წმიდა ტიხონი, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. მშობლები ქრისტიანული ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ შვილს და საფუძვლიანად ასწავლიდნენ წმიდა წერილს. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი.
ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი სათავსო ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
ერთმა მებაღემ ვენახიდან ვაზის გამხმარი ყლორტები გადმოყარა. წმიდა ტიხონმა შეაგროვა ისინი, თავის ბაღში დარგა და უფალს შესთხოვა, ტოტები ეხარებინა და მათი ნაყოფისთვის კურნების უნარი მიენიჭებინა. ღმერთმა შეისმინა ჭაბუკის ვედრება: ვაზის ლერწები განედლდა, გაიზარდა და განსაკუთრებული გემოს მქონე, საოცრად ტკბილი მტევნები გამოისხა. მათგან წმიდანის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგაც საბარძიმე ღვინოს წურავდნენ.
კეთილმსახური ჭაბუკი ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი ამათუნტელმა მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკვნადაც დაასხა ხელი. მემნონის სიკვდილის შემდეგ მის კათედრაზე წმიდა ტიხონი აირჩიეს. ხიროტონია კვიპრელმა ეპისკოპოსმა ეპიფანემ (+403; ხს. 12 მაისს) აღასრულა.
წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა კვიპროსზე წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. წმიდა მღვდელმთავარი საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარები მუდამ ღია იყო მნახველებისთვის.
ამათუნტის საკვირველთმოქმედი ეპისკოპოსის სული 425 წელს მშვიდობით შეივედრა უფალმა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.