წმიდა მოწამე დულა კილიკიელი ქალაქ პრეტორიადაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და კილიკიის ოლქის მმართველ მაქსიმესთან წარადგინეს სამსჯავროზე. სასამართლოს დაწყებამდე წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, კერპთაყვანისმცემლობის მხილების ძალა მიენიჭებინა მისთვის.
დაკითხვებში ნეტარი მარტვილი ახოვნად აღიარებდა ქრისტეს და გაბედულად განაქიქებდა წარმართთა ცრუ სჯულს. მმართველი გულმოდგინედ ცდილობდა, უარეყო ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ ვერ პოულობდა ძალას დულას მადლმოსილი სიტყვების წინააღმდგომად. ამით გააფთრებულმა უსჯულომ დაუნდობლად აწამა წმიდანი, ბოლოს კი საპყრობილეში გამოამწყვდია. ყოველ ახალ დაკითხვაზე მარტვილი სულითა და ხორცით გამხნევებული და განცხოველებული ცხადდებოდა. მსაჯულის წინაშე უკანასკნელად წარმდგარს ქვედა ყბა მოგლიჯეს, წვივები გადაუმტვრიეს, მმართველის ეტლს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს. ასე აღმოხდა სული უფლის სათნომყოფელს.
დულას დაფლეთილი სხეული მდინარეში გადააგდეს. ტალღებმა იგი წმიდანის მშობლიური ქალაქის ნაპირებთან გამორიყა. წმიდანის ნეშტი პატივით მიაბარეს მიწას.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.