წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი (IV)
16 (29) ივლისი
წმიდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ - წმიდა
პლატონმა (ხს. 18 ნოემბერს) მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე
ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა
მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს
დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით... მოწამის ლოცვით მრავალი
სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.
ანტიოქე მკურნალის სიკვდილით დასჯის მონაწილე - მხედარი კვირიაკე შეძრა წმიდა
მარტვილის ახოვნებამ, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და საჯაროდ აღიარა თავისი
სარწმუნოება. ამისთვის მასაც თავი მოჰკვეთეს (IV). წმიდა მოწამეები გვერდიგვერდ
დაკრძალეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
|