ღირსი პაისი დიდი დაიბადა ეგვიპტეში, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. წმიდანის მამა ადრე გარდაიცვალა, დედამ კი ანგელოზის შეგონებით უმცროსი შვილი - პაისი ღვთისმსახურებს მიაბარა აღსაზრდელად. პაისიმ სიყრმეშივე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა წამოიზარდა, ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტს მიაშურა. აქ ნეტარმა სრულიად მოიკვეთა საკუთარი ნება და ყველაფერში მოძღვარს, წმიდა პამვას (ხს. 18 ივლისს) ემორჩილებოდა. მოსაგრე გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, მოუკლებლად ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, თავდაპირველად იგი კვირაში ერთხელ იღებდა საზრდელს, შემდეგ - ორ კვირაში ერთხელ, ზოგჯერ კი, წმიდა ზიარების მიღების შემდეგ, მთელი სამოცდაათი დღის მანძილზე რჩებოდა უსმელ-უჭმელი. პაისი წმიდა პამვას სიკვდილამდე ამ სავანეში ცხოვრობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, ნიტრიის უდაბნოს სიღრმეში შევიდა და საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დაეყუდა. აქ ნეტარი მამა საოცარი ჩვენების ხილვის ღირსი შეიქმნა: თავად უფალმა იესო ქრისტემ განუცხადა, რომ მისი ღვაწლის მეოხებით მთელი უდაბნო სულიერ მოღვაწეთა სამკვიდრებლებით მოიფინებოდა. პაისი გაკადნიერდა ეკითხა, როგორ შეძლებენო ისინი არსებობას ამ უსიცოცხლო გარემოში. უფალმა მიუგო: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავენ, მე თვითონ მივაწვდი მათ ყველაფერ აუცილებელს და ბოროტის საცთურთა მახესაც განვარიდებ!“
თანდათან წმიდა მამის ირგვლივ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები შემოიკრიბნენ და მონასტრებიც დაარსდა. წმიდა მამას სული დაუმძიმა მდუმარების აღთქმის დარღვევამ და უფრო შორეულ მღვიმეში გადასახლდა.
დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის წმიდანს სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა: ერთხელ, მისი კურთხევით ეგვიპტეში ხელსაქმის გასაყიდად წასულ ბერს გზად ერთი ებრაელი დაემგზავრა. იგი გულმართალ მონაზონს ჩასჩიჩინებდა, ქრისტე მაცხოვარი არ არის მესია, სხვა, ჭეშმარიტ მხსნელს უნდა მოველოდეთო. ბოლოს მოწესემ დაეჭვებით თქვა: „შესაძლოა მართალიცაა, რასაც ლაპარაკობ“, მაგრამ თავისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. სავანეში დაბრუნებულ ბერს წმიდა პაისიმ მწუხარებით მიმართა: „ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, შენ კი ქრისტიანი აღარა ხარ - ნათლისღების მადლი განგეშორა“. მონაზონი სინანულში ჩავარდა და მწარედ აცრემლებულმა შენდობა ითხოვა. მხოლოდ მაშინ დადგა წმიდა მამა ლოცვად და უფლისგან სულიერი შვილისათვის ცოდვის ახსნა გამოითხოვა.
ღირსი პაისი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დაეფარა თავისი ღვაწლი. ძმების შეკითხვაზე, რომელი სათნოებააო ყველაზე აღმატებული, წმიდანი პასუხობდა: „ის, რომელიც ფარულად აღესრულება და რომლის შესახებაც არავინ უწყის“.
ღირსი პაისი V საუკუნეში მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. ბერებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ისიდორე პელუსიოტელმა (ხს. 4 თებერვალს) ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები თავის სავანეში გადაასვენა და მისი სულიერი მეგობრის, ღირსი პავლე მეუდაბნოეს ნეშთის გვერდით დააბრძანა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.