ღირსი იერია დაიბადა და აღიზარდა წარმართულ ოჯახში. შემდეგ იგი რომაელი სენატორის მეუღლე გახდა, მაგრამ შვიდ თვეში დაქვრივდა. სირიის ქალაქ სევაპოლში მან შეიტყო, რომ ნიზიბიის მახლობლად, დედათა სავანეში ცხოვრობდა მკაცრი მოღვაწეობით განთქმული ახალგაზრდა მონაზონი თებრონია. მწირად გადაცმული იერია ესტუმრა ნეტარ დედას და მთელი ღამე საუბრობდა მასთან. შინ დაბრუნებული მომავალი წმიდანი მოინათლა და მშობლებსაც ჩააგონა, მიებაძათ მისთვის.
დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ნიზიბიის მონასტრის მკვიდრთა უმრავლესობა გაიხიზნა, წმიდა თებრონია კი სამსჯავროზე წარდგა და აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც მხეცურად აწამეს. იერიამ უშიშრად ამხილა ჯალათების სისასტიკე, მსაჯულმა ბრძანა, ისიც შეეპყროთ და ეწამებინათ, მაგრამ როცა შეიტყო, რომ საქმე რომაელი სენატორის ქვრივთან ჰქონდა, შეცვალა გადაწყვეტილება.
წმიდა იერია მწარედ დასტიროდა თავის მოწამეობრივად აღსრულებულ მოძღვარს - დედა თებრონიას (+დაახლ. 304, ხს. 25 ივნისს) და წუხდა, რომ ქრისტესთვის სიკვდილის ღირსი ვერ შეიქნა. მან ცრემლებით შესთხოვა იღუმენია ბრიენას, თებრონიას ნაცვლად მიეღო მონასტერში. შემდეგ მთელი ქონება სავანეს შესწირა და აღსასრულამდე აქ მოღვაწეობდა. ღირსი დედა მშვიდობით მიიცვალა 320 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.