წმ. მარინე |
წმინდა დიდმოწამე მარინე მცირე აზიაში, პისიდიის ქალაქ ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის, ედესიოსის ოჯახში დაიბადა. ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ მახლობელ სოფელში მცხოვრებ ძიძას მიანდო. გარეგნობით მშვენიერი გოგონა ზნეკეთილობითა და გონიერებითაც გამოირჩეოდა.
III ს-ის დასასრულსა და IV ს-ის დასაწყისში იმპერატორი დეოკლეტიანე სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს მრავალი წარმართის მოქცევა. თორმეტი წლის ასაკში მარინემ პირველად შეიტყო, ჭეშმარიტი ღმერთის სახელი და იწამა იესო ქრისტე, თუმცა ვერ მოინათლა, რადგან მის სოფელში ქრისტიანი მღვდელი არ იმყოფებოდა. როდესაც მამამ გაიგო ქალიშვილის გაქრისტიანების ამბავი, შეიძულა და თავის შვილად აღარ თვლიდა. მარინემ მთელი სასოება ზეციურ მამაზე დაამყარა. ერთხელ, თხუთმეტი წლის პირმშვენიერ მარინეს შემთხვევით თვალი მოჰკრა აღმოსავლეთის ქვეყნების ეპარქმა - ოლიმბრიმ, რომელიც ანტიოქიაში მიემართებოდა მართლმორწმუნეთა დასასჯელად. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა ეპარქმა ბრძანა მისი შეპყრობაჲ და თავის თანმხლებთ უთხრა: „უკუეთუ აზნაურ იყოს, ვიპყრა იგი ჩემდა ცოლად, და უკუეთუ მხევალი იყოს, მივსცე სასყიდელი, და იყოს იგი ჩემდა ხარჭად“. მთავარმა მოაყვანინა ქალწული და წარმომავლობა და სახელი ჰკითხა, მან კი თავმდაბლად უპასუხა: „ვარ მე ქრისტეანე და მერმე თავისუფალი და მარინა არს სახელი ჩემი. ვმსახურებ ღმერთსა ყოვლისა შემოქმედსა იესუ ქრისტესა მამისა მისისა თანა და სულისა წმიდისა, ერთსა ღმერთსა ჭეშმარიტსა“. ეპარქმა მეომრებს მისი ქალაქისაკენ წაყვანა უბრძანა. გზაში მარინე სასოებით ლოცულობდა და შეწევნასა და სიბრძნეს შესთხოვდა უფალს. ანტიოქიაში შესვლისთანავე ეპარქმა მსხვერპლი შესწირა თავის ღმერთებს და სადაც კი ქრისტიანებს წააწყდა, შეიპყრო და ციხეში ჩაყარა, მარინე კი მეორე დღესვე სამსჯავროზე მოაყვანინა და უთხრა: იცოდე, რომ თუ კერპებს მსხვერპლს შესწირავ, საშინელ სატანჯველებსაც აცდები და ცოლადაც მოგიყვანო.
წმინდა მარინემ უყოყმანოდ უარყო მაცდური წინადადება და თქვა: მე მისწავლია ყოვლადწმინდა სამების, ცხოველი და ჭეშმარიტი ღმერთის აღიარება, ვიცი, რომ მას უნდა ვცემდეთ თაყუანს და მას, ერთადერთს ვწირავდეთ ქების მსხვერპლს. მე არ ვცემ თაყვანს ღმერთებს, რომელთაც არ ვიცნობ და არც მსხვერპლს შევწირავ მათ: ისინი უსულონი და უგრძნობელნი არიან და ისიც არ ესმით, თაყვანს სცემენ მათ თუ შეურაცხყოფენ. მე არ მივაგებ კერპებს იმ პატივს, რაც ჩემს შემოქმედს შეეფერება. ნუთუ შენ ფიქრობ, რომ უკვდავ სასიძოს, ზეციურ მეუფეს - იესო ქრისტეს მივატოვებ და სულით მკვდარს გავყვები ცოლად? - არასოდეს.
ეპარქმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და უბრძანა, სამოსელი განეძარცვათ მისთვის, მიწაზე დაეგდოთ, დაუნდობლად გაეშოლტათ და რკინის სამთითებით დაეჯიჯგნათ. მტარვალებმა დაუყოვნებლივ აღასრულეს ბრძანება. მარინეს ნაზი სხეული ღრმა იარებმა დასერეს. ჭრილობებიდან სისხლი ნაკადულებად სდიოდა და მიწა წითლად იღებებოდა. ამის შემხედვარე ხალხი სიბრალულით განიმსჭვალა მშვენიერი ქალწულის მიმართ, ბევრი ტიროდა, სხვანი კი თავის გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ წმინდანს.
მაშინ ეპარქმა ბრძანა მისი კუერთხით გუემა, წმინდა მარინემ კი უფლისაკენ მიმართა სულიერი თვალი და ლოცვა დაიწყო - ზეგარდამო შეწევნასა და მოწამეობრივ ღვაწლში განმტკიცებას ითხოვდა. მართლაც უფლის შეწევნით იგი ტკივილს ვეღარა გრძნობდა. ყრმა ქალწულის მოთმინებამ განარისხა ეპარქი და მისი ბნელ ჯურღმულში ჩაგდება ბრძანა. საპყრობილეში გამომწყვდეული მარინე კვლავ სასოებით ლოცულობდა, მისი გამზრდელი თეოტიმი კი გასაჭირში არ ტოვებდა თავის აღზრდილს და სარკმლიდან აწვდიდა პურსა და წყალს. იგი ისმენდა და იწერდა ყოველ მის სიტყუასა და ლოცვას და მომსწრე გახდა ქალწულმოწამის ეშმაკთან შებრძოლებისა, რაც სიტყვასიტყვით აღწერა.
ეშმაკმა განიზრახა საშინელი ჩვენებით შეეძრწუნებინა ქალწული, და გამოეცხადა ჭრელი, ვეებერთელა საზარელი გველეშაპის სახით, რომელსაც გარს უამრავი მომცრო გველი და იქედნე ეხვია. „ვეშაპი დიდი და საშინელი ფრიად, და თმაჲ მისი, ვითარცა ოქროჲ ფერითა იყო, კბილნი მისნი ელვიდეს, ვითარცა ვეცხლი, თუალნი მისნი მსგავსნი მარგალიტისანი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა ალი ცეცხლისაჲ და არმული კუამლისაჲ ფრიადი, და ენაჲ მისი იყო, ვითარცა სისხლი, წამწამნი თუალთა მისთანი, ვითარცა ალის-წუერი. და ესრეჱთ შუვა საპყრობილესა მას ვიდოდა და გარე-მოადგა წმიდასა მას. და ნათრევი მისი, ვითარცა გზაჲ, ჩუენდა შუვა სახლსა მას საპყრობილისასა. და იქმნა წმიდაჲ იგი შეშინებულ მისგან, და შეიმუსრვოდეს ძუალნი მისნი, და იცვალა ფერი პირისა მისისაჲ შიშისაგან“, თუმცა ლოცვაჲ არ დაავიწყდა და მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ღაღადყო: „უფალო უხილაო, რომლისაგან ზღუაჲ და ყოველნი უფსკრულნი ძწიან, რომელმან დაამყარე ქუეყანაჲ და ზღუასა საზღუარი დაუდევ, რაჲთამცა არა გარდაჰჴდეს ბრძანებასა შენსა, და კრულნი განჰჴსნენ და ეშმაკი შეჰკარ, რომელმან დასთრგუნე ჴელმწიფებაჲ დიდისა მის ვეშაპისაჲ, შენვე, უფალო, დაამჴუ ვეშაპისა ამის ძალი და მოიხილე ჩემდა და შემიწყალე მე ობოლი და მძაფრ შეპყრობილი სული და ნუ უტეობ მჴეცსა ამას ძლევად ჩემდა, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცთური ყოველთა კაცთაჲ. არამედ მე მომეც ძალი, რაჲთამცა ვსძლო მბრძოლსა ჩემსა, რომელსა ჰნებავს შთანთქმაჲ ჩემი მსწრაფლ და ბუდესა თჳისსა წარყვანებაჲ ჩემი ეგულების“. წარმოთქვა თუ არა ეს წმიდანმა, „აღაღო პირი თვისი ვეშაპმან მან და დასდვა თავი თავსა ზედა წმიდისა მის ქალისასა და ენაჲ წარმოაგდო და შთანთქა იგი მუცელსა თვისსა. ხოლო ნეტარისანი მის ხელნი იყვნეს განმარტებულ ჯუარის-სახედ, და დასწერა ჯუარი მუცელსა მას ვეშაპისასა, და ორად განიპო ვეშაპი იგი, და გამოვიდა წმიდაჲ იგი, და ყოვლადვე არა იყო მის თანა ვნებაჲ... ხოლო იდვა ვეშაპი იგი მკუდარი“. ამ დროს მან საპყრობილის მარცხენა კუთხეში დაინახა კაცივით მჯდომარე შავი არსება, რომელსაც ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული და ლოცვა დაიწყო: „გაქებ და გადიდებ, მხიარულ ვარ და განვსცხრები, მეუფეო უკუდაო, რამეთუ ვიხილე ვეშაპი ქუეყანასა ზედა დამჴობილი, ვიხილე მკლველი ჩემი მოკლული შენ მიერ, ვიხილე იგი მადლისაგან შენისა დათრგუნვილი, ვიხილე გზაჲ მისი გარე-წარსრული ჩემგან, და რამეთუ გესლი მისი მასვე ექმნა მაკუდინებელ, ვიხილე საშინელებაჲ მისი დამჴობილი, ვიხილე ჯუარი შენი აღყუავებული. რომლისა ძალითაცა მოვკალ მაშინებელი ჩემი და დავთრგუნე და ვპოვე კადნიერებაჲ ძლევისაჲ. ამისთვის გმადლობ შენ, წმიდაო მეუფეო საუკუნეო, რომელსა მხოლოსა გშუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ“. ამ დროს ადგა ეშმაკი, მიუახლოვდა, ფეხები შეუკრა და უთხრა: „კმა არს აწ შენდა, ჰოჲ, ქალო“. მაშინ წმინდა მარინემ თმით დაითრია და ძირს დაახეთქა, მერე მარჯუენა ფეხი დაადგა ქედზე. და იქვე, კუთხეში ნაპოვნი ხის ნაპობით „სცემდა შუბლსა მისსა ძლიერად და ეტყოდა: „დასცხერ ჩემგან და ნუ მბრძავ, რამეთუ მე ღმერთი მაქუს მცველად ქალწულებისა ჩემისა; დასცხერ ჩემგან, ჰოი, ბოროტო ნათესაო, მაზრზენელო და მკლველო კაცთაო, რამეთუ ქრისტე შემწე ჩემდა არს, ძჱ ღმრთისაჲ. მე ვარ მხევალი მისი, რომლისაჲ სახელი მისი კურთხეულ არს“. უფალს რომ ჰმადლობდა, საპყრობილე განათდა და წმინდა მარინეს ზეციური ნათელი მოეფინა. მან ზემოთ აიხედა და დაინახა: დილეგს სახურავი ახდოდა, იქიდან კი თითქოს მზის სხივები იფრქვეოდა. იხილა დიდი ჯვარიც, რომელიც საოცარი შუქით ბრწყინავდა. მის ზემოთ კი თეთრი მტრედი გამოჩნდა, რომელიც ადამიანის ხმით ესიტყვებოდა: „გიხაროდენ მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რომელმან ვეშაპი მოჰკალ, ჵ, მარინა, და კბილნი მისნი შეჰმუსრენ და ქალწულებაჲ თვისი დაიცევ უბიწოდ, შენთვის განმზადებულ არს გვირგვინი დიდებისაჲ, გიხაროდენ და იშუებდე, ასულო ზეციერისა სიონისაო, რამეთუ გელიან შენ წმიდანი ქალწულნი კართა სამოთხისათა მისლვად წიაღთა აბრაამისთა, რამეთუ სძლე მტერსა მას“. მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულ მოწამეს გამოუთქმელი სიხარული დაეუფლა, ხოლო მისმა დახეთქილმა სხეულმა გამრთელება დაიწყო. ტკივილი და სისუსტე გაქრა. უწინდელივით ჯანმრთელი და მშვენიერი მარინე ჭეშმარიტ ღმერთს მადლობდა და დაუცხრომელად ადიდებდა.
მეორე დღეს ეპარქმა ოლიმბრიმ კვლავ მოიწვია უსამართლო სამსჯავრო. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, ხოლო როცა სულითა და ხორცით ახოვანქმნილი ქალწული კვლავ მათ წინაშე წარსდგა, უგულისხმონი ამ სასწაულმაც ვერ მოიყვანა გონს. მისი განკურნება ეპარქმა კერპებს მიაწერა და მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა კვლავ მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისათვის მსხვერპლ-შეწირვაზე უარი განაცხადა. განრისხებული ეპარქის ბრძანებით მარინე ლურსმნებით ფიცარზე დააჭედეს და ანთებული სანთლებითა და გახურებული რკინით სხეულის სხვადასხვა ნაწილები დაუშანთეს, მაგრამ წმინდანი გულში ლოცულობდა და უსიტყვოდ ითმენდა ტანჯვას. თვითონ ეპარქმაც კი ვერ აიტანა წამების საშინელება და ხელებით დაიფარა სახე. როდესაც ცოცხალ-მკვდარი მარინე ხიდან ჩამოხსნეს, ხმამაღლა შეღაღადა უფალს: უფალო, რადგან ღირსი გამხადე შენი სახელისათვის ცეცხლში გამევლო, ახლა წმინდა ნათლისღების წყალიც მაღირსე და ცოდვებისაგან განწმენდილი შენს განსასვენებელში შემიყვანეო. მტარვალმა მოისმინა, რომ მარინემ წყალი ახსენა, მყის ბრძანა მოეტანათ წყლით სავსე უზარმაზარი კასრი და ხელფეხშეკრული მარინე შიგ დაეხრჩოთ. უფლის მიერ განმტკიცებული ქალწული კი უფალს შესთხოვდა, რომ ეს სასჯელი ნათლისღებად ჩაეთვალა. მსახურებმა იგი კასრში ჩააგდეს და მის დახრჩობას შეეცადნენ. უეცრად მიწა იძრა და თოკები, რომლითაც მარინე იყო შეკრული, დაწყდა, ხოლო შეძრწუნებული მსახურები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. წმინდანის თავზე არაამქვეყნიური ნათლის სხივები გამობრწყინდა და კვლავ გამოჩნდა თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით ოქროს გჳრგჳნი ეჭირა. იგი წმინდანის თავზე ლივლივებდა, ნელა ეხებოდა მას და კვლავ მაღლა მიფრინავდა. ხალხში ბევრი ფარული ქრისტიანი იყო და ისინიც გახდნენ ამ გამოცხადების ღირსნი. მარინე კი წყალში არ იძირებოდა და ყოვლად წმინდა სამებას ადიდებდა. მის თავზე ცეცხლის სვეტი აღიმართა, რომელსაც გასხივოსნებული ჯვარი ამშვენებდა. მტრედი აფრინდა და ჯვარზე დაჯდა, ხოლო მაღლიდან ხმა მოისმა: მშვიდობა შენთანა, ქრისტეს სძალო მარინე, დღეს უფალი სათნოებათა უჭკნობ გვირგვინს მოგანიჭებს და ზეციურ სასუფეველში წმინდათა თანა განისვენებ! როდესაც ეს ხმა ესმათ და დაინახეს, რომ მარინე უვნებელი ამოვიდა წყლიდან, მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მზად იყო მისთვის სიკვდილი დაეთმინა. ეპარქი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. იმ დღეს 15.000 წარმართმა სისხლით იღო ნათელი და მოწამეთა დასს შეუერთდა.
წმ. მარინე დასასჯელად რომ გამოიყვანეს, ხალხს მოუწოდა დაეგდოთ ეშმაკის საცთური, სულის წარმწყმედელი კერპთმსახურება და ეცნოთ ერთი, ჭეშმარიტი ღმერთი, შემდეგ კი ლოცვა დაიწყო. უეცრად მიწა იძრა და ხალხი შიშმა შეიპყრო, ბევრი მიწაზე დაეცა და ჯალათიც პირქვე დაემხო. თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის სასძლოს წმინდა ანგელოზებთან ერთად: ზეციურ განსასვენებელში უხმობდა წმინდა მოწამეს. მარინეს გამოუთქმელი სიხარული დაეუფლა და ჯალათს ბრძანების აღსრულება დააჩქარა, მანაც უმალ თავი წარკვეთა. წმ. მარინეს სული უფალმა ცათა სასუფეველში აიყვანა, მისი სხეული კი უხრწნელებით განადიდა.
წმ. დიდმოწამე მარინეს მარტჳლობა აღწერა მისმა აღმზრდელმა თეოტიმმა, რომელიც ყველა ამ ვნებას დაესწრო და მოწამისათვის მოვლენილი ჩვენებების ღირსიც გახდა. ეკლესიამ ქალწულმოწამე მარინე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 17 ივლისი (ახ. 30 ივლისი) დაადგინა.
წმ. მარინეს უხრწნელი ნაწილები 908 წლამდე ანტიოქიაში ესვენა, ამის შემდეგ კი კონსტანტინოპოლში, პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა, სანამ 1204 წ. ქალაქს ჯვაროსნები აიღებდნენ. შემდეგ მისი ნაწილები დასავლეთში გადააბრძანეს და იტალიაში, მონტეფიასკოში (ტოსკანა) დაასვენეს. დასავლეთის ეკლესია წმ. მარინეს წმ. მარგარიტას სახელით მოიხსენიებს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში ინახება დიდმოწამის პატიოსანი მკლავი, მეორე მკლავი კი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში (უსამკაულოდ, აკლია დიდი თითი და საჩვენებელი თითის სახსარი). როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, წმ. მარინეს მკლავი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კვართთან და სხვა სიწმიდეებთან ერთად მუზეუმში ხობის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტრიდან (XII ს) გადაუტანიათ. თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე ძამპი საქართველოდან რომში გაგზავნილ მოხსენებაში აღწერს ხობში დაცულ სიწმიდეებს: „აქვე ვნახე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ლუსკუმაში გამხმარი... წმინდა მარინეს მკლავი“.
როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ჰქონიათ დიდმოწამე მარინესი და მრავალი ეკლესიაც აუგიათ მის სახელზე: კახეთში, გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად ხშირ ტყეში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის V ს-ის წმ. მარინეს ეკლესია. 2009 წლის თებერვლის დასაწყისში გურჯაანის რაიონის, სოფელ ვაჩნაძეანის წმ. მარინეს ეკლესიაში, სადაც ცოტა ხნის წინ კედელში ჩატანებული მოწამის ძვლები აღმოჩნდა, ფოტოკამერამ ზეაპყრობილი ხელი დააფიქსირა. წმ. მარინეს ძვლების ფრაგმენტების აღმოჩენის პირველ შემთხვევას ადგილი ჰქონდა გასულ წელს, ვეჯინის ღვთაების ეკლესიაში (XIV-XV სს) მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს. ჭიათურაში, სოფ. შუქუთში ხელახლა ააშენეს წმ. მარინეს დანგრეული ეკლესია; თმოგვის ციხის შიგნით ხელოვნურად ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, მიუვალ კლდეზე დგას მეტად დაზიანებული წმ. მარინეს გუმბათიანი ეკლესია (1303წ), განსაკუთრებული სტრუქტურის მქონე ორი სართულით (მიმდინარეობს სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები); გურიაში - ნაგომრის ეკლესია; მარაბდის უძველესი ეკლესია, რომლის ეზოშიც განისვენებენ 1625 წ. მარაბდის ცნობილი ბრძოლის დროს გმირულად დაცემული, აწ უკვე წმინდანებად შერაცხული ცხრა ძმა ხერხეულიძე (ტაძარში ღმრთიმსახურება განახლდა); წმ. დიდმოწამე მარინეს სახელზეა ნაკურთხი: ახალციხის - რაბათის ეკლესია (XXს) და მონასტერი; საფარის (ახალციხის რ-ნი); გარეჯის (XVI-XVIIს.ს); ქ. გურჯაანის „წმინდა მარინეს საყდარი“ (ქალაქის სასაფლაო); გუდალეთის, ხოვლეს (კასპის რ-ნი); სურამის; ხაშურის (ხაშურის წმ. მარინეს სახ. დედათა მონასტერი დაარსდა 2008 წლის 30 ივლისს წმ. მარინეს ხსენების დღეს); ბიჯნისის, მცხეთიჯვარის, ბუღაურას, წრომის, ცოცხნარის, დიდი ხოვლეთის, ქვიშხეთის (ხაშურის რ-ნი); ბრეძის, აბისის, ატოცის ორი ეკლესია, რუისისა და აბანოს (ქარელის რ-ნი); ჭორვილის (საჩხერის რ-ნი); ყორნისის (ზნაურის რ-ნი); კულბითის, ქვემო დმენისისა და ბელოთის (ცხინვალის რ-ნი); სოფელ დიღმის წმ. მარინეს XIV ს-ის ეკლესია; კარბის, ხურვალეთის (გორის რ-ნი); „მარილის ეკლესია“; სეფის სამლოცველო, ოძისის (მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელ ოძისის ჩრდილოეთით, 700-800 მეტრზე, ტყით დაფარულ გორაკზე), შარახევის (დუშეთის რ-ნი); თმოგვის (ასპინძის რ-ნი); ნულის (ზნაურის რ-ნი); მატანის, ბაბანეურის, ხევისჭალის (ახმეტის რ-ნი); დმანისის; ახალგორის; იკოთის, ზემო ბოლის, თოხთის, ქვემო ალევის (ახალგორის რ-ნი); წავკისის; ატოცის (მცხეთის რ-ნი); მუხლის (ამბროლაურის რ-ნი VIII ს) ეკლესიები. წმინდა მარინეს სახელზეა ნაკურთხი ქაშვეთის ეკლესიის ქვედა სართულზე მდებარე ეკლესიაც. წმ. მარინეს ეკლესია ავლაბარში, დუშეთის ქუჩაზეც მდებარეობს. იგი ეზოს სიღრმეში განთავსებული და საცხოვრებელი სახლებითაა გარშემოტყმული. სამხრეთით, კარის ზემოთ, ქვაზე მოცემული ორენოვანი (ქართული და რუსული) წარწერა გვამცობს, რომ წმ. მარინეს ეკლესია აიგო 1856 წელს მიტროპოლიტ ისიდორეს ნებით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, წმ. მარინეს ეკლესიამ სხვა მრავალი ტაძრის ბედი გაიზიარა, ღმრთისმსახურება გაუქმდა და მასში ფოტოლაბორატორია განთავსდა. 2002 წლიდან ტაძარი კვლავ მოქმედია.
წმინდა მარინეს ძველქართული ცხოვრების მიხედვით შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა