წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I) რომაელი მხედრები იყვნენ.
უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. მეფის ერთგულმა მოხელემ წმიდანის შესაპყრობად ტრიბუნი იპატი გაგზავნა მეომრების რაზმთან ერთად. გზაში ტრიბუნი მძიმედ დასნეულდა. როცა სულთმობრძავმა ჩათვლიმა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „თუ გსურს განიკურნო, მხედრებთან ერთად სამჯერ წარმოსთქვი: „შემეწიე, ლეონტის ღმერთო“. იპატი გამოფხიზლდა. ანგელოზი კვლავ მის წინაშე იდგა. „მე ლეონტის შესაპყრობად ვარ გამოგზავნილი, როგორღა ვხადო მის უფალს?“ - იკითხა გაკვირვებულმა ტრიბუნმა. სნეულმა მეომრებს მოუწოდა და ხილვის შესახებ მოუთხრო. მათ შეასრულეს ანგელოსთა ბრძანება და მოხდა სასწაული: სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე იპატი განიკურნა. სიხარულით აღტაცებული მხედრები ლხინსა და ღრეობას მიეცნენ. მხოლოდ ერთი მათგანი - ტრიბუნის მეგობარი, თეოდულე იჯდა განმარტოებით და მომხდარის არსზე ფიქრობდა. მან შესთხოვა იპატის, წასულიყვნენ ქალაქში, ნეტარი ლეონტის მოსაძებნად.
ტრიპოლში შესვლისთანავე მგზავრებს უცნობი კაცი შეხვდა, სახლში მიიწვია და გულუხვად გაუმასპინძლდა. როცა შეიტყვეს, რომ დამხვდური წმიდა ლეონტი იყო, იპატი და თეოდულე მუხლებში ჩაუვარდნენ მას და ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლით გაბრწყინვება ითხოვეს. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ანდრიანემ ბრძანა, მოეგვარათ მისთვის წმიდა ლეონტი, ტრიბუნი, იპატი და თეოდულე, ხოლო შემდეგ განკარგულება გასცა, წმიდა იპატი ძელზე ჩამოეკიდათ და რკინის ჩანგლებით ეჯიჯგნათ, ნეტარი თეოდულე კი არგნებით დაუზოგავად ეგვემათ. როცა ქრისტეს ტარიგთა სიმტკიცე იხილეს, მტარვალებმა მათ მახვილით მოჰკვეთეს თავები. წმიდა ლეონტი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოკეტეს, დილით კი მმართველის წინაშე წარადგინეს. სამსჯავროზე ადრიანე ცდილობდა, პატივისა და ჯილდოების აღთქმით ეცთუნებინა მხნე აღმსარებელი, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მისი მოდრეკის ყოველგვარი ცდა ამაო იყო და სატანჯველად გადასცა. წმიდა მოწამე მთელი დღე თავდაყირა ეკიდა, ყელზე ლოდგამობმული. მმართველმა ბრძანა, არგნებით მანამ ეგვემათ იგი, სანამ სული არ ამოხდებოდა. მარტვილის წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ მოისროლეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას ტრიპოლის მახლობლად. ეს მოხდა დაახლოებით 70-79 წლებში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.