წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი სპარსელ დიდგვაროვანთა წრეს მიეკუთვნებოდნენ. წარმართი მამისგან განსხვავებით, მათი დედა კეთილმსახური ქრისტიანი იყო. მან მონათლა და მაცხოვრის მხურვალე სასოებით აღზარდა შვილები. როცა დავაჟკაცდნენ, ძმები სამხედრო სამსახურში ჩადგნენ. სპარსეთის მეფემ, ალამუნდარმა იმპერატორ იულიანე განდგომილთან (361-363) საზავო ხელშეკრულების დასადებად გაგზავნა ისინი. იულიანემ შესაფერისი პატივით მიიღო ელჩები, მაგრამ როცა მათ წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს, განრისხებულმა თვითმპყრობელმა დაარღვია კანონი და უცხო ქვეყნის დესპანები ავაზაკებივით საპყრობილეში ჩაყარა. დაკითხვაზე იულიანემ ძმებს უთხრა, თუ თქვენ წარმართული ღვთაებები გძულთ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანხმობის მიღწევა შეუძლებელიაო. წმიდანებმა უპასუხეს, რომ ისინი მეფემ სახელმწიფო დავალებით გამოგზავნა და არა ღმერთებზე სასაუბროდ. როცა ელჩების რწმენის სიმტკიცე იხილა, იმპერატორმა მათი სასტიკი წამების განკარგულება გასცა. ბოლოს, ქრისტეს ტარიგებს თავები მოჰკვეთეს. იულიანემ ბრძანა, დაეწვათ მათი ნეშტი, მაგრამ უეცრად ქვეყანა შეირყა, მიწა დასკდა და წმიდა ცხედრები თან ჩაიტანა. ორი დღის შემდეგ ქრისტიანთა გულმხურვალე ლოცვით დედამიწამ უკან გამოაბრუნა ნეტარი ძმების სხეულები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ. ამ სასწაულის მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მანუელის, საბაილისა და ისმაილის უხრწნელი ნაწილები. ეს მოხდა 362 წელს. ამ დროიდან მოყოლებული მათ საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.
როცა მეფე ალამუნდარმა შეიტყო, რომ იულიანემ მისი ელჩები დახოცა, ახლა კი სპარსეთთან საომრად მოეშურებოდა, აღდგა ქვეყნის დასაცავად - ცხარე ბრძოლა ბერძნების დამარცხებით დამთავრდა. სისხლისღვრას თავად უსჯულო იმპერატორიც შეეწირა - იგი დიდმოწამე მერკურის (ხს. 24 ნოემბერს) მახვილით განიგმირა.
30 წლის შემდეგ კეთილმსახურმა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (+395) კონსტანტინეპოლში წმიდა მოწამეების მანუელის, საბაილისა და ისმაილის სახელობის ტაძარი ააგო, კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა გერმანემ კი, მაშინ მღვდელ-მონაზონმა (ხს. 12 მაისს), მარტვილთა სადიდებელი კანონიც შექმნა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.