ღირსი ქალწულმოწამენი არქელაია, თეკლე და სოსანა (+293) რომის მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას წმიდა ქალწულები მამაკაცის სამოსელით შეიმოსნენ, თმები შეიკვეცეს, კაპანის პროვინციაში გადავიდნენ და აქ ერთ მიყრუებულ ადგილას დაემკვიდრნენ სამოღვაწეოდ. ღვთისგან ნაბოძები ნიჭით წმიდანები კურნავდნენ ავადმყოფებს და ქრისტიანობაზე მოაქცევდნენ წარმართებს. როცა ოლქის მმართველმა ლეონტიმ ქალწულთა შესახებ შეიტყო, ბრძანა, ქალაქ სალერნოში მოეყვანათ ისინი. ის არქელაიას დაემუქრა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სიკვდილით დასჯიდა. უფალს მინდობილმა ქალწულმა უარი განაცხადა უსულო კერპების თაყვანისცემაზე და ამხილა წარმართთა უგუნურება. მაშინ იგი მშიერ ლომებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მხეცები წმიდანს მორჩილად გაუწვნენ ფერხთით. განრისხებულმა ლეონტიმ ბრძანა, დაეხოცა ლომები, ქალწულები კი საპყრობილეში ჩაეყარათ.
მეორე დილით ჯალათებმა სასტიკად აწამეს წმიდა არქელაია: სხეულს უსერავდნენ და ჭრილობებზე გაცხელებულ ფისს ასხამდნენ. უეცრად ნათელი გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, შენთანა ვარ“. ღვთაებრივი ძალა იცავდა წმიდა ქალწულს: როცა უზარმაზარი ლოდით მისი გაჭყლეტა დააპირეს, ანგელოზმა ქვა სხვა მხარეს გადააგორა და თავად ჯალათები მოისრნენ. ბოლოს მსაჯულმა ბრძანა, ქრისტეს მხნე აღმსარებლებისთვის თავები მოეკვეთათ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.