წმიდა მოციქულთასწორნი: კლიმენტი ოჰრიდელი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი სლავები იყვნენ, კირილესა და მეთოდეს (ხს. 11 მაისს) მოწაფეები. თავდაპირველად ისინი მორავიის განსანათლებლად იღვწოდნენ. წმიდა მეთოდეს შემდეგ საეპისკოპოსო კათედრაზე დადგენილ იქნა გორაზდი. წმიდა კლიმენტი, ნაუმი, ანგელარი და საბა ხუცესებად მსახურობდნენ.
სლავ განმანათლებლებს წინ აღუდგა მისიონერთა ძლიერი ლათინ-გერმანული ჯგუფი, რომელსაც პაპის მხარდაჭერა და მორავიელი მთავრის, სვიატოპოლკის მფარველობა უმაგრებდა ზურგს. პაპმა სტეფანე VI-მ სლავურ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა. მთავრის ხელისუფლების მეშვეობით წმიდა მეთოდეს მოწაფეები - და მათ შორის ნეტარი კლიმენტიც - სამსჯავროს გადასცეს. წმიდა მამები სასტიკად აწამეს: გაშიშვლებულებს ათრევდნენ ეკალ-ბარდებზე, შემდეგ კი დიდხანს ტანჯავდნენ საპყრობილეში ისევე, როგორც მათ სულიერ მამას - წმიდა მეთოდეს.
886 წელს ტყვეთა ერთი ნაწილი - ახალგაზრდები ებრაელ მონებით მოვაჭრეებს მიჰყიდეს და ისინი ვენეციის ბაზარზე აღმოჩნდნენ. წმიდა გორაზდი, საბა, ნაუმი და ანგელარი სხვა ხანდაზმულ ტყვეებთან ერთად განდევნეს. ნაუმი და ანგელარი ბულგარეთში ჩავიდნენ. წმიდა მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ბულგარელ დიდებულთა მიერ შეკრებილი სლავური წიგნების შესწავლას.
მალე წმიდა ანგელარი გარდაიცვალა, წმიდა კლიმენტი კი მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთ ოლქში - კუტმიჩივიცაში მოძღვრად დანიშნეს. აღმოსავლეთის ეკლესიაში ამ მოვალეობის შემსრულებლად ღირსეულ, კეთილმსახური ცხოვრებით ცნობილ და მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ ხოლმე. წმიდა მამამ 893 წელს დაიწყო მოღვაწეობა ახალ ხარისხში. 893 წელს კლიმენტი დრემვიცის ანუ ველიცის ეპისკოპოსად აკურთხეს, მისი ადგილი კი ნაუმმა დაიჭირა.
მღვდელმთავარი კლიმენტი პირველი იყო ბულგარელ მღვდელმთავართაგან, რომელიც სლავურ ენაზე მსახურებდა, ქადაგებდა და წერდა. ამასთან, იგი დაუცხრომლად ეძიებდა რჩეულებს სლავურენოვანი მრევლიდან და ღვთისმსახურებად ამზადებდა. წმიდა მწყემსმთავარი ღრმა სიბერემდე იღვწოდა უფლის სადიდებლად. როცა დაუძლურდა, წმიდანი ოჰრიდში, მის მიერვე დაარსებულ მონასტერში გაემგზავრა დასასვენებლად. აქ იგი განაგრძობდა მთარგმნელობით მოღვაწეობას - თარგმნა ზატიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მალე ეპისკოპოსი მძიმედ დასნეულდა და 916 წელს სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მამის ცხედარი მისი ხელითვე შემზადებულ კუბოში ჩააბრძანეს და ოჰრიდის წმიდა პანტელეიმონის მონასტერში დაფლეს.
წმიდა კლიმენტი ითვლება პირველ სლავ მწერლად: მან არა მარტო განაგრძო კირილესა და მეთოდეს მიერ დაწყებული მთარგმნელობითი მოღვაწეობა, არამედ დაგვიტოვა ორიგინალური ნაწერებიც - სლავური სასულიერო მწერლობის პირველი ნიმუშები.
ნეტარი გორაზდისა და ანგელარის წმიდა ნაწილები ბერათის მახლობლად, ალბანეთშია დაკრძალული, წმიდა ნაუმის ნეშტი კი - მისივე სახელობის მონასტარში, ოჰრიდის ტბის მახლობლად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.