წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი მაქსიმიანე გალერიუსის მეფობაში (305-311) ეწამნენ ქრისტესთვის.
არისტოკლე ხუცესი, რომელიც ქალაქ ტამასის მკვიდრი იყო, საკათედრო ტაძარში მსახურობდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, მოსალოდნელი წამების შიშით იგი მთებში გაიხიზნა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ერთხელ, ლოცვის დროს, წმიდანს ნათელი მოეფინა და ჩაესმა უფლის ბრძანება, რომელიც კუნძულ კვიპროსზე დაბრუნებისა და ქრისტესთვის მარტვილობისკენ მოუწოდებდა. არისტოკლე მორჩილად დაჰყვა ზეციურ კურთხევას. წმიდანმა გზად მოციქულ ბარნაბას სახელობის ტაძარში შეიარა, აქ დიმიტრი დიაკონსა და ათანასე წიგნისმკითხველს შეხვდა და ჩვენების შესახებ მოუთხრო. დიმიტრიმ და ათანასემ გადაწყვიტეს, მასთან ერთად დაეთხიათ სისხლი ყოვლადსახიერი ღვთის სადიდებლად.
ქალაქ სალამინში ჩამოსულმა წმიდანებმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყეს, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს ისინი და მმართველს წარუდგინეს. ეს უკანასკნელი მალე დარწმუნდა, რომ აღმსარებელთა მოდრეკა შეუძლებელი იყო და ბრძანა, არისტოკლესთვის თავი მოეკვეთათ, დიმიტრი და ათანასე კი დაეწვათ. მოწამეებს ცეცხლმა ვერაფერი ავნო, ბოლოს მათაც მახვილით წარკვეთეს თავები. მარტვილები 306 წელს აღესრულნენ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.