქიისა და დისციპლინის შესახებ. გარდა ამისა, დამტკიცდა სამი წინამორბედი მსოფლიო კრებისა და ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიისა და ლაოდიკიის ადგილობრივი კრებების დადგენილებებიც.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.