ღირსი პეტრე ათონელი (+734) ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა. ამის შემდეგ პყრობილმა მკაცრი მარხვა დაიწყო, თან გულმოდგინედ ევედრებოდა მეოხებას ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს. ერთხელ, ძილში, წმიდა ნიკოლოზი გამოეცხადა მას და ურჩია, სვიმეონ ღვთისმიმრქმელისგან გამოეთხოვა შეწევნა. მეორე გამოცხადებით მღვდელმთავარმა იგი გაამხნევა და განამტკიცა, მესამეჯერ კი თავად სვიმეონ ღვთისმიმრქმელისგან ერთად წარსდგა მის წინაშე. მართალმა სვიმეონმა ხელის შეხებით ცვილივით გაალღო პეტრეს ბორკილები, შემდეგ კი საპყრობილის კარები განიხვნენ და პყრობილი გათავისუფლდა. სვიმეონი მაშინვე გაქრა, წმიდა ნიკოლოზმა კი საბერძნეთის საზღვრამდე მიაცილა, უფლისთვის მიცემული აღთქმა შეახსენა და გაუჩინარდა.
წმიდა პეტრემ რომს მიაშურა, მას მთელი გულით სურდა, მოციქულთა თავის - პეტრეს ლუსკუმასთან შეემოსა მონაზვნური სქემა. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედმა არ დატოვა იგი შეწევნის გარეშე - რომის პაპს გამოეცხადა ძილში და პეტრეს ბერად აღკვეცა დაავალა.
მეორე დღეს, ღვთისმსახურებაზე ტევა არ იყო რომის საკათედრო ტაძარში. მორწმუნეებს შორის მდაბლად იდგა და ჩვეული სასოებით ლოცულობდა პეტრე ათონელი. უეცრად ამბიონიდან პაპის ხმა გაისმა: „ჩემთან მოვიდეს საბერძნეთიდან ჩამოსული პეტრე, რომელიც წმიდა ნიკოლოზმა გაათავისუფლა საპყრობილიდან!“ პაპმა წმიდანი მისი დიდი თანამოსახელის ლუსკუმასთან აკურთხა ბერად, თავისთან დატოვა, მონაზვნური ცხოვრების წესს აზიარა, შემდეგ კი უფლის ნებას მიანდო. პეტრე აღმოსავლეთისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. გზაზე ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და აუწყა, რომ წმიდა ათონის მთაზე უნდა დამკვიდრებულიყო და იქ დარჩენილიყო აღსასრულამდე. როცა ხომალდი წმიდა მთას გაუსწორდა, თავისით გაჩერდა. პეტრე მიხვდა, რომ აქ უნდა ჩამოსულიყო. ეს მოხდა 681 წელს. ათონის ნახევარკუნძულის უდაბურ ადგილებში წმინდანმა 53 წელი გაატარა, ტანსაცმელი შემოეძარცვა, მაგრამ გრძელი თმები და წვერები უფარავდა სხეულს.
მრავალი განსაცდელი დაითმინა ღირსმა მამამ: თავდაპირველად ეშმაკები შეიარაღებული მეომრების, საშინელი მხეცების სახით ეჩვენებოდნენ და მოშთობითა და დაგლეჯით ემუქრებოდნენ. პეტრე უფლის და ღვთისმშობლისადმი აღვლენილი მხურვალე ლოცვებით იგერიებდა მათ შემოტევას. შემდეგ ბოროტმა მზაკვრობას მიმართა: მშობლიური სახლიდან გამოგზავნილი ყრმის სახით ეჩვენა წმინდანს და ევედრა, დაეტოვებინა უდაბნო და შინ დაბრუნებულიყო. ცრემლად დაიღვარა განდეგილი, მაგრამ ესღა უპასუხა: უფლისა და ღვთისმშობლის ნებით მოვედი აქ და მათი კურთხევის გარეშე ვერსად წავალო.
შვიდი წლის შემდეგ ეშმაკი ნათელმოსილი ანგელოზის სახით დადგა მეუდაბნოეს წინაშე და უთხრა „უფლის ბრძანებით, სოფელში უნდა გახვიდე გონებადაბინდული ხალხის განსანათლებლად და დასამოძღვრად!“ გამოცდილმა ბერმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, ღვთისმშობლის ბრძანების გარეშე ვერსად წავალო. ბოროტი გაუჩინარდა და ამის შემდეგ უკვე ვეღარ ბედავდა მასთან მიახლოებას. და აი, მაშინ ღვთისმშობელი გამოეცხადა ახოვან მოსაგრეს წმიდა ნიკოლოზთან ერთად და ამცნო, ყოველ მეორმოცე დღეს ანგელოზი მოგაწვდისო საზრდელს. მართლაც, ორმოცდღიანი მკაცრი მარხვით დამაშვრალ ბერთან უფლის ანგელოზს ციური მანანა მოჰქონდა და განამტკიცებდა მორიგი ღვაწლისთვის.
ერთხელ ირემს გამოდევნებული მონადირე ამ უკაცრიელ ადგილებში გადაეყარა შიშველ ადამიანს, რომელსაც სხეულს თმები უფარავდა, წელზე კი ფოთლები ჰქონდა შემორტყმული. ის შეშინდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ წმიდა პეტრემ შეაჩერა და თავისი ცხოვრების შესახებ მოუთხრო. გაოცებულმა ერისკაცმა სთხოვა ბერს, მეც დამტოვეო შენთან, მაგრამ წმინდანმა შინ დაბრუნება ურჩია მას და ერთი წელი მისცა საკუთარი თავის გამოსაცდელად, თან ნანახის მოყოლა აუკრძალა.
წლის თავზე მონადირე დაბრუნდა უდაბნოში ეშმაკეულ ძმასთან და სხვა მხლებლებთან ერთად. როცა ისინი მეუდაბნოის გამოქვაბულში შევიდნენ, ნახეს, რომ იგი უკვე გარდაცვლილიყო. მონადირე ცხარე ცრემლებით ატირდა და იქ მყოფთ მოუთხრო ღირსი მამის ცხოვრება. როცა მისი ძმა წმიდანის ცხედარს შეეხო, მეყსეულად განიკურნა. პეტრე ათონელი გარდაიცვალა 734 წელს. მისი უხრწნელი ნაწილები ათონზე, წმიდა კირილეს სავანეში განისვენებდნენ, მაგრამ ხატმბრძოლობის დროს გადამალეს. 969 წელს ნეშტი პატივით გადააბრძანეს თრაკიის სოფელ ფოტოკამში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.