წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. სახარებისეული შეგონების მიხედვით: „რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“ (მთ. 10,23), მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. კონსტანტინე დიდის (306-307, ხს. 21 მაისს) მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთგულად განაგებდა სამწყსოს. როცა იულიანე განდგომილის (361-363) დროს ქრისტიანთა დევნა განახლდა, წმიდა დოროთე უკვე 100-ზე მეტი წლის იყო. მან კვლავ დატოვა ქალაქი ტვირი და მიზიის ქალაქ უდს (დღევანდელ ვარანს) მიაშურა. აქ იგი მეფის კარისკაცებმა შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა უარი განაცხადა. მაშინ მტარვალები შეეცადნენ სატანჯველებით მოედრიკათ მხცოვანი აღმსარებელი. წმიდანი წამების დროს გარდაიცვალა (+დაახლ. 362 წელს).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.