დღიდან მოსე წინასწარმეტყველისა და სჯულისმდებელისა, რომლის წინამძღვრობითაც გამოიყვანა უფალმა ეგვიპტელთა ოთხსაუკუნოვანი მონობიდან ებრაელები და შეიყვანა აღთქმულ ქვეყანაში, ვიდრე დავით წინასწარმეტყველისა და მისი ძის სოლომონისა, იყვნენ ერთი ხალხი, ერთი ქვეყანა და ერთი ნებითა და ღმრთის კურთხევით დაიმწყსოდენ მსაჯულთა ან მეფეთა მიერ. მაგრამ მხცოვანებაში სოლომონი დიდ ცოდვაში ჩავარდა. მან ააშენა საკერპო ტაძარი და ბოლო დროს თითონაც მონაწილეობდა კერპთმსახურებაში. ამიტომ ღმერთმა დასაჯა იგი იმით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელების სამეფო ორად გაიყო და უმცირესი მის შვილს ერგო. ეს სიცოცხლეშივე შეატყობინა ღმერთმა სოლომონს წინასწარმეტყველის პირით. სოლომონის სიკვდილის შემდეგ გამეფდა თუ არა მისი შვილი - რობუამი (დაახლ. 931-914 ძვ.წთ.), ისრაელებმა შეუთვალეს: „მამაშენმა მძიმე უღელი დაგვადგა (ბევრი ხარჯი დაგვიწესა გადასახდელადო), შეგვიმსუბუქე, რომ შენი მორჩილნი ვიყოთო“. უგუნურმა მეფემ მამამისის მხცოვან, გამოცდილ მმრჩევლებს არ დაუჯერა, რომ შეღავათები მიეცა მათთვის და თავქარიანი ჭაბუკების რჩევით ერის მიერ წარგზავნილებს უფრო მეტი ხარჯისა დადებას დაჰპირდა. ისრაელის ათი ტომი განუდგა რობოამს და ახალ მეფეს - იერუბუამ I-ს (931-909 ძვ.წთ.) დაემორჩილა. რობუამის ერთგული დარჩა იუდას და ბენიამინის ტომები, რომელნიც იერუსალიმსა და მის მახლობლად ცხოვრობდენ. რობუამს უნდოდა ძალით შემოეერთებინა განდგომილი ტომები, მაგრამ ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით აუკრძალა ასეთი საქციელი. ამნაირად ისრაელნი ორ სამეფოდ გაიყვნენ. რობუამის სამეფოს დაერქვა იუდეველთა სამეფო, რადგან უმთავრესად იუდას ტომისაგან შედგებოდა, ხოლო მეორეს - ისრაელისა. სჯული ერთი დარჩა და ისრაელნი ისევ იერუსალიმში დადიოდნენ სალოცავად და მსხვერპლის შესაწირავად. იერუბოამს შეეშინდა, ვაი თუ ისრაელნი ისევ რობუამს შეუერთდნენო. ამიტომ მან გააკეთებინა ორი ოქროს ხბო და დაადგმევინა ორ ქალაქში, შემდეგ შეკრიბა ისრაელნი და უთხრა: „აი ესენია თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ამას ეცით თაყვანიო“. მეფემ თვითონ სცა კერპებს თაყვანი და აუარებელი მსხვერპლი შესწირა. ამის შემდეგ ისრაელთ შეწყვიტეს იერუსალიმში სიარული და დაიწყეს კერპების თაყვანისცემა. მალე ამ ორ განაყოფ სამეფოთა შორის ჩამოვარდა უკმაყოფილება, შური და მტრობა; ხშირად კიდეც ომობდნენ ურთიერთშორის, რამაც ორივე ძალზე დაასუსტა. მათ მტრებსაც ეს უნდოდათ. ასურეთის მეფემ დაიპყრო ისრაელთა სამეფო და გადაასახლა ისინი, მათ ადგილზე კი ასურელები გადმოასახლა. დარჩენილმა ისრაელებმა შეითვისეს ასურელების ზნე-ჩვეულება და წარმოიქმნენ ხალხი, რომელსაც სამარიტელები დაერქვა. ისრაელნი ხშირად ივიწყებდნენ ღმერთს, მაგრამ ღმერთი არ ივიწყებდა მათ; დროგამოშვებით უგზავნიდა წინასწარმეტყველებს, რომელნიც ასწავლიდნენ ღმრთის სჯულს, აუწყებდნენ მის ნებას, ამხილებდნენ ცოდვისათვის და წინასწარმეტყველებდნენ მომავალზე, განსაკუთრებით მაცხოვარზე. ისრაელის სამეფოში წინასწარმეტყველნი იყვნენ ელია, ელისე და იონა. იუდეველებისა: ესაია, იერემია, დანიელი და სხვ.
ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი ელია (ებრაულად ნიშნავს „უფალი არის ღმერთი“) დაიბადა ძვ. წ-ით IX ს-ში ისრაელის სამეფოში, ქალაქ თეზბაში (არაბეთის საზღვართან), ლევიტელთა ტომის წარმომადგენელის ოჯახში ქრისტემდე მეცხრე ს-ში (ისრაელის 12 ტომიდან კი მხოლოდ ლევიტელებს ჰქონდათ იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურების უფლება). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მამამისმა იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ. როცა ამის შესახებ იერუსალიმელ მღვდლებს მოუთხრო, პასუხად მოისმინა: „ნურაფრის გეშინის, შენი ძე ნათელში იცხოვრებს“. მართლაც ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - ლოცვასა და უფლის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს: ხორციელად იზრდებოდა და სულიერად წარემატებოდა. უფალი წინასწარმეტყველის მისიისათვის ამზადებდა მას. და აჰა, დადგა დრო, როდესაც უფალმა მოუხმო თავის რჩეულს. სავარაუდოდ 869 წ.(ძ,წთ) ისრაელში გამეფდა ყველაზე უწმინდური კაცი ისრაელთა მეფეებს შორის, სახელად აქაბი. მან წარმართი ცოლი მოიყვანა და მისი გავლენით თავის ქვეყანაში უფლის ნაცვლად წვიმის წარმართული ღვთაების ბაალის კერპების თაყვანისცემას ავრცელებდა. მეფე აქაბის ხელშეწყობით ისრაელის ერმა გადაუხვია უფლის გზას, ზურგი აქცია სჯულს, კერპებს მოუდრიკა ქედი და მათ ემსახურებოდა. თავისი ერის გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ღმრთისმოსავი ელია „ბორგდა, რეცა თუ განსთქდებოდა და განიხერხებოდა. მისთვის მიუღებელი იყო ის, რომ ისრაელიანებმა დაუტევეს მამა-პაპათა ღმერთი, რომელმაც ნიშებითა და სასწაულებით გამოიყვანა ეგვიპტიდან და თაყვანისცეს ეგვიპტურ ღვთაებებს. ამიტომ განეშორა თავის ხალხს მიატოვა ოჯახი და ნათესავები და განმარტოებით დასახლებული ასკეტურ ღუაწლს შეუდგა. მაშინ გამოეცხადა მას უფალი და უსჯულოების სამხილებლად მეფე აქაბთან მისვლა უბრძანა. უფლის ბრძანებით ელია წარდგა აქაბის წინაშე, ამხილა კერპთმსახური მეფე და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა, თან განუმარტა, რომ მისი მაგალითით ირყვნებოდა უფლის რჩეული ერი, თუმცა არც მეფემ ისმინა მისი და არც ხალხმა.
აქაბმა და იეზაბელმა შეიძულეს ელია და დევნა დაუწყეს. საღმრთო შურით აღძრულმა ელიამ დაცემული ერის ჭკუაზე მოსაყვანად უფალს ცვარ-ნამის შეწყვეტა სთხოვა. ასეთი მკაცრი სასჯელით წმინდა ელია წინასწარმეტყველს სურდა, კერპთაყვანისცემაზე მოქცეული ებრაელი ხალხი ჭეშმარიტი რწმენისაკენ მოებრუნებინა, ამასთან, უნდა ეჩვენებინა, რომ წვიმის ღმერთად მიჩნეული ბაალი სრულიად უმწეო იყო და ქვეყანას წვიმას ვერ მოუვლენდა. მან მეფეს განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა. „ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშე ვდგევარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა თუ არა ჩემს სიტყვაზეო“ (3 მეფეთა, 17,1). „შევარდა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ ქიმთა ქუეყანისათა, ვითარცა სიცხჱ ძლიერი, და ყოველივე მეყსეულად განხმა“. უფალმა ელიას უბრძანა აქაბის დევნას მდინარე იორდანეს მახლობლად მდებარე მთებში „ნაღვარევსა მას ქორათისასა“ დამალვოდა. მღვიმეში მცხოვრებ ელიას დილა-საღამოს ყორანი უზიდავდა ხორცსა და პურს. წყურვილს კი იქვე ნაკადულზე იკლავდა. (3 მეფეთა 17,1-6) 9 საუკუნის შემდეგ ამ მღვიმეში ლოცულობდა წმ. იოაკიმე, როცა ანგელოზმა ახარა, რომ მისი ცოლი შობდა ასულს, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს. ამავე მღვიმეში ლოცულობდა და მოღვაწეობდა წმ. იოანე ნათლისმცემელიც.
სამნახევარი წლის განმავლობაში წვიმის წვეთიც კი არ დაცემულა მიწაზე. ქუეყანა შეძრწუნდა და დიდი მწუხარებით აღივსო. ელიას სიტყჳთ ცაი შეკრულ იყო და ყოველივე მოწყდებოდა და განიხრწნებოდა: ხენი, ბალახი, და ვენაჴი გახმა, წყარონი, ტბანი და მდინარენი დაშრა. ნაყოფიერნი უნაყოფოდ გარდაიქცა, ფრინველნი შიმშილით მოისრნენ და მხეცნი და პირუტყუნი უსაჭმლობით მოწყდენ. ამის შემდეგაც არ მოულბა გული ელიას და არც ღრუბელნი განხსნა „შობად წჳმისა.“ მაშინ ანგელოზები აღვიდენ მთავარანგელოზებთან ერთად უფალთან, თაყუანის-სცეს და ევედრენ, რათა შეიწყალოს დაბადებულნი თვისნი, ხოლო მიქაელ მთავარანგელოზმა უთხრა: გევედრები შენ, უფალო, და თაყუანის-ვცემ ღმრთეებასა შენსა, მაუწყე ჩუენ, ახლოს არის აღსასრული? უფალმა მიუგო: „ელიამ არაფრად შეჰრაცხა სოფლისა სიხარული საშუებლითურთ... მე მარტო შემიყუარა მჴსნელად თჳსა და სათნოებისა ჩემისათჳს მოიძულა ყოველი სოფელი სავსებითურთ მისით, და ვითარ-იგი მან ყო სათნოებაჲ ჩემი, მეცა აღვასრულო ნებაჲ მისი და არა დავჰჴსნი განჩინებასა მისსა“. მაშინ მთავარანგელოზმა მაინც გარდამოიყვანა ღრუბელი წინაშე უფლისა „თჳნიერ ცუარისა და წჳმისა“, ელია ქორების მთაზე, თავის მღვიმის შესასვლელთან იჯდა, როდესაც მომავალი ღრუბელი დაინახა, „განრისხნა ვითარცა მბრძოლი, მკსინვარედ შეუძახა და გააჩერა, ხოლო ღრუბლები უკუ-იქცენ და მთავარანგელოზის წინაშე დადგენ“. რატომ გაჩერდითო - ჰკითხა მათ მთავარანგელოზმა, და პასუხად მიიღო: იმ კაცმა გაგვაჩერაო. გამოეცხადა მთავარანგელოზი ელიას და სთხოვა: უბრძანე ღრუბლებს, რომ იწვიმონო. მან კი უპასუხა: ჩემ ნათქვამ სიტყვას უკან აღარ წავიღებ, რადგან უფლის სახელი დავიფიცე და არც შევინანებ, რათა მატყუარად არ გამოვჩნდე. არც ცუარი ან წვიმა გარდამოხდება ქუეყანაზე, ვიდრე შურს არ ვიძიებ ღმერთისათვისო. როცა მთავარანგელოზმა ელიას დაყოლიება სცადა: მან უპასუხა: ადი უფალთან და ჩემი სიტყვებიც უთხარი და შენიც, რომ გაიგო, თუ ვისი სიტყუა სათნო-ეყოფა მასო. მართლაც ანგელოზი წარსდგა უფლის წინაშე, თაყუანის-სცა და შესჩივლა: რატომ აქვს ამ კაცს ამდენი ძალაუფლება, რომ ჩვენი განგება განაქარვა? თუ ჩვენზე ძალიან გიყვარს, ამოიყვანე ზეცაში და დაისვენებს ქვეყანა მაგისგანო. მაშინ აქო ელია სიწმინდისა და ერთგულებისათვის უფალმა და ანგელოზს უთხრა: გამოვცადე ეს კაცი და ვნახე რომ გამობრძმედილი ოქროსავით არის, ჩემი გულისთვის მიატოვა თავისი ოჯახი და ხალხი და ყველანაირ გასაჭირს იტანს. ამიტომაც მის გარეშე არ მივცემ ქვეყანას წვიმას, რომ ყველამ შეიგნოს თუ რა ძალა აქვს ჭეშმარტი მორწმუნის სიტყვას, თავისი ნებით გავახსნევინებ შეკრულ ცას, როცა ფრინველის ხელით აღარ გავუგზავნ საზრდოსო და უბრძანა ყორანთ, რომ აღარ მიართვან საჭმელი ელიას, ხოლო მან პირველ დღეს იფიქრა: ნუთუ ვერ იპოვეს საჭმელი და მის ძებნაში დაყოვნდენო? მეორე და მესამე დღესაც რომ არ გამოჩნდნენ, თქუა: ნუთუ სხუა ფრინველებმა წაართვეს ჩემთან მოსატანი საკვებიო, მეოთხე დღეს კი დაინახა რა ფრინველები, აღმოხდა: რა არის ეს, ნუთუ დაეზარათ საჭმლის მოტანაო. ხოლო მეექვსე დღესაც რომ არ გამოჩნდნენ, შეძრწუნებულმა წყლის დასალევად ხევს მიაშურა, მაგრამ მიწამ პირი გააღო და წყარო შთანთქა, მაშინ კი იწყო ტირილი და უფალს შეჰღაღადა: „შენი არს ჴელმწიფება და ძლიერება, უფალო, და არავინ შემძლებელ არს შეკრვად და განჴსნად თჳნიერ ბრძანებისა შენისა, და თუ გინდა შენი დაბადებულების შეწყალება, მე რას წარმოვადგენ, მიწა და ნაცარი ვარ და აღარ შეგეწინააღმდეგები, მაგრამ მე ის მაწუხებს, შენი სახელი რო დავიფიცეო. ამ სიტყვების შემდეგ გამოვიდა ელია საჭმლის საძიებლად და ესმა, რომ დედოფალი იეზაბელი მოსაკლავად ეძებდა. არ დარჩენილა ხალხი, ან სამეფო, სადაც მის საძებრად არ გაეგზავნოს კაცი ქმრის თანხმობით. ეუბნებოდნენ, არ არისო, და ისიც დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, რომ ვერ იპოვნეს. მაშინ ღმერთმა უბრძანა მას, რომ წასულიყო „სარეფთად სიდონიაჲსსა“ და იქ ერთი ქვრივი ქალის სახლში დაბინავებულიყო (ერთ ადგილზე მყოფმა ელიამ არ იცოდა, რა ხდებოდა, ამისთვის უფალმა წარავლინა სოფლად, რომ თავისი თვალით ენახა ხალხის გაჭირვება და ეთხოვა უფლისათვის წვიმის მოცემა). ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი ფიჩხს აგროვებს. ელია მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო ვისთანაც უფალმა წარმოგზავნა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვაო. წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელითო. მიუგო ქალმა: უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ ფიჩხს შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ და დავიხოცებითო. მაშინ უთხრა ელიამ: ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ. რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად. წავიდა ქალი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა. მართლაც ქურივი სახლში შევიდა და იპოვა ფქვილითა და ზეთით სავსე ჭურჭლები, ელია დასახლდა მასთან და უფალმა სასწაული მოახდინა: ისინი პურს ყოველდღე აცხობდნენ, მაგრამ ფქვილი და ზეთი არ ილეოდა.
სულ მალე ქვრივის ბიჭუნა ავად გახდა და მოკვდა. მგლოვიარე დედამ იფიქრა, რომ იგი ღმერთმა დასაჯა ძველი ცოდვებისათვის და თვალცრემლიანი მივიდა ელიასთან და უთხრა: „გევედრები შენ, ჵ, წინაწარმეტყუელო ღმრთისაო, მწარე დღე მოიწია ჩემ ზედა შემოსლვასა ოდენ შენსა, რამეთუ აჰა ესერა, ძჱ ჩემი ვპოვე მკუდარი. აწ უკუე ევედრე უფალსა ღმერთსა შენსა, რაჲთა აღადგინოს ძჱ ჩემი, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ ვედრებაჲ შენი შეწყნარებულ არს წინაშე მისსა და თხოვაჲ შენი მოგემადლოს მის მიერ. შეწუხებულმა ელიამ გამოართვა მას მკვდარი ბავშვი და ოთახში შეიყვანა, თავის ლოგინზე დააწვინა, ხელები ზეცად აღიპყრო და შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურად ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ?“. შემდეგ სამჯერ შთაბერა სული ბავშვის და ილოცა: უფალმა შეისმინა წინასწარმეტყველის თხოვნა და ყრმა მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქვრივმა ელიას უთხრა: „ახლა კი მივხვდი, რომ ღმრთის კაცი ხარ და რომ შენს ბაგეებში უფლის სიტყვა მტკიცეა“ (3 მეფეთა 17,7-24).
სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, უფლის ნებით ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?. არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა“, - უპასუხა წინასწარმეტყველმა და კერპთმსახურებაში ამხილა (3 მეფეთა, 18,19), შემდეგ კი სთხოვა..., ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ქარმელის მთაზე შეეკრიბა (ებრაელების მოსვლამდე ამ მთას ქანანანელები ბაალის კუთვნილად თვლიდნენ, ხოლო ფინიკიელები აქ პატივს მიაგებდნენ ადგილობრივ კერპს ხადადს, ბერძნებმა კი ზევსის მთა უწოდეს მას და მასზე სამსხვერპლო აღმართეს. სახელწოდება „ქარმელი“ წარმოსდგება ორი ებრაული სიტყვის შეერთებით: „ქერემ“ - ვენახი და „ელი“ - ღმერთი. ძველად მთა ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით იყო დაფარული და სიუხვის სიმვბოლოდ ითვლებოდა. მთაზე ბევრი კარსტული მღვიმეა. მთა წარმოადგენდა საზღვარს ისრაელსა და ფინიკიას შორის. კარმელის მთასთანაა დაკავშირებული კათოლიკ იეზუიტ ბერთა ორდენის „ქარმელიტების“ წარმოშობაც 1156 წელს). აქაბი დათანხმდა და დათქმულ დღეს კარმელის მთაზე რვაასორმოცდაათმა ქურუმმა მოიყარა თავი.
წმინდა წერილში აღწერილია ელიას მიმართვა ხალხისადმი: „ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? (როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?) უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა“. როგორც წმინდა წერილიდანვე ვგებულობთ, ებრაელმა ხალხმა ელიას ვერაფერი უპასუხა. ელიამ მათ შესთავაზა თანაბარ პირობებში (სამსხვერპლოში ცეცხლის დაუნთებლად) შეეწირათ მსხვერპლი თავთავიანთი ღმერთებისათვის - „მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინა-სწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია. მოგვცენ ორი კურატი (ზუარაკნი); ერთი მაგათ ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ჭეშმარიტი ღმერთი იქნება. ხალხიც დაეთანხმა მას. (3მეფ. 18:21).
ბაალის წინასწარმეტყველებმა მოზვერი შეშაზე შემოდეს და დილიდან შუადღემდე სამსხვერპლოს გარშემო ამაოდ დარბოდნენ და ბაალის კერპს ცეცხლის მოვლინებას ევედრებოდნენ. შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს და გაიღვიძებსო. შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგად იყვნენ დავარდნილი ძღვნის შეწირვის ჟამამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი. მაშინ აიღო თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა, - „ისრაელი იქნებაო შენი სახელი“, და უფლის სახელზე ლოდებისგან სამსხვერპლო აღადგინა, რაც სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა, დააწყო შეშა, შუა გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო. აავსებინა წყლით ოთხი ჩაფი და სამჯერ გადაასხმევინა. ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მივიდა ელია და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოშრიტა წყალიც, არხში რომ ესხა. ხალხმა ეს რომ დაინახა, პირქვე დაემხო და შეღაღადა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი! უთხრა მათ ელიამ: შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს ქურუმები და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და როგორც ერის გამრყვნელები, იქ დახოცა (ქარმელის მთაზე დგას ელიას ხმალამოწვდილი ქანდაკება).
ამის შემდეგ ელიამ მეფეს მიმართა: „აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს“ (3 მეფ. 18,41), თვითონ კი ქარმელის თავზე ავიდა, სალოცავად, თან მსახური გაუგზავნა აქაბს: ეტლი შეკაზმე და გაბრუნდე, რომ წვიმამ არ მოგისწროსო. ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. სიხარულისაგან ატირებული აქაბი ეტლში დაჯდა და იზრეელისაკენ გაემართა. თუმცა მისი სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა მან მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას შეუთვალა: ხვალ ამ დროს ისევე მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანსო. ელია შეშინდა და ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარო. მიწვა ბუჩქის ძირას და მიეძინა (3 მეფ. 19,4). და, აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ადექი, ჭამე. გაიხედა და, აჰა ხმიადი და წყლიანი დოქი უდგას სასთუმალთან. შეჭამა, შესვა და ისევ მიწვა. მეორედაც მოვიდა უფლის ანგელოზი, საზრდელი მოუტანა და მოგზაურობისთვის მოაძლიერა. მართლაც ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა უფლის მთამდე, ქორებამდე. შევიდა იქ ერთ გამოქვაბულში და დაიღამა. აჰა, გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა: აქ რა გინდა, ელია? - უფლის, საბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი; მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენო - მიუგო მან. უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე, მის წინაშე წარდგომა უბრძანა. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსრველი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწის ძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი. მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი; ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღმრთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. ელიამ მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა, ელია? მიუგო: უფლის, საბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენო. წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ ელისე საფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლადო - უთხრა უფალმა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის. წავიდა წინასწარმეტყუელი იქიდან და მოძებნა ელისე საფატის ძე, რომელიც თორმეტი უღლით მიწას ხნავდა. ელიამ ჩაუარა და თავისი მოსასხამი გადაუგდო. ელისემ ხარები მიატოვა, ელიას გაჰყვა და უთხრა: გამიშვი, ამბორისყოფით დავემშვიდობო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვებიო. ელისე უკან გაბრუნდა, ერთი უღელი ხარი დაკლა, ხორცი მოხარშა და ხალხს გაუნაწილა. თავად კი ელიას გაჰყვა და ემსახურებოდა ერთგულად.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ათ ტომზე იყო გამეფებული აქაბი, მაინც ღარიბი კაცის ქონებაზე ეჭირა თვალი. ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს აქაბის სასახლის გვერდით. აქაბმა შესთავაზა მას: შენი ვენახი საბოსტნედ დამითმე, რადგან ჩემი სახლის გვერდითაა; სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ; თუ გინდა მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდიო. ნაბოთმა არ დათმო მამა-პაპის სამკვიდრო მამული. აქაბი თავის სახლში დაღვრემილი და შეწუხებული მივიდა. თავის საწოლში ჩაწვა, პირი კედლისკენ ქნა და პურიც არ უჭამია. იეზაბელმა რომ გაიგოო ამის მიზეზი, ქმარი დაამშვიდა, ნუ სწუხარ, მაგ სურვილს აღაგისრულებო და ნაბოთის ქალაქში მცხოვრებ უხუცესებს უბრძანა ღალატი დაებრალებინათ ნაბოთისთვის და მოეკლათ. ასეც მოიქცნენ: გაიყვანეს ქალაქის გარეთ და ქვით ჩაქოლეს. იეზაბელმა ქმარს უთხრა: ადექი, დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახსო.
მაშინ უფლის სიტყვა გამოეცხადა ელია თეზბიტელს: ადექი და დახვდი აქაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად. უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები. კიდევ უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ ძაღლები. აქაბმა ელია რომ დაინახა, შესძახა: მაინც მომაგენი, ჩემო მტერო? მან კი მიუგო: მოგაგენი, რადგან ცუდად განლაღდი და ბოროტი ქცევით უფალი განარისხე და ასე ამბობს: აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტავ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს აქაბს კედელთან მშარდავი, ყმა თუ აზატი ისრაელში, იმ ჯავრის გამო, რომ გამაჯავრე, რომ შეაცდინე ისრაელი. იეზაბელზეც თქვა უფალმა: ძაღლები შეჭამენ იეზაბელს ისრაელის გალავანთან. ვინც ქალაქში მოუკვდება აქაბს, იმას ძაღლები შეჭამენ; ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. ჯერ არვინ ყოფილა, რომელსაც აქაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იეზაბელი, მისი ცოლი. დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიჰბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა. აქაბმა ეს სიტყვები რომ გაიგო, ტანზე სამოსელი შემოიხია და ჟვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა. კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა ელიას: ხომ ხედავ, როგორ მოიდრიკა აქაბი ჩემს წინაშე? და რაკი მოიდრიკა ჩემს წინაშე, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში; მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს. სამწლიანი მშვიდობის შემდეგ იუდას მეფე იოსაფატმა (870-848) და აქაბმა კავშირი შეკრეს ერთმანეთთან და ომი გამოუცხადეს ასურისტანს, რათა გალაადის რამოთი გამოეტაცათ მისთვის. ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი შეკრიბა, და უთხრა: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალიო. მხოლოდ მიქა წინასწარმეტყველი აფრთხილებდა, რომ თუ ომს დაიწყებდა, აუცილებლად ბრძოლაში მოკვდებოდა, სხვა წინასწარმეტველებს კი სიცრუეში ამხილებდა. ისრაელის მეფემ მიქა დილეგში ჩააგდებინა. მან კი უთხრა: თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირითო. წავიდნენ ისრაელის მეფე და იოსაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე. ისრაელის მეფემ გადაიცვა უბრალო სამოსი, რათა არავის ეცნო და საბრძოლველად ისე გავიდა. ასურასტანის მეფემ კი თავის მოლაშქრეებს მხოლოდ მეფის მოკვლა უბრძანა. ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარო. გახურდა ომი იმ დღეს, დარჩა ეტლში აქაბი არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამო ხანს. წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლის ძარაში. გავარდა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: ყველა თავის ქალაქისკენ, ყველა თავის ქვეყნისკენ! მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას და იქვე დამარხეს. გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს, რომელიც სიძვის დიაცებმა ჩამორეცხეს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს. გამეფდა მისი ძე ოქოზია (854 წ.) მან სულ ორი წელი იმეფა, ბაალს სცემდა თაყვანს და მას ემსახურებოდა, რის გამოც განარისხა უფალი და მწარედ დაისაჯა: მეორე სართულიდან გადმოვარდა და დასნეულდა. მან თავისი მსახურები გაგზავნა და დააბარა: დაეკითხეთ ბაალს - აკკარონის ღმერთს (ქანაანელთა უმაღლესი ღვთაება, ზევსისა და იუპიტერის მსგავსად, ზეციურ ძალთა მბრძანებელი.), განვიკურნები თუ არაო. მაშინ უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თეზბიტელს: წადი, და დახვდი სამარიის მეფის წარგზავნილთ და უთხარი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაალთან მიდიხართ საკითხავად? ამიტომ ასე ამბობს უფალი: ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდეო. დაბრუნდნენ მოციქულები ახაზიასთან. ჰკითხა: რისთვის დაბრუნდითო, - და გადასცეს შემხვედრი კაცის დანაბარები. მეფემ ჰკითხა: როგორ გამოიყურება ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ? მიუგეს: ბალანი მოსავს იმ კაცს და წელზე ტყავის სარტყელი არტყია. მაშინ მეფე მიხვდა: ეს ელია თეზბიტელიაო. მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათი კაცით და ავიდა რა მთის თხემზე მჯდარ ელიასთან: უთხრა: ღმრთისკაცო! მეფე გეუბნება, ძირს ჩამოხვიდე. თუ მე ღმრთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ - უთხრა ელიამ ორმოცდაათისთავს. მაშინ ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა მისი ორმოცდაათი კაცითურთ. კიდევ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. დაუწყო ლაპარაკი და იგივე განმეორდა: ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა ისინი. მესამედ მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თვისი ორმოცდაათეულითურთ. ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე და მუდარით უთხრა: ღმრთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათი შენი მორჩილის სიცოცხლეს შენს თვალში. მაშინ უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: ჩაჰყევი, ნუ გეშინია მათი. ადგა ელია და ჩავიდა მათთან ერთად მეფესთან და უთხრა მას: ასე ამბობს უფალი: რაკი ბაალთან, ყეკრონის ღმერთთან, გაგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები. მოკვდა კიდეც ოქოზია უფლის სიტყვისამებრ, ელიამ რომ გააცხადა. მის ნაცვლად იორამი, აქაბის ძე გამეფდა, რადგან მას ძე არ ჰყავდა.
როდესაც უფალი ელიას ცადაყვანას აპირებდა ქარბორბალათი, გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელია ელისესთან ერთად. ელიამ უთხრა ელისეს: აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალიო, ხოლო, ელისემ მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებო. და წავიდნენ ბეთელს. გამოვიდა ბეთელის წინასწარმეტყველთა გუნდი ელისესაკენ და უთხრეს: ხომ იცი, რომ დღეს აღამაღლებს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო: მეც ვიცი, თქვენ კი დადუმდითო. უთხრა მას ელიამ: ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიქონში მაგზავნის უფალიო. ელისემ უპასუხა: უფალსა და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვოო და წავიდნენ. მიადგა ელისეს იერიქონის წინასწარმეტყველთა გუნდი და უთხრა: ხომ იცი, რომ დღეს აღამაღლებს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო ელისემ: მეც ვიცი. დადუმდითო. მაშინ ელიამ უთხრა მას: აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალიო. უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვოო - მიუგო ელისემ და თან წაყვა. წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირისპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ. მოიხსნა ელიამ თავისი წარმოსასხმელი იგი ხალენი, დაგორგლა და დაარტყა აღელვებულ მდინარეს, რათა გზა მისცეს და განვიდეს წყალს. მაშინ მსწრაფლ განიპო წყალი იგი ორად, განიყო და მშრალად გავიდნენ ორივე. როცა გაღმა იყვნენ გასული ელიამ უთხრა: მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგანო. ელისემ მიუგო: შენი სულის ორმაგი წილი (ძალა) გადმოვიდეს ჩემზეო. უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდებაო. და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. უყურებდა ელისე და ღაღადებდა და იტყოდა: „მამაო, მამაო, ეტლო ისრაელისაო და მჴედარო მისო! მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად განაპო. აიღო მოსასხამი, ელიამ რომ გადმოუგდო, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე დადგა. დაარტყა წყალს მოსასხამი და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა. შორიდან დაინახეს იგი იერიქონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზეო. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს და უთხრეს: აჰა, ორმოცდაათი მარჯვე კაცი გვყავს შენს მორჩილთ; თუ გინდა წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში, ან ხევში ჩამოაგდო. მიუგო: ნუ გაგზავნით უფალმა აიტაცაო. დიდხანს არ ეშვებოდნენ და ბოლოს დაითანხმეს. გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამ დღეს ეძებს, მაგრამ ვერ იპოვეს. მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიქონში იჯდა, ამას შემდეგ ელისე გახდა „ძეთა წინასწარმეტყველთა წინამძღოლი“. უფლისადმი უზომო სიყვარულითა და სათნოებით მან მალევე გაითქვა სახელი ისრაელში. 60 წლის მანძილზე (ჩვ. წ-მდე 892-832 წწ.) იგი ატარებდა „ისრაელის წინასწარმეტყველის“ ტიტულს (2 მეფეთა 5,8), უშიშრად ამხელდა ისრაელის მეფეების უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას.
საღმრთო დიდებით ეჩვენა ქრისტე მოციქულებს - სიმონ-პეტრეს, იაკობს და იოვანეს, მის ძმას, თაბორის მთაზე - სახე მისი მზესავით განბრწყინდა და სამოსელი მისი თოვლივით განსპეტაკდა, რათა ეჩვენებინა, რომ იგი ელია კი არ არის, არამედ ღმერთია ელიასი, და არც იერემია არს, არამედ ვინც იერემია აკურთხა დედის მუცელში ის არის. და არცაღა სხვა ვინმე წინაწარმეტყველთაგანი, არამედ უფალია წინაწარმეტყველთა და მომავლინებელი მათი (როდესაც მან მოციქულებს ჰკითხა: რას ამბობენ ჩემზე, ვინ არისო? მათ უთხრეს: ზოგი ამბობს ელიაო, ზოგიც იერემიაო ან ერთ-ერთი წინაწარმეტყუელთაგანიო). აჩვენა მათ, რომ იგი არს ცისა და ქვეყანისა დამბადებელი და ცოცხალთა და მკვდართა უფალი, (თუმცა არ უჩვენა მათ სიღრმე თავისი დიდებისა, არამედ რამდენსაც დაიტევდნენ). უბრძანა ცას და ელია გარდამოიყვანა; უბრძანა ქვეყანას და მოსე აღადგინა. პირდაპირ რომ ეთქვა ღმერთი ვარო, არ ირწმუნებდნენ, რადგან იცნობდნენ მარიამს, დედამისს, და იოსებს, რომელმაც გაზარდა იგი მამასავით, ხოლო იოსების ძეებს მისი ძმები ერქვათ. თვითონ კი მათთან ერთად დადიოდა, საკვებს მიირთმევდა, ეძინა, და იღლებოდა, ვითარცა ერთი მათგანი. „და ესევითარნი საქმენი არა შეჰშუენიან ბუნებასა ღმრთეებისასა“. და ამიტომ აიყვანნა ისინი მთაზე, რათა „ხმა-უყოს მათ მამამან და აუწყოს, ვითარმედ ძჱ მისი არს იგი ჭეშმარიტად“. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე, მოსე წინასწარმეტყველი და ელია წინასწარმეტყველი საუბრობდნენ ჯვარცმაზე, რადგანაც მოახლოებული იყო დრო ჯვარცმისა და მოციქულები ღმრთის შემწეობის გარეშე მათი მოძღვრისა და მასწავლებლის - ღმერთკაცის ჯვარცმასა და მისი საიდუმლოს შინაარსს ვერ დაიტევდნენ, ამიტომაც ეჩვენა მათ დიდებით ქრისტე, რათა გამხნევებული ყოფილიყვნენ ამ საშინელი მოვლენის წინ...
მოსე წინასწარმეტყველი სიმბოლურად გარდაცვლილ მართალთა სახედ წარმოჩნდა, ხოლო ელია წინასწარმეტყველი კი ცოცხალ მართალთა სახედ... ასევე იქნება უფლის მეორედ მოსვლის დროსაც, წმინდანნი და მართალნი, რომელნიც მკვდრეთით აღდგებიან იბრწყინებენ მოსეს მსგავსად ქრისტესთან ერთად, ხოლო ვინც ცოცხალი იქნება იმ დროს ელიასავით იბრწყინებს უფალთან ერთად...
ეკლესიის სწავლებით, წმინდა ელია წინასწარმეტყუელი ამა სოფლის უკანასკნელ დღეებში ანტიქრისტეს სამხილებლად ენუქთან ერთად უნდა გამოჩნდეს იერუსალიმში, რათა თავიანთი საკვირველი ქადაგებითა და სასწაულთმოქმედებით ადამიანებს განუცხადონ ის არნახული სიცრუე, რომელიც სულ უფრო და უფრო ემუქრება კაცობრიობას. ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი სამნახევარი წლის განმავლობაში თავისუფლად, დაუბრკოლებლად ამხელენ ანტიქრისტეს, გააფრთხილებენ ადამიანებს, არ მიიღონ მისი სიცრუე [სახელი ენოქი („მასწავლებელი“) ორჯერაა მოხსენიებული ადამის გენიალოგიაში. ენოქი ჰქვია ადამის შვილიშვილს, კაენის მხრიდან: ენოქი ეწოდა ასევე ადამის დიდ შვილიშვილს, შეთის (და არა კაენის) მხრიდან. ძველ აღთქმაში ენუქის ცხოვრება აღწერილია დაბადების წიგნში: „ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ. და შვა მათუსალა. ხოლო სათნო ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ. და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (დაბ.5:21-24). ენუქი არის ძველი, წარღვნამდელი სამყაროს პატრიარქი და ითვლება მაღალი ზნეობრიობის და ღმრთისმოსაობის ეტალონად. ტრადიციულ იკონოგრაფიაში გამოისახება წაწვეტებული წვერით. ენუქმა შემოიღო კვირეული და სხვა ქრონომეტრიული ციკლები. წმინდა ენოქის მოღვაწეობის პერიოდად მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებულია ძ.წ. 5508 წ. ენუქის ცხოვრება აღწერილია ასევე ძველი აღთქმის არაკანონიკურ, აპოკრიფულ ტექსტში „ენუქის წიგნი“. ბიბლიის თანახმად, მხოლოდ ენუქი და ელია წინასწარმეტყველი (4 მეფ. 2:11) არ მომკვდარან.]
მიუხედავად მთელი თავისი სიძლიერისა, ანტიქრისტე ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს ელიასა და ენუქს მათ მამხილებელ ქადაგებაში. ამიტომ ამ პერიოდში იგი კვლავაც გარეგნულად მდაბალი და მოწინააღმდეგეთა მიმართაც კი, ვითომდა კეთილგანწყობილი და კარგის მოსურნე იქნება. ბოლოს კი, ამ სამწელნახევრის გასვლის შემდეგ, ანტიქრისტე წმიდა წინასწარმეტყველთა მიმართ აშკარა ძალადობას მიმართავს და მშვიდობისმყოფელის ნიღაბს ჩამოიცილებს.
საღმრთო წერილი, ეკლესიის წმიდა მამები და საეკლესიო გარდამოცემა სრული გარკვეულობით აცხადებს მათ ნამდვილ, პირდაპირი გაგებით აღსაქმელ მოსვლაზე ამ ქვეყნად შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე; ამ ავტორიტეტულ, უტყუარ ცნობებში ნათქვამია ელიასა და ენუქის მამხილებელ ქადაგებაზე, რაც ანტიქრისტეს წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათს სასწაულთმოქმედებაზე, მოწამეობრივ სიკვდილზე, მკვდრეთით აღდგომაზე და ცად ამაღლებაზე.
წმიდა სახარებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი მეორედ მოსვლის ეს ნიშნები: მიწისძვრები, სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, ადამიანთა მასიური დაღუპვანი, შიმშილობანი, ომები და „ამბავნი ბრძოლათანი“, სისხლიანი ერთნოკონფლიქტები („და აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა“) და სხვა. მაგრამ უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება და ამქვეყნად დიდი ქრისტემტყუარის - ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც თავს ჭეშმარიტ მესიად, ამსოფლად მოვლენილ ღმერთად გამოაცხადებს, თითქმის მთელს დედამიწაზე გაბატონდება, მრავალ ურწმუნო თუ მცირედ მორწმუნე ადამიანს შეაცდენს და კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს. მისი გამოჩენა მოხდება შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. „იგი (ანუ ანტიქრისტე) სიძვისაგან იშვება, ფარულად აღიზრდება, უეცრად აღდგება, ყოველივეს აღაშფოთებს და მეფე გახდება“ („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“. წგ.IV, თ.26). „მზაკვარი სულები, ყოველგნით წარგზავნილნი, მთელს ქვეყანაზე ადამიანთა შორის ანტიქრისტეზე ამაღლებულ შეხედულებებს დანერგავენ, მისი პიროვნებით საყოველთაო აღტაცებას დაჰბადებენ და ამით ყველაში ანტიქრისტესადმი დიდ მისწრაფებას აღანთებენ“ - ეფრემ ასური. როგორც იოანე დამასკელი ამბობს, თავისი მეფობის, ანდა უფრო სწორედ, ტირანიის დასაწყისში იგი (ანტიქრისტე) წმიდანობის ნიღბით შეიმოსება, ხოლო, როცა მომძლავრდება და გაიმარჯვებს, დაიწყებს ღვთის ეკლესიის დევნას და მთელს თავის ბოროტებას გამოამჟღავნებს („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“. წგ.IV, თ.26). წმიდა ეფრემ ასური გვასწავლის: ანტიქრისტე „მოვა იმგვარი სახით, რომ ამქვეყნად ყველა აცდუნოს - მოვა მდაბალი, მშვიდი, მოძულე - როგორც ამას თვით იტყვის - სიცრუისა, უარმყოფელი კერპებისა და ვითომცდა კეთილმსახურებას შედგომილი, გარეგნულად კეთილი, გლახაკთმოყვარე, უაღრესად კეთილსახიერი, ყოველ საქმეში მტკიცე და თანმიმდევრული, ყველასადმი მოწყალე, ალერსიანი, ხოლო განსაკუთრებით მოყვარე და პატივისმცემელი იუდეველებისა, რადგან მის ამქვეყნად გამოჩენას ყველაზე მეტად ისინი მოელიან... ასე აღასრულებს იგი თავის მზაკვრულ საქმეს იმ მიზნით, რომ ყველას სათნო ეყოს და თავი შეაყვაროს. იგი არავისგან არ მიიღებს ხოლმე ძღვენს, ილაპარაკებს მშვიდად, რისხვის გარეშე, არავის აჩვენებს პირქუშ სახეს, და გარეგნულად კეთილმსახური შეუდგება მთელი ქვეყნის ცდუნებას მანამდე, სანამ მასზე სრულიად არ გაბატონდება“ (XVI სიტყვა).
იოანეს გამოცხადებაში ყოველივე ამის გამო ვკითხულობთ: „და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა და წინასწარმეტყველებდნენ ათას ორას და სამეოც დღეს, (ანუ სამნახევარ წელიწადს), შემოსილნი ძაძითა... და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი, ამათ აქუს ხელმწიფებაჲ დახშვად ცათა, რაჲთა არა წვიმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყველებისა მათისათა; და ხელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად, და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოველითავე წყლულებითა და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი, მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა, და სძლოს და მოკლნეს იგინი... და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და ხმაჲ დიდი ზეცით... ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა და იხილნეს იგინი მტერთა მათთა“ (გამოცხ. 11,3-7,11-12).
მამა გაბრიელის სწავლება ბოლო ჟამზე ადასტურებს ბიბლიაში და წმ. მამათა წინასწარმეტყველებებში ხსენებულ მოვლენებს: წმინდა წინასწარმეტყველების - ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან, ტელევიზიით გადასცემენო.
წმინდა წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში კი ამასთან დაკავშირებით სწერია: „და ორნი ზეთისხენი ზედაჲთ მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით და ვიკითხე... რა არიან ესენი, უფალო? და მითხრა მე: ესე ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოველისა ქუეყანისასა“ (ზაქარია 4,3-4,14). წინასწარმეტყველი ზაქარია ამ ორ ზეთისხილის ხეში ორ წინასწარმეტყველს - ელიას და ენუქს გულისხმობს, ამას თავის „თარგმანება იოანეს გამოცხადებისაში“ (11,24) წმიდა ანდრია კრიტელიც ამტკიცებს. ბიბლიაში პირდაპირ არიან დასახელებული - ელია წინასწარმეტყველი: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელია თეზბიტელსა პირველ მოსვლისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს სული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მიმართ. ნუ მოსრულმან, მოვსპო ქუეყანაი მყის“ (მალაქია 4,5-6). და ენუქი, როგორც ბოლო ჟამის წინასწარმეტყველნი: „მათთვის იწინასწარმეტყველა ენუქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღმრთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღმრთო ცოდვილნი.“ (იუდ. 1:14-15).
ეკლესიის დიდი მოძღვარნი, წმიდა მამები - ეფრემ ასური (იხ. მისი „სიტყვა უფლის მეორედ მოსვლისათვის“) და იოანე დამასკელი („ზუსტი გარადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, წგ.IV, თ.26) გვასწავლიან, რომ ორი მოწამის სახით, რომელთა ამქვეყნად მოვლინება ჯერ-არს ქვეყნის დასასრულის წინ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ უნდა შევიცნოთ.
საეკლესიო გადმოცემაც, შემონახული ჩვენს საღმრთისმსახურო წიგნებში, ასევე ლაპარაკობს ამ ამბის პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით გაგებაზე და არავითარ საფუძველს არ გვაძლევს ელიასა და ენუქის მოვლინების სხვაგვარი, იგავური განმარტებისათვის.
ხორციელის კვირაში საკითხავ სვინაქსარში ნათქვამია, რომ ქვეყნის დასასრულამდე შვიდი წლით ადრე სიტყვისაებრ დანიელ წინასწარმეტყველისა, მოვლენ ენუქ და ელია, რომელნიც ადამიანებს უქადაგებენ არ მიიღონ და არ აღიარონ იგი (ანტიქრისტე) ღმრთის მსახურად. ის კი სამწელნახევრის შემდეგ დასტანჯავს მათ და მოჰკლავს. კვალად, ელია წინასწარმეტყველის მსახურებაში წერია: „ელია თეზბიტელო, უხრწნელად დაგბადა ღმერთმა, რაჲთა სიკვდილი არ იგემო, ვიდრე ყოველგნით არ იქდაგებ ქვეყნის დასასრულისთვის!“ ტროპარში ელია წინასწარმეტყველი განიდიდება როგორც „მეორე წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა“.
წმ. ელია წინასწარმეტყველის ხსენებას ქრისტიანული ეკლესია 20 ივლისს (ახ.სტ. 2 აგვისტოს) აღნიშნავს, ამავე დღეს აღინიშნება წმინდა ილია მართლის ხსენება. ამ დღის სვინაქსარში ვკითხულობთ: „წინასწარმეტყველი ღმერთისა წმიდა ელია, ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აღტაცებული, დღესამომდე ცოცხალია და იგი ხორციელად იყო ხილული თაბორის მთაზე სამი წმიდა მოციქულის მიერ უფლის ფერისცვალების ჟამს, და ამგვარადვე ხორციელად ხილული იქნება მოკვდავ ადამიანთაგან ამქვეყნად უფლის მეორედ მოსვლის წინ. თავიდან აიცილა რა ხორციელი სიკვდილი იეზაბელის მახვილისაგან, იგი ევნება ანტიქრისტეს მახვილით და უზენაესი დიდების ღირსი გახდება სამართლიანი სასყიდლის მიმგები ღმერთისაგან არა მხოლოდ როგორც წინასწარმეტყველი, არამედ როგორც წმიდა მოწამეც“.
ქრისტიანულ ხატწერაში გვხვდება ელია წინასწარმეტყველის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები (მაგ. მახვილით შეიარაღებული კარმელის მთასთან, ქორათის ხევს თავშეფარებული და სხვა), მაგრამ ძირითადად „ფერისცვალების“ სიუჟეტი. ამ თემატიკაზე შესრულებულ ხატებში ერთ მხარეს გამოისახება ელია წინასწარმეტყველი, მეორე მხარეს კი მოსე. მაგ. ბერძნულ ხატებში ელია წინასწარმეტყველს გამოხატავენ სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველთათვის დამახასიათებელი სამოსით, ხოლო ისეთ სიუჟეტებში, სადაც ელია ამ ქვეყნიდან წასვლამდეა გამოსახული, ყურადღება გამახვილებულია მოსასხამზე, რომელიც შიგნიდან ბეწვით არის შემოსილი ან ქსოვილის მოსასხამს ბეწვის ქობა აქვს შემოვლებული [(ლექსიკონებში ხალენი სხვადასხვაგვარად არის განმარტებული: ხალენი - უნდო მაზარა (უნდო მაზარა ცხოვართ მატყლისა, წამოსასხმელი)].
საეკლესიო გადმოცემით, სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სათავსოში უნდა იყოს განსასვენებელი წმინდა ელიას ხალენისა, რომელიც ისევე, როგორც ქრისტეს კვართი, უფლის მეორედ მოსვლამდე იქნება დაცული. ეს სათავსო ამჟამად წმ. ელიას სახელობის ეკლესიად იწოდება, ხოლო ეკლესიის შესასვლელთან საგანგებო ნიშია ამოკვეთილი. აქვე არის წმინდა ნინოს დროინდელი (IVს) ელია წინასწარმეტყველის სახელზე ნაკურთხი ჭა, საიდანაც მოსახლეობა იღებდა წყალს და ხმარობდა ოჯახების, ბაღ-ვენახების საკურთხებლად და განსაწმენდელად.
ებრაული დიასპორა თაობათა მანძილზე ინახავდა ხსოვნას, როგორც წინასწარმეტყველ ელიას ხალენის, ისე ქრისტეს კვართის მცხეთაში მოტანისა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ. წმ. ელიას ხალენი მემკვიდრეობით სამარიაში მცხოვრებ ელისე წინასწარმეტყველს ერგო. იუდეისა და ისრაელის გაერთიანება აღარ მომხდარა. ისრაელის სამეფო ასურელების რისხვამ შეიწირა ძვ. წ. VIII ს-ში. მოსახლეობის ნაწილი ამოწყდა, ნაწილი - ასურელებმა წაიყვანეს ტყვედ, ნაწილმა კი იუდეის სამეფოს შეაფარა თავი. ალბათ დევნილებმა ელიას ხალენი სხვა სიწმინდეებთან ერთად სწორედ იუდეაში გახიზნეს. ძვ. წ. VI ს-ში ახალბაბილონის მრისხანე მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ დაიპყრო იუდეა და მოსახლეობა ბაბილონში გადაასახლა. მათ ადგილზე კი სხვადასხვა ჯურის კოლონისტები ჩამოასახლა - მოგვიანებით აღზევებულმა სპარსეთის სამეფომ დაამხო ბაბილონის ძლიერება - მეფე კიროსმა ნება დართო ებრაელებს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში და თან წაეღოთ იერუსალიმიდან ხალხთან ერთად დატყვევებული ტაძრის სიწმინდენი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელიას ხალენს არ მოუწია „ბაბილონის ტყვეობაში“ ყოფნა. იგი შეიძლება ებრაელი ლტოლვილების იმ ნაკადმა წამოიღო პალესტინიდან, რომლებიც ნაბუქოდონოსორის რისხვას მცხეთაში გამოერიდნენ: „ქრისტეს შობამდე 600 წ. ადრე ისრაელიდან ჩამოდის ებრაელების დიდი კოლონია, რომელთაც ჩამოაქვთ უდიდესი სიწმინდე - წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, რომლის ჩამოტანა თითქოს იყო წინამორბედი, უფლის კვართის ჩამობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისათვის საქართველოს წილხვდომობისა“.
ელია წინასწარმეტყველის ხალენის მცხეთაში ყოფნას ადასტურებენ ქართული წყაროებიც: „მოქცევაჲს“ მიხედვით სიდონიას თავის მამის აბიათარისაგან სცოდნია, რომ უფლის კვართის დაკრძალვის ადგილი ორმაგი ძალით იყო შემოსილი: ქრისტეს კვართის დაფვლამდე ოდესღაც აქ დაუმარხავთ წინასწარმეტყველ ელიას ხალენი, რომლის შესახებაც სიდონიას მამისაგან სმენია.
ელიას ხალენის, ისე ქრისტეს კვართის მცხეთაში არსებობას განსაკუთრებით წმ. ნინო აქცევს ყურადღებას, ვინაიდან ორივე სიწმიდე სიმბოლურად ასახავს ორ ეპოქას: - წმ. ელია წინასწარმეტყველის ხალენი - ძველ აღთქმას, ქრისტეს კვართი - ახალ აღთქმას. ამ სიწმინდეების აქ არსებობა მიანიშნებდა ამ ქვეყნის ღმრთივრჩეულობაზე, შემთხვევითი არც ის იყო, რომ ქართველ ებრაელებს - „ჰურიათა ქართველთა“ ქართულმა ისტორიულმა ტრადიციამ განსაკუთრებული სტატუსი შეუნარჩუნა - ისინი არიან მართლები, მათ ამოიცნეს მესია და არ გაისვარეს ხელი წმინდა სისხლით.
„მოქცევაჲ“ ებრაელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკადად მიიჩნევს ელიოზისა და აბიათარის უშუალო წინაპრების მოსვლას, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 169 წ. (გ.მელიქიშვილის მიხედვით) ან 136 წ. (ე.მამისთვალიშვილის მიხედვით). არ უნდა იყოს გამორიცხული, რომ ცნობილი გვარი ბენიამინის ტომიდან მოდის ქართლში და იღებს ბაგინზე მღვდლობის უფლებას. უტყუარი ცნობებით (როგორც წერილობითი, ისე არქეოლოგიური) I საუკუნეში მცხეთაში ებრაული დიასპორის არსებობა დასტურდება, ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ მცხეთაში დასახლებულ ერთ-ერთ ნაკადს შეიძლებოდა თან მოეტანა ხალენი, რომელიც პალესტინიდან საფრთხეს გამოარიდეს. ყოველ შემთხვევაში I საუკუნის I ნახევარში ელიას ხალენი უკვე მცხეთაშია და ამისი დაფვლის ადგილი წმიდა ადგილად არის შერაცხული. ამ ადგილმა მიიღო „სამარხვოჲ“-ს და მცირე ბაგინის სახელწოდება. წმ. ნინოს მიერ მცხეთაში მოქცეული ქრისტიანული თემი მას ერთ-ერთი წმინდა ადგილად აღიარებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა მასზე ჯვრის აღმართვა. იუდაური რელიგიის აღმსარებელთათვის ამ წმინდა ადგილის დაკარგვა სიმბოლურად სოლომონის ტაძრის დანგრევის ტოლფასი იყო - უძლიერესი ებრაული თემი იშლება და მცხეთიდან მთელს კავკასიაში იფანტება - ხდება დიასპორის დიასპორაში გადასვლა - ეს იყო ქრისტიანობის ბრწყინვალე გამარჯვება.
უდავოა, რომ მცხეთაში ელიას ხალენის დაფვლამ განაპირობა ბიბლიურ წინასწარმეტყველ ელია-ილიასადმი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული დამოკიდებულება. უეჭველია, რომ ამავე ფაქტორით არის აგრეთვე გამოწვეული ქართულ ხალხურ სინამდვილეში წმინდა ელია-ილიაზე მრავალი გადმოცემის თუ ლეგენდის არსებობა. მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვალვის შემთხვევაში წმინდა ელია-ილია წინასწარმეტყველისადმი მიძღვნილი დღესასწაულები გახალხურდა. ზოგიერთი ხალხური გადმოცემით ღრუბელთწინამძღოლი ელია ზეცაში ეტლით დაჰქრის და განაგებს სეტყვას, ელვას, ქუხილს, წვიმას და გვალვას. ქართული ხალხური გადმოცემით ელიას მოსასხამი ტყავ-კაბის სახელით არის ცნობილი. წვიმის მოყვანის მიზნით ელიას სახელობაზე ძირითადად იკვლებოდა თხა (ციკანი). უძველეს ქართულ წერილობით წყაროებში საინტერესო მასალებია დაცული ელია წინასწარმეტყველთან დაკავშირებით. ამ მხრივ, აღსანიშნავია XI ს-ის შუა ხანებში ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამის, გიორგი მთაწმინდელის „იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების ცხოვრება“, რომლის მიხედვით, ათონის წმინდა მთაზე, დიდი გვალვის გამო, იოანეს მითითებით ექვთიმემ ღამისთევითი ლოცვით მიმართა წმინდა ელია წინასწარმეტყველს. წმინდა ელია-ილიამ მლოცველთა თხოვნა შეიწყნარა და სანატრელი წვიმა მოვიდა.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავლად არსებობს მისი სახელობის ტაძრები, რომელთაც ძირითადად აგებდნენ ამაღლებულ, მოშიშვლებულ, მთაგორიან ადგილებში, სადაც ჭექა-ქუხილი ხშირი იყო. ქართულ ტოპონიმიკაში ხშირია წმინდა ელიას სახელწოდების მთა-გორაკები. ასეთი სახელწოდებისაა დაბა დედოფლისწყაროს შესასვლელში მდებარე გორაკი. თბილისში მახათას მთის გაგრძელება ელიას სახელს ატარებს, სადაც დღეს წმ. სამების საკათედრო ტაძარი აშენდა. მახათა, თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებით, მეხთა მთად იწოდებოდა. ელია კი მის გაგრძელებას იმიტომ ეწოდა, რომ აქ, ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, წმინდა ელიას სახელობის ტაძარი აუშენებიათ. სამების კათედრალის სამხრეთ სექტორში, შედარებით დაბალ ტერასაზე აიგო წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი. იგი აკურთხეს 2004 წლის 22 ნოემბერს.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა