ღირსი ორტისი ტაბენისიოტელი (+380) პახუმი დიდის (+348; ხს. 15 მაისს) მოწაფე იყო. მან ახალგაზრდობაშივე ისეთი დიდი სულიერი გამოცდილების დაგროვება მოასწრო, რომ მოძღვარმა ხენოვოსის კინოვიის იღუმენობა მიანდო. ერთხელ პახუმიმ ბერებს ღირსი ორტისის შესახებ უთხრა, იგი ოქროს სასანთლესავით ბრწყინავსო უფლის სახლში. პახუმი დიდის სიკვდილის შემდეგ წმიდა ორტისი საკუთარი ნების წინააღმდეგ ტაბენისიოტელი ძმების წინამძღვრად დაადგინეს. რადგან სავანის ბერების რიცხვი თანდათან მატულობდა, ღირსმა მამამ თავის თანაშემწედ თეოდორე დანიშნა, შემდეგ მონასტრის მამასახლისობა მთლიანად მას გადააბარა, თვითონ კი ხენოვოსის კინოვიას დაუბრუნდა. 365 წელს, ღირსი თეოდორეს სიკვდილის შემდეგ, მღვდელმთავარი ათანასე დიდი ღირს ორტისის და საძმოს წერდა: „ნუ სტირით, საყვარელო ძმებო, თეოდორეს გამო: იგი კი არ მომკვდარა, სძინავს. ნურავინ იცრემლება. ყველამ მიჰბაძოს მას. არ ეგების ტირილი მის გამო, ვინც იქ დაემკვიდრა, სადა არა არს ჭირი, მწუხარება. შენ კი, საყვარელო და ძვირფასო ორტისი, გწერ: „რადგან მან მიიძინა, სავანეზე ზრუნვა შენ იტვირთე, მისი მაგივრობა გაუწიე ძმებს. სანამ თეოდორე ცოცხალი იყო, თქვენ ხომ ერთსულ და ერთხორც იყავით“. ღირსმა ორტისიმ მღვდელმთავარ ათანასეს თხოვნა შეასრულა.
წმიდა მამა საღვთო წერილში ღრმად იყო ჩახედული და მჭევრმეტყველების საოცარი ნიჭი ჰქონდა. „მის სიტყვას, - წერდა ნეტარი მოსაგრის თანამედროვე, - თითქოს თანდათან ემატებოდა ძალა ძმათა ნუგეშინისსაცემად“. აბბა ორტისიმ სიკვდილის წინ ანდერძივით დატოვა წიგნი, სადაც თითქმის მთელი ძველი და ახალი აღთქმა იყო განმარტებული მონაზვნური საჭიროებებისათვის დართული მოკლე შენიშვნებით.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.