მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: სისინი და კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლაგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპიუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია ეწამნენ რომში დიოკლეტიანეს, მაქსიმიანეს (284-305) და მათი მემკვიდრეების - გალერიუსისა (305-311) და მაქსენტიუსის (305-312) დროს. რომის დასავლეთი ნაწილის მმართველმა მაქსიმიანემ სამხედრო პატივი აჰყარა ყველა ქრისტიანს და კატორღაში გაგზავნა. მდიდარი ქრისტიანი ფარასონი ქრისტიანების - სისინის, კვირიკეს, სამარაგდისა და ლარგუსის ხელით საჭმელსა და ტანსაცმელს უგზავნიდა პყრობილებს. როცა ამის შესახებ შეიტყო, პაპმა მარკელმა ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა ფარასონს, სისინი და კვირიკე კი დიაკვნებად აკურთხა. მალე ტყვეებთან მისული წმიდანები შეიპყრეს და მათაც სხვა ქრისტიანების ხვედრი გაიზიარეს. სისინი და კვირიაკე თავიანთ სამუშაოსთან ერთად მოხუცებულობისგან დაუძლურებული სატურნინის ნორმასაც ასრულებდნენ. როცა ეს გაცხადდა, მაქსიმიანემ სისინი საწამებლად გადასცა ოლქის მმართველ ლავდიკიუსს. წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილის მცველმა აპრონიანემ, როცა მისი ზეციური ნათლით გაბრწყინებული სახე იხილა, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა, შემდეგ წმიდანთან ერთად პაპ მარკელთან მივიდა, მირონი იცხო და მისივე ხელით ეზიარა. იმავე დღეს, 7 ივნისს, სისინი და სატურნინი აპრონიანეს თანხლებით ლავდიკიუსის წინაშე წარდგნენ. აპრონიანეს მაშინვე მოჰკვეთეს თავი, სისინი და სატურნინი კი საპყრობილეში ჩააგდეს. ლავდიკიუსმა ბრძანა, წარმართულ ტაძარში მიეყვანათ ისინი მსხვერპლშეწირვის წესის აღსასრულებლად. სატურნინმა თქვა: „დაე, ფერფლად აქციოს უფალმა წარმართული ბომონები!“ იმავ წამს კერპების წინ მდგარი სამფეხები, რომლებზეც საკმეველი იკმეოდა ცრუ-ღმერთების პატივად, გალღვა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა პაპიუსმა და მავრიმ აღიარეს ქრისტე. ხანგრძლივი წამების შემდეგ სისინსა და სატურნინს თავები მოჰკვეთეს, პაპიუსი და მავრი კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნათლისღების მადლის მონიჭებას. ყოვლადსახიერი ღვთის შემწეობით აღმსარებლებმა შეძლეს შეუმჩნევლად დაეტოვებინათ სატუსაღო, მარკელის ხელით მონათლულიყვნენ და უკანვე დაბრუნებულიყვნენ.
სამსჯავროზე მათ კვლავ აღიარეს ქრისტიანობა, რის გამოც საშინელ სატანჯველში ამოხადეს სული. მათი წმიდა ნაწილები მღვდლებმა, იოანემ და ფარასონმა მიაბარეს მიწას.
წმიდანებს - კვირიკეს, სამარაგდს, ლარგიუსს და სხვა ტყვე ქრისტიანებს კვლავ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებდნენ.
ამ დროს დიოკლეტიანეს უმცროსი ქალიშვილი არტემია ბოროტი სულისგან იტანჯებოდა. როცა იმპერატორმა შეიტყო, რომ ტყვე კვირიკე სნეულებებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა, სამეფო კარზე მოუწოდა მას. წმიდანმა განკურნა, შემდეგ კი მონათლა ასული. დიოკლეტიანემ მადლიერების ნიშნად თავისუფლება მიანიჭა კვირიკეს, სამარაგდსა და ლარგიუსს. მოკლე ხანში მან კვირიკე სპარსეთში გაგზავნა სპარსეთის მეფის ასულის განსაკურნებლად. რომისკენ მობრუნებული წმიდანი ახალი იმპერატორის, გადამდგარი დიოკლეტიანეს სიძის, გალერიუსის ბრძანებით შეიპყრეს. მეფის ასულის, არტემიას გაქრისტიანების გამო გაცეცხლებამდე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ბრბოს დასაცინად და აბუჩად ასაგდებად თავისი ეტლის უკან ეტარებინათ გაშიშვლებული და შებორკილი კვირიკე.
პაპმა მარკელმა სახალხოდ ამხილა გალერიუსი უდანაშაულო ქრისტიანების მხეცურ ტანჯვაში, რისთვისაც საპყრობილეში ჩასვეს. წმიდანები: კვირიკე, სამარაგდი, ლარგიუსი და კიდევ ერთი ტყვე, კრისკენტიანე, წამებით მოკლეს. საპყრობილეში სიკვდილით დასაჯეს წმიდა კვირიკესთან ერთად გამომწყვდეული მეფის ასული არტემია და სხვა 21 პყრობილი.
რომაელმა ღვთისმსახურმა პაპი მარკელი საპყრობილიდან გააპარა. მან კვირიკეს, სამარაგდისა და ლარგიუსის ცხედრები ქრისტიანი ქალების, პრისკილასა და ლუკინას მამულში გადაასვენა, ლუკიანას სახლი კი ტაძრად აქცია.
იმპერატორის ტახტზე ასულმა მაქსენტიუსმა ბრძანა, დაენგრიათ ტაძარი და საქონლის სადგომად ექციათ, წმიდა პაპი კი ნახირის მწყემსად განაწესა. შიმშილით, ყინვით და სიმყრალეში გდებით გატანჯული წმიდა მარკელი დაავადდა და 310 წელს მიიცვალა.
წმიდა პრისკილა და ლუკინა უპატიოდ განდევნეს რომიდან, მათი მამულები კი დაარბიეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.