მღვდელმოწამე მარკელინი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: კლავდიუსი, კირინი და ანტონინე. იმპერატორების - დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს რომის პაპი იყო წმიდა მარკელინი. ღვთისმოძულე იმპერატორები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს: ერთი თვის განმავლობაში 17000-მდე ადამიანი ეწამა. შეიპყრეს პაპი მარკელინიც. წამების შიშით მან საკმეველი უკმია და მსხვერპლი შესწირა კერპებს. ამის შემდეგ იმპერატორმა მეგობრად მიიღო იგი და ძვირფასი სამოსით შემოსა. მარკელინს სინდისი ქეჯნიდა - სიტყვით ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენისკენ მოუწოდებდა სამწყსოს, საქმით კი სულმდაბლობის მაგალითი აჩვენა.
ამ დროს ქალაქ სინუისში (კამპანია) 180 ეპისკოპოსისა და ხუცესისგან შემდგარი კრება მიმდინარეობდა. ჯვალოთი მოსილი, თავზე ნაცარდაყრილი პაპი მარკელინი გამოცხადდა კრების სხდომაზე და ითხოვა, განესაჯათ იგი. კრების მამებმა უთხრეს: „თავად განსაჯე საკუთარი თავი. შენი ბაგეებიდან გამოსულმა სიტყვებმა შეგბილწეს და იმავე ბაგეებით წარმოთქმულმა სიტყვებმა განგწმიდოს. პეტრე მოციქულიც შიშის გამო განუდგა ქრისტეს, მაგრამ სინანულის ცრემლებით განბანილი კვლავ სათნოეყო უფალს“.
მაშინ მარკელინმა ასეთი სასჯელი დაიდო: „დაე, განვიკვეთო სამღვდელო მადლისგან მე უღირსი, სიკვდილის შემდეგ ჩემი ცხედარი არ დაიკრძალოს და ძაღლებს მიუგდეთ დასაგლეჯად. წყეულიმც იყოს ის, ვინც მოისურვებს მის დამარხვას!“
რომში დაბრუნებული მარკელინი იმპერატორთან გამოცხადდა, ფერხთით მიუგდო მისი ნაბოძები სამოსელი და უთხრა, მწარედ ვნანობო ქრისტესგან განდგომას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ და შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ წმიდანი.
სატანჯველთაგან მოუძლურებულმა მღვდელმთავარმა მხურვალე ლოცვებით ჰხადა მონანულთა შემწყნარებელ უფალს, შემდეგ კი მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ კლავდიუსი, კირონი და ანტონინე (+304).
წმიდა მარკელინის ცხედარი 36 დღე სრულიად უპატრონოდ იყო გარეთ. ახალარჩეულ პაპს, მარკელს წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა და უთხრა: „რატომ არ მარხავ მარკელინის გვამს?“ „მეშინია მისი შეჩვენებისა!“ - უპასუხა წმიდა მარკელმა. მოციქულმა პეტრემ ახლად არჩეულ პაპს წმიდანის პატივით დაკრძალვა უბრძანა.
პაპმა მარკელმა მარკელინის წმიდა ნაწილები პატივით დაფლა დიდგვაროვანი რომაელი ქალის, პრისკილას მიერ წმიდა მოწამეთა დასაკრძალად შემზადებულ აკლდამაში, სალარის გზის მახლობლად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.