წმიდა მოწამე კონკორდი (II), ხუცეს გორდიანის ვაჟი, ქრისტეს სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით იზრდებოდა. რომის ეპისკოპოსმა პიუსმა იგი იპოდიაკვნად აკურთხა. შემდეგ, მამის ნებართვის, რომის მახლობლად თავის ნათესავ ევტიქისთან დასახლდა და ლოცვასა და ქველმოქმედებაში ატარებდა დღეებს. ხმამ მისი კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ტურის ოლქის მმართველ ტორკვატამდეც მიაღწია. მან მოუხმო წმინდანს, და ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ წარმართთა ცრუღმერთების ქურუმობა აღუთქვა. პასუხად კონკორდიმ მოუწოდა ტორკვატს, თავად მოქცეულიყო ჭეშმარიტი ღვთის - ქრისტეს სარწმუნოებაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ეპისკოპოსმა ანთიმმა, ტორკვატის მეგობარმა, სთხოვა გამგებელს, მასთან გამოეგზავნა ტუსაღი. წმიდა აღმსარებელმა კარგა ხანი იცხოვრა ეპისკოპოსთან და მის მიერ მღვდლად ეკურთხა. როცა ტორკვატმა კვლავ მოუწოდა წმიდანს და ჰკითხა, რას ფიქრობ შენი ცხოვრების შესახებო, მან უპასუხა, რომ ქრისტეა მისი ცხოვრება. გაუტეხელი კონკორდი საპყრობილეში ჩააგდეს. სამი დღის შემდეგ გამგებელმა მასთან შეიარაღებული მეომრები გაგზავნა და შეუთვალა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავ, სიკვდილით დაისჯებიო. მოწამემ კვლავ ადიდა უფალი, შეჰნერწყვა ჯალათების მიერ მოტანილ ზევსის ქანდაკებას და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.