წმიდა მოწამე ემილიანე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი.
მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად.
წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. მალე წარმართებმა შეიტყვეს, რომ საკერპო დარბეული იყო და, გაავებულებმა, ამ დროს შორიახლოს შემთხვევით მიმავალ გლეხს დაუწყეს ცემა. წმიდა ემილიანეს შეებრალა უდანაშაულო გლეხი და საჯაროდ განაცხადა, კერპები მე დავამსხვრიეო. უღმრთოებმა იგი შეიპყრეს და მსაჯულ კაპიტოლინს მიჰგვარეს. კარისკაცის ბრძანებით ნეტარი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი დაწვა მიუსაჯეს. კოცონზე შეგდებული ემილიანე უვნებელი დარჩა. ირგვლივ სასეიროდ შეკრებილი ბევრი წარმართი კი ცეცხლის ალმა შემუსრა. ბოლოს, როდესაც შეშა ჩაიწვა, მარტვილიმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+363). მოგვიანებით კონსტანტინოპოლში წმიდა ემილიანეს სახელობის ტაძარი ააგეს, სადაც გადაასვენეს კიდეც მისი უხრწნელი ნაწილები.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.