წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი - ცხოვრობდა ტრაპიზონში, XIV საუკუნეში. იგი კეთილმსახურებით, მართლმადიდებლობის ერთგულებით, გულმოწყალებითა და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეული მდიდარი ვაჭარი იყო.
ერთხელ მომავალ წმიდანს სავაჭრო საქმეებზე ხომალდით მგზავრობა მოუხდა. გემის კაპიტანი არამართლმადიდებელი იყო. იგი იოანესთან სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათში ჩაება, დამარცხდა და გულში ბოღმა ჩაიმარხა. როცა ხომალდი ბოსფორის ბელგრადში შეჩერდა, კაპიტანი ქალაქის ცეცხლთაყვანისმცემელ მმართველთან მივიდა და აუწყა, ჩემს გემზე იმყოფება ერთი სწავლული ადამიანი, რომელსაც თქვენი სჯულის მიღება სურსო.
ქალაქის თავმა პატივით მიიღო იოანე ცეცხლთაყვანისმცემლებთან შემოსაერთებლად. გაკვირვებულმა იოანემ ცეცხლთაყვანისმცემლებს ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა და დამაჯერებლად დაუმტკიცა მათი ცრუსარწმუნეობის არარაობა.
მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის წმიდანი სასტიკად აწამეს: სხეული დაუფლითეს, ნაკუწ-ნაკუწ აგლეჯდნენ ხორცს. იოანე კი მადლობას სწირავდა უფალს, რომელმაც მისთვის სატანჯველთა დათმენისა და სისხლის დანთხევის ღირსი გახადა. ბოლოს იგი ისევ საპყრობილეში შეაგდეს. დილით ქალაქის თავმა ბრძანა, კვლავ მოეგვარათ მისთვის მარტვილი. ისიც ნათელი და მხიარული სახით წარდგა მის წინაშე, ძველებური სიმტკიცით აღიარა ქრისტე და მმართველს სატანის იარაღი უწოდა. წმიდანი ახალ სატანჯველს მისცეს, ცემისაგან მთელი შიგანი გაუშიშვლდა და გარეთ გადმოეყარა. ხალხმა ეს ამაზრზენი სანახაობა ვერ აიტანა და აღშფოთებული შეძახილებით ამხილა ქალაქის თავი, რომელიც ასე არაადამიანურად ექცეოდა უდანაშაულო ადამიანს. მაშინ მმართველმა ვითომ შეწყვიტა წამება და ბრძანა, დიდმოწამე გაუხედნავ ცხენზე მიებათ და ქალაქის ქუჩებში ეთრიათ. ებრაული უბნების მცხოვრებნი დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ წმიდანს, ბოლოს ერთმა მათგანმა მახვილით წარკვეთა თავი ტანჯვისაგან ღონემიხდილ მარტვილს.
წმიდა იოანეს გვამის მოკვეთილი თავი საღამომდე ქუჩაში ეგდო. ღამით, წმიდა ცხედრის თავზე ნათლის სვეტი და მანათობელ ლამპართა სიმრავლე გამოჩნდა. სამი ნათლითმოსილი ჭაბუკი ფსალმუნებს უგალობდა და უკმევდა მოწამეს. ერთმა ებრაელმა იფიქრა, ქრისტიანები მოვიდნენო წმიდანის ნაწილების წასასვენებლად და მშვილდ-ისარს დასტაცა ხელი მაგრამ, ღვთის უხილავი ძალით შებოჭილი, უეცრად გაშეშდა. დილით ჩვენება გაქრა, მშვილდოსანი კი კვლავ გაუნძრევლად იდგა. იგი მხოლოდ მაშინ გათავისუფლდა უხილავ საკვრელთაგან, როცა შემოკრებილ ქალაქის მცხოვრებლებს აუწყა საოცარი ხილვისა და მასზე მოწეული სასჯელის შესახებ. ქალაქის თავმა, როცა მომხდარი შეიტყო, ქრისტიანებს დიდმოწამის დამარხვის უფლება მისცა. წმიდა ცხედარი ქალაქის ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 1330-1340 წლებს შორის.
კაპიტანმა, რომელმაც უსჯულოებს სატანჯველად გადასცა იოანე, შეინანა და გადაწყვიტა, მისი ცხედარი სამშობლოში გადაესვენებინა, მაგრამ წმიდანი ძილში გამოეცხადა ტაძრის ხუცესს და წინ აღუდგა ამ განზრახვის აღსრულებას. 70 წლის შემდეგ უხრწნელი ნაწილები მოლდო-ვლახეთის დედაქალაქ სოჩავში გადააბრძანეს და საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.