წმიდა ბასიანე - ლავდიის ეპისკოპოსი (+409) სირაკუზის (სიცილია) ოლქის მმართველის შვილი იყო. მამა მას თავის შემცვლელად ამზადებდა, ამიტომაც განათლების მისაღებად რომში გაგზავნა. ბასიანეს სიყრმეშივე ბევრი სმენოდა ქრისტიანებზე და არ ასვენებდა მათი სწავლებისა და ცხოვრების წესის გაცნობის სურვილი. აქ, რომში მისი ცნობისწადილი დაკმაყოფილდა: ხუცესმა გორდიანმა ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა. ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს მან იხილა ემბაზთან მდგომი ანგელოზი, რომელსაც ხელთ სამოსელი ეპყრა ახალნათელღებულის შესამოსად. ბასიანემ კადნიერად ჰკითხა ზეციურ მხედარს, ვინა ხარო. ანგელოზმა უპასუხა, რომ ის უფალმა დიდი ხნის წინ გამოაგზავნა მასთან დასახმარებლად.
წმიდა ბასიანემ გაიმკაცრა ცხოვრების წესი: ცოტას ჭამდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა. მსახურებს თავიდან უკვირდათ ბატონის ამგვარი ქცევა, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ის ქრისტეს გზას შეუდგა და ამის შესახებ მამამისს აუწყეს. მამამ ბრძანა, უკანვე მოეგვარათ მისთვის შვილი. ამ დროს ბასიანე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ლოცულობდა. მოციქულმა გამოცხადებით ამცნო წმიდანს, დაეტოვებინა რომი. ბასიანემ ქონება ღატაკებს დაურიგა, ერთგულ ქრისტიან მონასთან ერთად რავენაში წავიდა და თავის ნათესავთან, ეპისკოპოს ურსთან დაემკვიდრა.
ურსმა ბასიანეს განმარტოებული ადგილი გამოუყო დასაყუდებლად - ქალაქგარეთ, მღვდელმოწამე აპოლონარიუსის სახელობის ტაძართან. წმიდანი სულიერად გასაოცარი სისწრაფით იზრდებოდა. თავისი სასწაულებით მან შორს გაითქვა სახელი. იმ ხანებში რავენის მსაჯულს ცილი დასწამეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. უსამართლოდ განწირული მოხელე ლოცვებში ბასიანეს ევედრებოდა შემწეობას. და მოხდა სასწაული. ჯალათმა, თავისდაუნებურად, ხელი უშვა მოსაკლავად აღებულ მახვილს და ხმალი განზე გავარდა. ასე განმეორდა სამგზის. იგივე დაემართა მეორე ჯალათსაც. როცა მომხდარის შესახებ იმპერატორს აუწყეს, მან ბრძანა, გაენთავისუფლებინათ პყრობილი. სასწაულებრივად გადარჩენილი სიკვდილმისჯილი ამტკიცებდა, რომ იგი წმიდა ბასიანეს ლოცვებმა იხსნა.
ქალაქ ლიდიის მცხოვრებლებმა ურსს სთხოვეს, ხუცესად ეკურთხებინა ბასიანე. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ კი საკათედრო ტაძრის მოძღვარ კლიმენტის გამოცხადებით ეუწყა, რომ წმიდანი მღვდელმთავრად უნდა დადგენილიყო. ქირეტონია აღასრულეს ამბროსი მედიოლანელმა და ეპისკოპოსმა ურსმა.
წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს სიტყვითაც მოძღვრავდა და საქმითაც: მისი ცხოვრება კეთილმსახურებით იყო გაბრწყინებული. ლიდიაში ბასიანემ წმიდა მოციქულთა სახელობის ბრწყინვალე ტაძარი ააგო. წმიდანი ამბროსი მედიოლანელთან (+397, ხს. 7 დეკემბერს) მეგობრობდა და ხშირი მიმოწერა ჰქონდა მასთან. იგი ამ ნეტარი მამის აღსასრულსაც დაესწრო და საკუთარი ხელით მიაბარა მიწას.
წმიდა მღვდელმთავარი ბასიანე მშვიდობით მიიცვალა 409 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.