მღვდელმოწამე პოლიქრონიოსი - ბაბილონელი ეპისკოპოსი, პარმენი, ელიმე და ქრისოტელი ხუცესნი, ლუკა და მუკო დიაკონნი, აბდონ და სენისი - სპარსეთის მთავარნი და წმიდა მოწამენი: ოლიმპიოსი და მაქსიმე ეწამნენ III საუკუნეში ღვთისმოძულე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას.
დეკიუსმა დაამარცხა სპარსელები, დაიპყრო მათი ქვეყანა, ადგილობრივ მკვიდრთა შორის ბევრი ქრისტიანი ჰპოვა და მათი დევნა დაიწყო. მტარვალებმა შეიპყრეს და უღმრთო ხელისუფალთან წარადგინეს ბაბილონელი ეპისკოპოსი პოლიქრონიოსი, ხუცესნი: პარმენი, ელიმი და ქრისოტელი, და ორი დიაკონი - ლუკა და მუკო. იმპერატორმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმიდა პოლიქრონიოსმა მიუგო: „ჩვენ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს საკუთარ თავს ვსწირავით მსხვერპლად, თქვენს უბადრუკ, ხელით ქმნილ კერპებს კი არასოდეს ვეთაყვანებით“. კადნიერი პასუხით განრისხებულმა დეკიუსმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეყარათ წმიდა აღმსარებლები. მომდევნო დაკითხვაზე პოლიქრონიოსი მდუმარედ იდგა. დეკიუსი ხუცესებს მიუბრუნდა: „თქვენი მეთაური დამუნჯდა“. წმიდა პარმენი მას შეეპასუხა: „წმიდა ეპისკოპოსი არ დამუნჯებულა, მაგრამ არ სურს, შეიბილწოს თავისი წმიდა ბაგეები და „დაუფინოს მარგალიტი თვისი წინაშე ღორთა“ (მთ. 7,6). გამხეცებული იმპერატორის განკარგულებით პარმენს ენა მოჰკვეთეს. მიუხედავად ამისა, მან მღვდელმთავარ პოლიქრონიოსს სრულიად გარკვეულად უთხრა: „მეუფეო, ილოცე ჩემთვის, მე სულიწმიდას ვხედავ შენზე“. დეკიუსის ბრძანებით ჯალათებმა წმიდა ეპისკოპოსს ქვებით ბაგეები დაუჩეჩქვეს. ნეტარმა მარტვილმა ზეცისკენ აღაპყრო თვალები და სული უფალს შეჰვედრა. უღმრთოებმა წმიდანის ნეშტი სატურნის ტაძრის წინ დატოვეს. ღამით სპარსელმა მთავრებმა, ფარულმა ქრისტიანებმა აბდონმა და სენისმა იგი წაასვენეს და ქალქის გალავნის გასწვრივ პატივით დაჰფლეს.
მალე დეკიუსი ქალაქ კორდულაში გაემგზავრა და ბრძანა, სამი ხუცესი და ორი დიაკონი მის კვალდაკვალ ეტარებინათ. კორდულაში ის კვლავ აიძულებდა მოწამეებს, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, მაგრამ ენამოკვეთილი პარმენი ყველას ნაცვლად ხმამაღლა და გაბედულად პასუხობდა უარით.
იმპერატორმა ჩათვალა, რომ ნეტარი ხუცესი ჯადოს ძალით საუბრობდა უენოდ და გასცა განკარგულება, ჯერ გაეძლიერებინათ აღმსარებელთა ტანჯვა, შემდეგ კი ცეცხლში ჩაეყარათ ისინი. ამ დროს ზეციდან გაისმა: „მოვედით ჩემდა, მდაბალნო გულითა“. დეკიუსმა ეს ხმაც ჯადოსნობას მიაწერა და მარტვილებს თავები მოჰკვეთა. სპარსელმა მთავრებმა აბდონმა და სენისმა ღამით წაასვენეს წმიდა ცხედრები და კორდულის მახლობლად, თავიანთ სოფელში დაფლეს. ეს საქციელი დაფარული არ დარჩენილა. მთავრები შეიპყრეს და იმპერატორს წარუდგინეს. უღმრთო თვითმპყრობელმა ბრძანა, საპყრობილეში გამოემწყვდიათ ისინი.
იმავე დღეს კიდევ ორი სპარსელი ქრისტიანი, ოლიმპიოსი და მაქსიმე მიჰგვარეს დეკიუსს. ქრისტეს სარწმუნოების მტკიცე აღსარებისთვის წმიდა მოწამეები სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს. ხუთი დღე მათი ცხედრები დაუმარხავი ეყარა, მეექვსე დღეს კი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.
რომში გამობრუნებულმა იმპერატორმა ბორკილებასხმული აბდონი და სენისიც თან იახლა. სამეფო ქალაქში ჩასულმა, მან ქურუმს მოუხმო და აღმსარებლებს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, განრისხებულმა დეკიუსმა გადაწყვიტა, წმიდანები მხეცებისთვის მიეყარა დასაგლეჯად, მაგრამ ლომები და დათვები თვინიერად გაუწვნენ მათ ფეხთით. მაშინ მტარვალებმა ნეტარი მარტვილები მახვილებით აჩეხეს. მოწამეთა წმიდა ცხედრები სამი დღე ეყარა კერპის წინ მართლმორწმუნეთა დასაშინებლად, შემდეგ კი, ღამით, ფარულმა ქრისტიანმა კვირინმა მალულად წაასვენა მათი ნეშტი და საკუთარ მამულში დაკრძალა. წმიდა მოწამენი, აბდონი და სენისი 251 წელს აღესრულნენ. მათი უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა მარკოზის სახელობის ტაძარში განისვენებს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.