წმიდა მოწამე იოანე მხედარი მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. ის იყო ფარული ქრისტიანი და ლოცვით, მარხვითა და კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ვერ ამჩნევდნენ, რადგან უსჯულო იმპერატორის ბრძანებით სხვებთან ერთად ისიც გაგზავნეს ქვეყნის ერთ-ერთ ოლქში ქრისტიანთა შესაპყრობად. დევნის ნაცვლად იოანე ყოველმხრივ მფარველობდა ქრისტიანებს, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა მათ. როცა ამის შესახებ შეიტყო, განრისხებულმა იულიანემ ბრძანა, შეეპყროთ და დაუყოვნებლივ ჩაეყვანათ კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასასჯელად. გზაში წმიდანს მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: წარმართი მცველები გვემდნენ მეფის ურჩ მხედარს, უჭერდნენ რკინის საკვრელებს, ფეხშიშველს ამყოფებდნენ, სიცივითა და შიმშილით ტანჯავდნენ. როცა მათ სამეფო ქალაქამდე ჩააღწიეს, იმპერატორი სპარსელებთან საომრად იყო გასული. მის დაბრუნებამდე უფლის რჩეული საპყრობილეში გამოკეტეს.
ამასობაში, 363 წელს, იულიანე განდგომილი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. ტახტზე ავიდა კეთილმორწმუნე ქრისტიანი იობიანე, რომელმაც წინამორბედის მიერ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ გაცემული ყველა განკარგულება გააუქმა: ქრისტეს აღსარებისთვის ტყვექმნილები გაათავისუფლა და გადასახლებულ ეპისკოპოსებს კათედრები დაუბრუნა. თავისუფლება ჰპოვა იოანემაც. ამის შემდეგ სატანჯველებით გამობრძმედილმა წმიდანმა ღვთისა და მოყვასის მსახურებას უძღვნა თავი. ნეტარი იოანე მშვიდობით მიიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში. სიკვდილის წინ მან ითხოვა, დაეკრძალათ მდაბიოთა და გლახაკთა სასაფლაოზე. წმიდანს თხოვნა შეუსრულეს. მისი სამარხი დაიკარგა, მაგრამ იოანემ ერთ კეთილმსახურ ქალს გამოცხადებით ამცნო თავისი წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი. აღმოყვანების შემდეგ უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დაასვენეს. მათთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.